გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს
უკრაინელმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ვოლოდიმირ ზოლკინმა განაცხადა, რომ იგი ყოველგვარი განმარტების გარეშე არ შემოუშვეს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მას საზღვრის გადაკვეთისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი ჰქონდა. ზოლკინი კიევში იმავე თვითმფრინავით დააბრუნეს, რომლითაც იგე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18 ნოემბერს ჩამოფრინდა.
ჟურნალისტის მტკიცებით, „საქართველოს ხელისუფლება არ აძლევს უცხოურ მედიას საშუალებას, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება გააშუქოს და ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც არ შემომიშვეს“.
ზოლკინი თბილისში „ქართული ლეგიონის“ მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად ჩამოფრინდა. მამულაშვილმა თბილისის აეროპორტში „ტელეკომპანია პირველს“ უთხრა, რომ იგი თბილისში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა, რათა საპროტესტო აქციებში მიეღო მონაწილეობა.
„კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის“ უკრაინელი ჟურნალისტის აეროპორტიდან გაბრუნების თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებას „საგანგაშო“ უწოდა. კოალიციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლებას და უკრაინელი ჟურნალისტების უფლებას შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე.
შინაგამ საქმეთა სამინისტროს საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
მანამდე ოქტომბერში, საქართველოში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი არ შემოუშვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)