19 ნოემბერი: სტრასბურგმა მთავრობას დაავალა სააკაშვილის გადაყვანაზე ომბუდსმენის ექიმთა დასკვნით ემოქმედა
23 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19 ნოემბრის დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლითაც სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაავალა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის დასკვნა გაითვალისწინებინა და მოშიმშილე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილიან კლინიკაში გადაეყვანა
განახლებული დროებითი ღონისძიება იმ დღით თარიღდება, როდესაც ხელისუფლებამ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. დროებითი ღონისძიების მიხედვით, „ა) მოსარჩელემ [სააკაშვილმა] დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და ბ) მთავრობამ მას უნდა გაუწიოს, ახალ, შეცვლილ სამედიცინო გარემოებებზე დაყრდნობით, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, 2021 წლის 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასების გათვალისწინებით“.
დოკუმენტის თანახმად, სასამართლომ ორივე დამოუკიდებელი დროებითი ღონისძიება უპირობოდ მიიჩნია. სწორედ 17 ნოემბერს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის დასკვნა, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო და რომ იგი სამკურნალოდ გლდანის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილიან კლინიკაში გადაეყვანათ.
პირველი დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილება სტრასბურგმა 10 ნოემბერს გამოაქვეყნა, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაჟინებით სთხოვა შიმშილობის შეწყვეტა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხის საავადმყოფოში მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე. თუმცა, ამ გადაწყვეტილებით, მაშინ ხელისუფლებას არ დავალებია სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე ისიც დაწერა, რომ მისმა აპარატმა ახლახან შეიტყო სააკაშვილის თაობაზე განახლებული დროებითი ღონისძიების შესახებ. თუმცა, მისი აზრით, ხელისუფლებას ამის შესახებ, შესაძლოა, 19 ნოემბერს ან უფრო ადრეც სცოდნოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)