სტრასბურგი რუსეთის წინააღმდეგ საქმეს დამატებითი მტკიცებულების მიღების შემდეგ განიხილავს 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ნოემბერს რუსეთთან 2008 წლის ომში დაზარალებულთა საქმეებზე  გამოაქვეყნა განჩინება „ჯიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც აღნიშნა, რომ საქმის დასაშვებობაზე განჩინების მისაღებად მას დამატებითი მტკიცებულებები სჭირდება.

სასამართლო, რომელმაც ყველა წარდგენილი განაცხადის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო, ახლა ხელახლა იმსჯელებს განაცხადის დასაშვებობაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია, მათ შორის, ეთნიკური ქართველებისთვის საკუთარ სახლებსა და ქონებაზე წვდომის შეზღუდვის გზით.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ სტარსბურგში 400-ზე მეტი პირის განაცხადი  2009 წელს გააგზავნა. სტრასბურგის სასამართლომ 59 განმცხადებელთან მიმართებით გამოიტანა განჩინება. „უფლებები საქართველომ“ 19 ნოემბერს განმარტა, რომ სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის დასაშვევობაბზე განჩინების მისაღებად მას დამატებითი მტკიცებულებები სჭირდება, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა), მე-4 დამატებითი ოქმის  მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება), მე-13 მუხლთან  (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა)  ერთობლიობაში.

თუმცა, სასამართლომ დაუშვებლად ცნო განმცხადებელთა საჩივრები კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), მე-4 მუხლის (მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა), მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) დარღვევასთან დაკავშირებით.

განმცხადებელთა მტკიცებით, რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, მათი სახლები და სხვა ქონება დაზიანდა ან განადგურდა და მათ დღემდე არ აქვთ წვდომა საკუთარ სახლებსა და ქონებაზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ არ არსებობს მათი სამართლებრივი დაცვის ეფექტური შიდა მექანიზმები და რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების აღსრულებისას ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)