სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება კობახიძეს ექიმებზე „უპრეცედენტო ზეწოლის“ გამო აკრიტიკებს
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექიმებზე „უპრეცედენტო ზეწოლის“ გამო გააკრიტიკა.
18 ნოემბერს ქართული ოცნების თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და შესაძლო შედეგებზე „პირდაპირი პასუხისმგებლობა“ მათ დააკისრა.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს „უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა“.
„კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობით და ჯანმრთელობით“, – ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში.
განცხადებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 24 წევრი, ასევე ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია აწერს ხელს.
18 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატმა ქართული ოცნების თავმჯდომარე „დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობის“ გამო გააკრიტიკა.
ასევე წაიკითხეთ:
- სახალხო დამცველი ირაკლი კობახიძეს „დაშინების“ მცდელობის გამო აკრიტიკებს
- ირაკლი კობახიძე ექიმთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკს“ უწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)