სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხელისუფლებას სააკაშვილის სიცოცხლისა და ღირსების დაცვისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დღეს მოუწოდა ხელისუფლებას, რომ „მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად“.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 18 ნოემბერს, გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
ინსპექტორის სამსახურის თქმით, უწყებაში მიმდინარე გამოძიების პარალელურად, „არსებითად მნიშვნელოვანია დაცული იყოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი პატივი, ღირსება და უსაფრთხოება“.
ინსპექტორის სამსახურისვე ინფორმაციით, უწყებამ 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის ისეთ პირობებში განთავსების შესახებ მიმართა, „სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა“.
ინსპექტორის სამსახურმა წუხილი გამოთქვა, იმის გამო, რომ უწყებას კანონმდებლობით არ აქვს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის იმპერატიული მოთხოვნის უფლება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იმედი გამოთქვა, რომ „ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“.
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა მულტიპროფილურმა ჯგუფმა 17 ნოემბერს გამოქვეყენბულ დასკვნაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულობის გათვალისწინებით, ექსპრეზიდენტს გადაყვანა „დაუყოვნებლივ“ სჭირდება მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ იგი უკვე 50-ე დღეა შიმშილობს.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართული ოცნების დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას განიხილავენ
- აშშ სააკაშვილისთვის სათანადო მოპყრობას და სასამართლოზე დასწრებას ითხოვს
- სააკაშვილმა დროებით გონება დაკარგა
- სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის მოპყრობასა და პერსონალურ მონაცემებზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)