ულტრამემარჯვენეებმა რუსეთთან მოკავშირეობის მოსურნე პარტია დააფუძნეს
მედიასაშუალება „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ანტილიბერალური, ანტილგბტ და ანტიმუსლიმური დამოკიდებულებებით გამორჩევიან, 20 ნოემბერს პოლიტიკური პარტია სახელად „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნეს.
ჯგუფმა განსაკუთრებული ყურადღება 5 ივლისს ორგანიზებული ძალადობრივი აქციის შემდეგ მიიპყრო, რა დროსაც 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მასზე ფიზიკური ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, რომელიც საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე, გიორგი ქარდავა კი – გენერალურ მდივნად აირჩიეს. ახლადდაფუძნებული პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან – ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვალია. ამასთან, გიორგი მორგოშია, ალექსანდრე ქარდავა და ემრე ქუჩუქი სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს. ეს უკანასკნელი ალფა დომინანტის სახელით გავრცელებული ანტილიბერალური და ანტიფემინისტური ვიდეობლოგებით არის ცნობილი. საგულისხმოა, რომ პარტიის მმართველ რგოლი მხოლოდ მამაკაცებით დაკომპლექტდა.
პარტიის ლიდერთა მიმართვები
პარტიის ერთ-ერთმა დამფუძენებელმა, ულტრამემარჯვენე შეხედულებებით ცნობილმა კონსტანტინე მორგოშიამ, რომელიც ყრილობას თავმჯდომარეობდა, განაცხადა – „5 ივლისი, დღე, როდესაც მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ საქართველოში ლიბერალური დიქტატურის დასასრული დაიწყო. დღე, როდესაც მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მიუხედავად მილიარდობით ინვესტიციებისა, რომლებიც ჩადებულია პირდაპირ ერის გახრწნაში, მართლმადიდებლობასთან და რელიგიასთან ბრძოლაში, ჩაიყარა წყალში და ეს იყო ყველაფერი ფუჭი“.
ხაზი გაუსვა რა პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლის აუცილებლობას, მორგოშიამ დასძინა, რომ „არ შეიძლება, რომ უძველეს მართლმადიდებლურ ქვეყანაში ტრენდად იქცეს ის, რომ გინდ ჟურნალისტებმა, გინდ პოლიტიკოსებმა გაბედონ თავდასხმა ეკლესიაზე და ღმერთზე“.
მორგოშიას მტკიცებით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, როგორც „სააკაშვილის რეჟიმი“, ისე ქართული ოცნება. მისი მტკიცებით, ისინი „იღებენ დირექტივებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და, ფაქტობრივად, არ უსმენენ ქართველ ხალხს“. მისივე თქმით, კონსერვატიული მოძრაობა არის, პოლიტიკური ძალა, „რომელიც იქნება პროქართული“.
მანვე აღნიშნა, რომ ახალი პარტია ყრილობებს სოხუმსა და ცხინვალშიც ჩაატარებს. „ჩვენ დავიწყებთ საუბარს ოკუპანტთან, პირდაპირ, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე“, – ხაზი გაუსვა მორგოშიამ და დასძინა – „იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა გადავჭრათ პრობლემა აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ჩვენ უნდა ვესაუბროთ მათ პირდაპირ, ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც ამას აგვიკრძალავს“.
მორგოშიამ ასევე განაცხადა, რომ , „ჩვენ ვერავინ ვერ გვასწავლის ვერც ტოლერანტობას, ოღონდ ზომიერად“ და ამის მაგალითად ებრაელ ხალხთან „26 საუკუნოვანი ძმობა“ დაასახელა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ პარტიის ყრილობას ესწრებიან „ჩვენი სომეხი, აზერბაიჯანელი, ებრაელი ძმებიც“, იმიტომ, რომ „საქართველო ეროვნული იდეების აკვანია და ამ ხალხთან ერთად ვაპირებთ იმ დიდი კონსერვატიული ერთობის შექმნას, რომელიც დაასრულებს ლიბერალურ დიქტატურას საქართველოში“.
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
- Facebook-მა პატრიოტთა ალიანსთან და „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ქსელები წაშალა
- „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ფილმის ჩვენება რადიკალური ჯგუფების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ სიტყვით გამოსვლისა თქვა, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე კონსერვატიული მოძრაობა იქნება „გამონაკლისი“, რომელიც „საკუთარ პოლიტიკურ მომავალს, საკუთარ ბედს დაუკავშირებს არა რომელიმე გარე ქვეყნის საელჩოდან წამოსულ დირექტივას, არამედ თქვენს ნებას“.
„ჩვენ ვართ დე ფაქტო ვასალების მდგომარეობაში, ქართველ პოლიტიკოსებს უფრო მეტად ანაღვლებთ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი დასავლეთში ინტეგრაცია, ვიდრე ის, საქართველოს ინტერესი რა არის“, – განაცხადა მახარაძემ და იქვე დაამატა – „მე არ მესმის, როგორ უნდა იყო, ან რუსეთუმე, ან პრო-ამერიკელი, ან პრო-ევროპელი, ქართველი უნდა იყოს პროქართული ორიენტაციის“.
მახარაძემ უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, „უკიდურესი სიდუხჭირე“ და დემოგრაფიული მდგომარება ქვეყნის მთავარ პრობლემებად დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ „ყველა ამ პრობლემის გასაღები არის კონკრეტულ ადგილას – ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დედაქალაქი. კრემლში წყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ აფხაზ და ოს ძმებთან, მაგრამ მაგ კონფლიქტის გასაღები რომ მოსკოვშია. [ვინც] ვერ ხვდება, შტერია და თუ ხვდება და არ აღიარებს, მავნებელია“, – განაცხადა მანვე.
„თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული ურთიერთობა, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, მზად ვართ ვიმუშაოთ, რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ მჭიდრო პარტნიორული და მოკავშირე ურთიერთობა… მზადა ვართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი ხაზის პარალელურად, ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს ინტეგრაციაზე, რაც მათი ინტერესია, ვისაუბროთ იმ ეკონომიკური სისტემის ფარგლებში ინტეგრაციაზე, რაც მათი ინტერესია. ოღონდ, ეს ყველაფერი [უნდა] მოხდეს საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური წინსვლის და ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების ხარჯზე“, – თქვა მახარაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)