„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საკრებულოს თანამდებობის პირთა რაოდენობის ზრდის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეშფოთება გამოხატა იმ ცვლილებების პროექტის თაობაზე, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირთა, კერძოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს.

ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო, ყველა მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის სამამდე ზრდას ითვალისწინებს. ამჟამად, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს, საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა ორი მოადგილე ჰყავდეს, უფრო მცირე მუნიციპალიტეტის საკრებულოებში კი – მხოლოდ ერთი. თბილისში ეს რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის. ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 64 საკრებულოში სულ 73 თავმჯდომარის მოადგილეა. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში კი – მათი რაოდენობა 195-მდე გაიზრდება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტებში 2022 წლიდან დაგეგმილ ხელფასების ზრდასთან ერთად, ახალი დანიშვნები და ასევე საწვავის, სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინებისა და სხვა ხარჯები „კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ადგილობრივ მწირ საბიუჯეტო რესურსებს”.

ორგანიზაციის თქმით, ცვლილებების მიზანი საკრებულოებში არჩეული მმართველი პარტიის აქტიური წევრების თანამდებობებით უზრუნველყოფა და სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებაა.

„ეს კიდევ უფრო გააუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს და პოლიტიკური კონკურენციის პირობებს ქვეყნის რეგიონებში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას, ისედაც გაცილებით მეტ რესურსზე მიუწვდება ხელი, ვიდრე ოპოზიციას“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“.

საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „მინიმალურია იმის გარანტია“, რომ ახალი თანამდებობის შემოღება ხელს შეუწყობს საკრებულოს საქმიანობისა თუ აღმასრულებელ ორგანოებზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდას.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ამჟამად ჰყავს ერთი მოადგილე, ფრაქციის ყოველ 5 წევრზე უფლებამოსილი იქნება, ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ასევე, ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით არჩეულ საკრებულოს წევრებს ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ ექნებათ.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან თანამდებობის პირები და იღებენ შესაბამის ხელფასს, მაგრამ აღარ ავსებენ დეკლარაციას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც კიდევ უფრო ართულებს ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)