აშშ-ის საელჩო „იმედგაცრუებულია“, რომ პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნას განაგრძობს
საქართველოში აშშ-ის საელჩო „იმედგაცრუებულია“, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს.
26 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში საელჩომ ასევე წუხილი გამოთქვა, რომ პარლამენტი დანიშვნების პროცესს „სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე“ განაგრძობს, რაზეც პოლიტიკური ლიდერები 19 აპრილს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით შეთანხმდნენ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსამართლეთა დანიშვნები პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. 15-წევრიან საბჭოში 6-დან 5 არამოსამართლე წევრის ადგილი ამ დრომდე ვაკანტურია.
„მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას“.
„დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე“, – განაცხადა საელჩომ.
საელჩომ „მტკიცედ“ მოუწოდა პარლამენტს, მოსამართლეების დანიშვნამდე „პრიორიტეტი“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების დანიშვნას მიანიჭოს. „საქართველოს უახლოესი პარტნიორები და მხარდამჭერები, ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
„ახლა მიზანი უნდა იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს ექნება სრული ნდობა და რომელიც უზრუნველყოფს სრულ მონაწილეობას მრავალი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლისა და იურისტისა, რომელიც პატიოსანი საქმიანობით ემსახურება კანონის უზენაესობის განმტკიცებას“, – ხაზგასმულია განცხადების ბოლოს.
25-26 ნოემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს – გენადი მაკარიძეს, ნინო სანდოძეს, თამარ ოქროპირიძესა და თეა ძიმისტარაშვილს უსმენენ. პროცესი სამოქალაქო სექტორის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.
მანამდე, 2021 წლის ივლისში, მმართველმა პარტიამ უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლე უვადოდ გაამწესა, რასაც ასევე ფართო კრიტიკა მოჰყვა.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირის საელჩო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენებს არ დაესწრება
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
- კელი დეგნანი: სანქციები არსებული „ბევრი ინსტრუმენტიდან“ ერთ-ერთია
- ბლინკენი: „ღრმად შეშფოთებულნი“ ვართ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გამო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)