გერმანიის მომავალი მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას
კოალიციური მთავრობის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ შეთანხმებაში, გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკარტებმა განაცხადეს, რომ მათი მთავრობა ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან იმუშავებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის განვითარებისათვის.
ამასთან, გერმანიის მომავალი კოალიციური მთავრობის მიხედვით, „უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისაკენ, უნდა ჰქონდეთ მასთან დაახლოების შესაძლებლობა კანონის უზენაესობასა და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული რეფორმების გზით“.
შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ „ჩვენ გადამწყვეტ რეაგირებას მოვახდენთ დემოკრატიის მხრივ უკანგადადგმულ ნაბიჯებზე და დემოკრატიული მოძრაობების საიმედო პარტნიორი ვიქნებით“.
გერმანიის სათავეში მალე ე.წ. „შუქნიშნის კოალიციამ“ (წითელი – სოციალ-დემოკრატების, ყვითელი – თავისუფალი დემოკრატების, მწვანე – მწვანეთა პარტიის ფერების გამო – რედაქტორის შენიშვნა) უნდა მოვიდეს, რომლის კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი იქნება. შოლცმა ქრისტიან-დემოკრატი ანგელა მერკელი უნდა შეცვალოს, რომელიც ქვეყანას 16 წელიწადს მართავდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)