ბათუმსა და ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტები ძველმა საკრებულოებმა პროტესტის ფონზე დაამტკიცეს
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასევე აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ფონზე ბათუმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მომავალი წლის ბიუჯეტები მაინც საკრებულოების ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ დღეს ბათუმში 4 პირი დააკავა, 2 კი – ზუგდიდში.
ოპოზიციის გულისწყრომა იმან განაპირობა, რომ საკრებულოების ძველმა შემადგენლობამ მომავალის წლის ბიუჯეტის მიღების პროცესები დააჩქარა, რადგანაც მუნიციპალიტეტების მთავარი ფინანსური დოკუმენტების მიღება 3 დეკემბრამდე, საკრებულოების ახალი შემადგენლობის შეკრებამდე მოესწრო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმსა და ზუგდიდში, ასევე კიდევ 5 სხვა მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. შესაბამისაც, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცების პროცესში მონაწილეობა საკრებულოს ახალ შემადგენლობებს უნდა მიეღოთ.
დღეს, ოპოზიციამ ბათუმსა და ზუგდიდში ბიუჯეტების დამტკიცების პროცესისთვის ხელშეშლა სცადა.
ბათუმის საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცების პროცესის ხელშეშლის მიზნით, ენმ-ის წევრმა, მირდატ ქამადაძემ დარბაზში მძაფრი სუნის სპრეი გაასხა, რის გამოც სხდომა გარკვეული დროით შეჩერდა. პარალელურად, ზუგდიდში, სხდომისთვის ხელშეშლას ოპოზიცია ასევე ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის თაოსნობით სასტვენებითა და საპროტესტო შეძახილებით ცდილობდა.
პოლიციამ ოპოზიციის წევრებს საკრებულოები დაატოვებინა ორივე ქალაქში, რამაც მმართველ გუნდს ბიუჯეტების დამტკიცების შესაძლებლობა მისცა.
თუმცა, ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტა შენობებს მიღმა მაინც გაგრძელდა. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ზუგდიდსა და ბათუმში პროტესტის მონაწილეები პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მცირე შეხლა-შემოხლის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
შსს-მ დაადასტურა, რომ ექვსივე დაკავებული სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ბათუმისა და ზუგდიდის გარდა, დღეს საკრებულოების ძველმა შემადგენლობებმა მომავალი წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს ჩხოროწყუს, რუსთავის, სენაკისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებშიც. ექვსივე მუნიციპალიტეტის არჩეული მერი ქართული ოცნების წარმომადგენელია.
არასამთავრობო სექტორის შეფასება
არასამათავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ საკრებულოების ძველი შემადგენლობების მიერ ახალი ბიუჯეტების დამტკიცება „არის უპატივცემულობა ამომრჩეველის ნების მიმართ“.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა საკრებულოების ძველ შემადგენლობას ახალი ბიუჯეტების დამტკიცების შესაძლებლობას აძლევს, „მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალ საკრებულოს განეხილა მომდევნო წლის ბიუჯეტი“, რადგანაც სწორედ „მას უნდა ეხელმძღვანელა და გაეკონტროლებინა მერის საქმიანობა და არა ძველ საკრებულოს“.
სიმონიშვილის შეფასებით, სწორედ იმის გამო, რომ კანონი საკითხს ღიად ტოვებს და ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობას ორივე – ძველ და ახალ საკრებულოებს აძლევს, „ვიხილეთ [ის], რაც დღეს მოხდა“.
სიმონიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევა 13 ნოემბერს, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან ერთი თვის ვადაში ნებისმიერ დროს შეეძლო, თუმცა ეს მხოლოდ მან ეს მხოლოდ ბიუჯეტების დამტკიცების შემდეგ გააკეთა და ახალი შემადგენლობები 3 დეკემბრისთვის მოიწია, „რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს“.
სიმონიშვილი ვარაუდობს, რომ „ხელისუფლებას გაუჩნდა შიში“, რომ ბიუჯეტი უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას რომ არ დაემტკიცებინა, ახლადარჩეულ მერებს უფლებამოსილება შეუწყდებოდათ და „აუცილებელი გახდებოდა ახალი არჩევნების ჩატარება“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა, ზვიად ქორიძემ „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში განმარტა, რომ თუკი ახლადარჩეული საკრებულოები ბიუჯეტს არ დაამტკიცებდნენ, მუნიციპალიტეტში ხელახალი არჩევნების თავიდან ჩატარების თავიდან ასაცილებლად, ქართულ ოცნებას 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე დოკუმენტის მისაღებად ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა მოუწევდა.
„ეს არის ცოცხალი პროცესი, ეს არის ზუსტადაც ადგილობრივი დემოკრატიის ხიბლი“, – თქვა ქორიძემ, თუმცა მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების შიშით ქართულმა ოცნებამ ამ სცენარისგან თავის არიდება არჩია.
მისივე თქმით, არსებული პრაქტიკის მიხედვით, მომდევნო წლის ბიუჯეტს ყოველთვის ახლადარჩეული საკრებულო ამტკიცებდა. ქორიძის შეფასებით, საკრებულოების ძველი შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებაში „სამართლებრივად პრობლემა არ არის“, თუმცა ეს უფრო „პოლიტიკური საკითხია“.
„დღეს, მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ადგილობრივი დემოკრატიული პროცესი პრაქტიკულად მოკლას“, – ხაზი გაუსვა მანვე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)