ექიმების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სტაბილურია“
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ახალი დასკვნის თანახმად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის კვლავ უჩივის საერთო სისუსტეს და წონასწორობის დარღვევას.
დასკვნაში, რომელიც 25 ნოემბერს გამოქვეყნდა, ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია და რომ მისი მკურნალობა ადეკვატურად მიმდინარეობს. თუმცა, ექსპერტების რეკომენდაციით, საჭიროა მკურნალობის პროცესში „მაღალკვალიფიციური სპეციალისტების“ ჩართვა „შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრის, რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით“.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას, ექიმებმა განაცხადეს, რომ მკურნალობის დაწყების შემდეგ, ვერნიკეს ენცეფალოპათია, რამაც 18 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტის გონების დაკარგვა გამოიწვია, ამ ეტაპზე არ პროგრესირებს. ექიმების პროგნოზით, ვესტიბულური დისფუნქცია, შესაძლოა, 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა, დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არც მოხდეს.
ექსპერტთა ჯგუფის ყურადღება მიიპყრო ფოსფატის დონის შეფარდებითმა ვარდნამ სააკაშვილის სისხლში, რაც, მათი თქმით, შეესაბამება პროგნოზირებულ რეფიდინგის სინდრომს და ითხოვს ფოსფორის, ასევე სხვა ელექტროლიტების ხშირ მონიტორინგსა და საჭიროებისამებრ შევსებას.
„თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციას, მისაღები შედეგისათვის მკურნალობის პროცესში ჩართულ[ნ]ი უნდა იქნა[ნ] მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრის, რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით“, – ნათქვამია ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში.
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ფარულად სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა და მხოლოდ 19 ნოემბერს შეწყვიტა ის. სააკაშვილს სასჯელი ორ საქმეზე აქვს დაუსწრებლად შეფარდებული. კიდევ სამ საქმეზე, მათ შორის, საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე, ბრალი აქვს წაყენებული. თავდაპირველად, იგი რუსთავი ციხეში მოათავსეს, მოგვიანებით კი – 8 ნოემბერს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილი 19 ნოემბერს მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც წინა დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა. მან დროებით გონებაც დაკარგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)