ადგილობრივები რაჭაში მანგანუმის დაგეგმილ მოპოვებას აპროტესტებენ
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის ადგილობრივმა მკვიდრებმა და მათმა მხარდამჭერებმა 21 ნოემბერს, დაახლოებით, 150 ჰექტარ მიწაზე მანგანუმის მოპოვების დაგეგმილი სამუშაოების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ივლისში წიაღის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე გაყიდული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ორი ათწლიანი ლიცენზიის გაბალითება მოითხოვეს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ წიაღისეულის მოპოვება ლანდშაფტს გაანადგურებს, უარყოფითად აისახება ბიომრავალფეროვნებაზე, ჰაერს და წყალს დააბინძურებს, ხოლო თავად ადგილობრივები საძოვრებს, სახნავ და სათიბ მიწებს დაკარგავენ.
„ჩვენი სოფლის გადათხრა უნდათ და ამიტომ ვიცავთ… ჩვენი ქვეყანა ადამიანებისთვის არის და არა იმისთვის, რომ ვიღაცა ერთმა ადამიანმა, ერთმა კომპანიამ გაისქელოს ფულით ჯიბე ამ ადამიანების ხარჯზე, ამ სოფლის ხარჯზე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ცოტნე გლოველმა.
მოგვიანებით, ტელეკომპანია „მაუწყებელთან“ საუბრისას გლოველმა აღნიშნა, რომ ადგილობრივების პროტესტი გაგრძელდება და სულ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება მასში.
პროტესტის ორგანიზება
შქმერში მანგანუმის მოპოვების ოპონენტებმა ბოლო თვეების განმავლობაში პროტესტს ორგანიზება გაუწიეს, მათ შორის, Facebook-ზე ჯგუფის „შქმერისთვის“ შექმნის გზით. 22 ნოემბრის მდგომარეობით, ჯგუფს უკვე 3 900 წევრი ჰყავს.
აქციის შესახებ ინფორმაცია 8 ნოემბერს გავრცელდა. პროტესტში დაახლოებით 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება შქმერის თემის ამჟამინდელ მკვიდრთა რაოდენობას, რომელიც შქმერთან ერთად კიდევ ორ სოფელს – უშოლთას და ხარისთვალს აერთიანებს. სამივე სოფელი ონის მუნიციპალიტეტში შედის.
მანგანუმის მოპოვების სამუშაოების წინააღმდეგ წამოწყებული მოძრაობა გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორი არასამთავრობო ორგანიზაციის – „მწვანე ალტერნატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ასევე სოციალური მოძრაობების – „მწვანეების“ და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს.
აქციას მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები – ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი და მაკა სულაძე ესწრებოდნენ. თავად ეს მოძრაობა, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში აქციებს ნამახვანჰესის სადავო პროექტის წინააღმდეგ მართავდა.
წიაღისეულის მოპოვების სადავო ლიცენზიები
„მწვანე ალტერნატივამ“ 18 ოქტომბერს წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული და 9 ივლისით დათარიღებული ორი ბრძანება გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ სოფელ შქმერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (მანგანუმის) შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიები ორ კომპანიას მისცეს.
შპს „მნ ნორთიმ“ 130.2 ჰექტარ მიწაზე განთავსებულ რვა უბანზე, მათ შორის, შქმერსა და ხარისთვალს შორის მდებარე მცირე ტერიტორიაზე სამუშაოების განხორციელების ნებართვა მიიღო. შპს „ტექნოლოჯი 2021“-მა იმავე სამუშაოების ნებართვა სოფელ შქმერის მახლობლად, 22.9 ჰექტარ მიწაზე მიიღო.
ლიცენზიის პირობების თანახმად, კომპანიებს მოპოვების სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე არსებული მანგანუმის საბადოების შესასწავლად სამი წლის ვადა ეძლევათ.
ორივე კომპანიამ საჯარო რეესტრს 2 ივლისს მიმართა და მათი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად რეგისტრაცია 5 ივლისს დასრულდა – აუქციონში მონაწილეობამდე ორი დღით ადრე და ოფიციალური ნებართვის მიღებამდე ოთხი დღით ადრე.
ორივე კომპანიის მთავარი აქციონერი გიორგი ჟამუტაშვილი, ხოლო ფინანსური დირექტორი ნინო ჩანადირი და გენერალი დირექტორი გიორგი ნინიკაშვილი არიან.
სარჩელი ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ
აქციის გამართვამდე, „მწვანე ალტერნატივამ“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და შქმერის მკვიდრმა გრიგოლ გაგნიძემ 18 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანეს და სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაუქმება მოითხოვეს.
მათი თქმით, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ. კერძოდ, დარღვეულია კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ორჰუსის კონვენცია), რომლის ხელმომწერი საქართველოცაა.
სარჩელის თანახმად, ხელისუფლებას ადრეულ ეტაპზევე უნდა ეცნობებინა საზოგადოებისთვის დაგეგმილი სამუშაოების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ – კონვენციის დებულება, რომელიც არ შესრულდა.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ადგილობრივები არც გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყვნენ ჩართულნი.
ეკონომიკის სამინისტროს სარჩელთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
არასამთავრობოების თქმით, ადგილობრივებს რეპრესიები ემუქრებათ
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „მწვანე ალტერნატივამ“ 26 ოქტომბერს განაცხადეს, რომ კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალე და ჩართულობითი პროცესის უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფო უწყებებმა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ „რეპრესიული ზომები“ გამოიყენეს.
ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ლიცენზიების გაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის იანვარში, ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. კერძოდ, ადგილობრივებს, ვინც საკუთარ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწები 2018-2020 წლებში კანონიერად დაიმტკიცეს, სახელმწიფო ახლა ამ მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დარეგისტრირებას ედავება.
არასამთავრობოებმა ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ივნისში პროკურატურამ ყველა ბრალდებულთან – შქმერში მცხოვრებ 5 პირთან და ონის მუნიციპალიტეტის მერიის 4 თანამშრომელთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის შედეგადაც ბრალდებულებს ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, სახელმწიფომ კი მიწები – საკუთრებაში დაიბრუნა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „მწვანე ალტერნატივამ“ განაცხადეს, რომ სადავო მიწები სწორედ მანგანუმის მოპოვების სალიცენზიო კონტურებს ემთხვევა და დასძინეს, რომ სისხლის სამართლის საქმეები ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე აღიძრა.
პროკურატურამ „სამოქალაქო საქართველოს“ ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
სოციალური პროტესტი მწვავდება
შქმერში მანგანუმის დაგეგმილი მოპოვების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით წლის განმავლობაში არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები, მიუხედავად არჩევნების ორი მწვავე ტურისა და მასთან დაკავშირებული მღელვარე პოლიტიკური მოვლენებისა თბილისში.
2021 წელს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა რიონის ხეობაში დაგეგმილი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. მოგვიანებით, ინვესტორმა საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი შეწყვიტა, თუმცა ხელისუფლება მაინც აპირებს პროექტის განხორციელებას. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პროექტში დარჩენის თაობაზე ინვესტორთან მოლაპარაკებების განხორციელების იდეაც გააჟღერა.
წლის განმავლობაში კიდევ ერთი საპროტესტო ტალღა იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთშიც, სადაც მოსახლეობა დაახლოებით 100 დღის განმავლობაში მადნის მოპოვებითი სამუშაოებისას მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას აპროტესტებდა.
შქმერში მოპოვების სამუშაოების წინააღმდეგ არგუმენტად ადგილობრივებს ხშირად ჭიათურაში არსებული მძიმე სოციალური და გარემოსდაცვითი სიტუაცია მოჰყავდათ, სადაც მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები უკვე წლებია მიმდინარეობს და ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ ასახულა.
„ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი შქმერის ერთიანობას, არანაირად არ მოხდება, რომ გადაგვითხარონ, ტრაქტორს გავუწვები წინ“, – უთხრა შქმერის საპროტესტო აქციის ლიდერმა, ცოტნე გლოველმა ჟურნალისტებს 21 ნოემბერს და დასძინა – „ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ჩემი მიწა-წყალი“.
ასევე წაიკითხეთ:
- კომპანია „ენკა“ საქართველოსთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე კონტრაქტს წყვეტს
- ჭიათურელები შიმშილობას აშშ-ის საელჩოს წინ განაგრძობენ
- ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)