კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში სამი „პოლიტიკური რეკლამის“ გაშვების გამო წლიური შემოსავლის 1%-ით – 112 000 ლარით დააჯარიმა.
კომისიის განმარტებით, საუბარია ტელეკომპანიის მიერ საეთერო ბადეში 17-18 ნოემბერს განთავსებულ ვიდეორგოლებზე, რომელთაგან ერთში პენიტენციური სამსახურისა იმ თანამშრომლებისა და მოსამართლეთა ფოტოების პარალელურად, რომელთაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაპატიმრების შემდეგ ჰქონდათ შეხება, ისმის სიტყვა – „კლავს“, ვიდეოს ბოლოს კი – ისმის მოწოდება“ „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“.
თითქმის იდენტური შინაარსის არის მეორე ვიდეოც. კერძოდ, ქართული ოცნების მთავრობის წევრებისა და დეპუტატების მიერ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ ასევე ისმის სიტყვა – „კლავს“. ვიდეორგოლის ბოლოს ისმის მოწოდება „უთხარი მკვლელებს არა“, „თავისუფლება მიშას“.
რაც შეეხება მესამე ვიდეორგოლს, ეს მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ მომზადებული საპროტესტო შინაარსის რეკლამაა, რომელშიც ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკის ფონზე, ეკრანზე მმართველი გუნდის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების ფოტოები ჩნდება, რომლებიც ბოლოს რუსეთი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახის გამოსახულებაში ერთიანდებიან და იწერება „#სირცხვილია“.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობის შესახებ კანონზე მითითებით განმარტავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას გავრცელებული რეკლამის კანონთან შესაბამისობა და ის ეთერში არასათანადო დროს არ გაუშვას, რაც „მთავარმა არხმა“ არ დაიცვა. კერძოდ, მაუწყებელმა პოლიტიკური რეკლამა „არაწინასაარჩევნო პერიოდში“ განათავსა, რაც „აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით“. თუმცა, კომისია არ აზუსტებს კონკრეტულად რომელი კანონის რომელი მუხლი დაირღვა.
საარჩევნო კოდექსი: პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
მთავარი არხის პასუხი
„სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში კომისიის გადაწყვეტილება „ცენზურად“ შეაფასა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტმა, თამთა მურადაშვილმა და თქვა, რომ კომისიამ დღეს „ძალიან მძიმე“ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ცუდი პრეცედენტია არა მხოლოდ მათი არხისთვის, არამედ ზოგადად, მედიისთვის.
მისივე განმარტებით, კომისიამ ამ გადაწყვეტილებით თქვა, რომ, შეუძლია შეზღუდოს, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლება და აკრძალოს ნებისმიერი თემა, რომელიც „არ მოსწონს და შეეხება ხელისუფლების კრიტიკას“. „[კომისიას] შეუძლია ისეთი ტიპის ჯარიმები დააკისროს, რომლითაც ფინანსურად გაგუდავს, რომ თავისით მოკვდეს მედია“, – დასძინა მურადაშვილმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ კომისიამ ვერ შეძლო იმ მუხლის მითითება, რომლის დარღვევასაც მაუწყებელს ედავება და „ბოლოს აღიარეს, რომ საკუთარი ინტერპრეტაციების მიხედვით ხელმძღვანელობენ“.
მისივე შეფასებით, „მთავარი არხისთვის“ დაკისრებული სანქცია არის უპრეცენდენტოდ მაღალი, რისი მიზანიც მაუწყებლის „დაჩაგვრა“ და „დაზიანება“.
მურადაშვილის თქმით, „მთავარი არხი“ „პუტინის სახელობის ჯარიმას“ არ გადაიხდის და მიუხედავად ნდობის ნაკლებობისა, კომისიის გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს. „ვალდებულნი ვართ, რომ ეს პროცედურა გავიაროთ იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში წავიდეთ“, – ხაზი გაუსვა მანვე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)