ექსკლუზივი: გერმანიის საგარეო სამინისტრო ელჩ ქნირშს „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებს

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) გერმანულ გაზეთ „ბილდში“ გამოქვეყნებულ ბრალდებებზე უპასუხა, რომელთა თანახმადაც, ელჩ ჰუბერტ ქნირშს, რომლის მეუღლეც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ უნივერსიტეტში მუშაობს, შესაძლოა მჭიდრო კავშირები ჰქონდეს ივანიშვილთან.

სამინისტრო ელჩ ქნირშს „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებს.

საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, მიგელ ბერგერის თქმით, „ბრალდება, რომ [ელჩის] სამუშაოზე მისი ცოლის კომპიუტერული მეცნიერების ლექტორად მუშაობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს, დაუსაბუთებელია“ და რომ ელჩების მეუღლეთა „პროფესიული საქმიანობა კანონით ნებადართულ, არაპოლიტიკურ სამსახურში, ნორმალური საბაზრო ანაზღაურების სანაცვლოდ, არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება კორუფციის ბრალდებების დასასაბუთებლად“.

„საზღვარგარეთ განწესებულ თანამშომელთა პარტნიორების დასაქმების საკითხი მნიშვნელოვანი საზრუნავია საგარეო ფედერალური სამინისტროსათვის, რათა მათ შეძლონ სამსახურში საქმიანობასა და ოჯახს შორის ბალანსის უკეთ დაცვა და თავიანთი კარიერის გაგრძელება“, განგვიცხადა მიგელ ბერგერმა.

სახელმწიფო მდივანმა ბერგერმა „სამოქალაქო საქართველოს“ ისიც უთხრა, რომ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და გერმანიის საელჩო საქართველოში, „ისე როგორც მათ მოვალეობას შეეფერება, ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან, ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მყოფ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან“.

„გერმანიას საქართველოსთან ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს“, აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ახალი მთავრობის პირობებშიც გერმანია კვლავაც იქნება საქართველოს საიმედო პარტნიორი“. ცნობისთვის, გერმანიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები მორიგდნენ. სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა კანცლერის პოსტზე ქრისტიან-დემოკრატ ანგელა მერკელი უნდა შეცვალოს, რომელიც ქვეყანას 16 წელიწადს მართავდა.

ამასთან, სახელმწიფო მდივან ბერგერის თქმით, „ახალი [სამთავრობო] კოალიციის შეთანხმებაში ექსპლიციტურადაა აღნიშნული, რომ აღმოსავლეთ პარტიორობის მხარდაჭერის გაგრძელება გერმანიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტთა შორის იქნება“.

„როგორც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წამყვანი პარტნიორი, ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით საქართველოს რეფორმების გატარებაში და კვლავაც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას“, განაცხადა გერმანიიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)