თავდაცვის მინისტრი უნგრეთს სტუმრობს 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთში იმყოფება, სადაც 18 ნოემბერს უნგრელ კოლეგას, ტიბორ ბენკოს შეხვდა და აშშ-ისა და უნგრეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობების მიერ ორგანიზებული მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენციას დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა უსაფრთხოების საკითხები, ასევე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს. მინისტრმა ბურჭულაძემ კოლეგას მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა მიზანიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში უნგრეთის მხრიდან გაწეულ დახმარებასა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას საერთო მიზნები და გეგმები აქვთ, და დასძინა, რომ „ჩვენ ერთი მიმართულებით მივდივართ, რათა მყიფე საერთაშორისო მშვიდობის დასტაბილურებაში ჩვენი როლი ვითამაშოთ“.

„ქართულ მხარეს ასევე გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას იმ გზის შესახებ, რომელიც უნგრეთმა და უნგრეთის არმიამ ნატოში გაწევრიანების დროს აირჩია“, – განაცხადა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა.

იმავე დღეს, ჯუანშერ ბურჭულაძე სიტყვით გამოვიდა მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენციაზე, რომელიც უნგრეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ინსპექტორატისა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ორგანიზებით გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო, სამოქალაქო და საერთაშორისო ძალისხევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მედეგობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაძლიერებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც „არა მხოლოდ გააუმჯობესებს საქართველოს თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობებს, არამედ ხელს შეუწყობს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას“.

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, გენერალ რიჩარდ კლარკს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)