ოპოზიცია და აქტივისტები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 25 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართეს.

პროტესტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 24 ნოემბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოში მათი თანაგუნდელის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამდე, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი – ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე მის გადაბირებას ცდილობდნენ. ამის დასამტკიცებლად, პარტიამ 46-წუთიანი საუბრის ჩანაწერიც გამოაქვეყნა.

პროტესტანტები დღეს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლისა და თბილისში, ქართული ოცნების ოფისის წინ შეიკრიბნენ. გარდა თორნიკე რიჟვაძის გადადგომისა, ისინი ხელისუფლებას ნუგზარ ფუტკარაძეზე სავარაუდო ზეწოლის საქმის გამოძიებასა და სამართლის აღსრულებას ითხოვენ.

ბათუმში, შეკრებილებისადმი მიმართვისას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საკრებულოს არჩეულმა დეპუტატმა, რევაზ ხარაზმა თქვა, რომ „ნუგზარ ფუტკარაძე არის ერთი ადამიანი, რომელიც გაწირა სისტემამ. თქვენ ნახეთ ჩანაწერები, ეს ბაბუინები როგორ კლავენ ადამიანს“.

ხარაზმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების გასაჯაროებიდან უკვე 24 სთ გავიდა, „გამოძიება [ამ დრომდე] არ არის დაწყებული“.

ფუტკარაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მას დიაბეტი აწუხებდა, სავარაუდოდ, იგი ზეწოლის ფონზე მიღებული სტრესის შედეგად მაღალი შაქრით გარდაიცვალა.

თბილისში, ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის წინ დღეს საპროტესტო აქცია ოპოზიციურმა პარტია დროამ დაგეგმა. დღესვე, მოგვიანებით, პარტია აქციის გამართვას პროკურატურასთანაც გეგმავს.


დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 18 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და სასჯელი მაქსიმალურ ზომად 2-4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებისვე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ჩანაწერების ფაქტზე გამოკითხვაზე დაბარებულნი არიან პარტიის შემდეგი წევრები – გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.

საგულისხმოა, რომ აქამდე „სამოქალაქო საქართველომ“ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება შსს-ში გუშინ სცადა, თუმცა უწყებამ პასუხისგან თავი შეიკავა.

შენიშვნა: მასალა 16:48 სთ-ის დროით, შსს-ს პასუხის შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)