რას მოელის აშშ გერმანიის ახალი კოალიციისაგან?

გერმანიაში, რვაკვირიანი, ინტენსიური მუშაობის შემდეგ, კოალიციის სამი პარტიისგან შემდგარმა 22 სამუშაო ჯგუფმა შექმნა პროგრამა, რომელზეც გერმანიის მომდევნო ოთხი წლის პოლიტიკა სრულად იქნება დაფუძნებული.

გარდა გერმანიის მოსახლეობისა, ამ პროგრამის გამოქვეყნებას მთელი მსოფლიო ელოდა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც. ამერიკა ყურადღებით აკვირდება ევროპის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, გერმანიის შიდა პოლიტიკას და   იმ იმედით შეჰყურებს ქვეყნის ახალ მთავრობას, რომ მათ შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

კოალიციის საგარეო ხედვებთან დაკავშირებით, გერმანიის ინფორადიომ საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა მარშალის ფონდის ბერლინის ოფისის ხელმძღვანელთან, თომას კლაინ-ბროკჰოფთან, იმის შესახებ თუ რა მოლოდინები აქვს აშშ-ს გერმანიაში სამთავრობო კოალიციისა და კანცლერის ცვლილებების შემდეგ.

თომას კლაინ-ბროკჰოფი (Thomas Kleine-Brockhoff) მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას

ამ ინტერვიუდან ყველაზე საინტერესო ამბები ამოვკრიფეთ და ქვემოთ გთავაზობთ:

წარმავალი ანგელა მერკელი

ანგელა მერკელის როლი გერმანულ პოლიტიკაში აუწონავია. მისი მოლაპარაკებების უნარი, სტაბილურობა, ევროპის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები, კარგი დამოკიდებულება დასავლეთთან – უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მნიშვნელოვანია ოლაფ შოლცის გერმანიამ გააკეთოს ის, რასაც ანგელა მერკელი არ აკეთებდა – უფრო მეტად ჩაერიოს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში და იფიქროს უფრო სტრატეგიულად. აქამდე გერმანია ხშირად იკავებდა თავს თავს მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან.

ამერიკის მოლოდინიები

ამერიკა ახალი კოალიციისგან უპირველეს ყოვლისა ნატოს ერთგულ წევრად დარჩენას და ალიანსის გაძლიერებისთვის ზრუნვას ელის.

მეორე და მნიშვნელოვანი მოლოდინი, რაც ვაშინგტონს ბერლინისგან აქვს, რუსეთისადმი პრინციპული და მკაცრი დამოკიდებულებაა. აშშ პრეზიდენტად ბაიდენის მოსვლის შემდეგ განსაკუთრებულად იგრძნობა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ ამერიკის კრიტიკული დამოკიდებულება და ვაშინგტონი მოელის, რომ გერმანია სულ მცირე, შეაყოვნებს ამ პროექტის მიმდინარეობას.

ამის იმედს ვაშინგტონს მწვანეების პოზიცია აძლევს, რომელიც არჩევნებამდეც საკმაოდ პრინციპული იყო, რუსეთის მიმართ. რუსეთისადმი პოლიტიკურ დამოკიდებულებასაც რომ თავი დავანებოთ, “ჩრდილოეთის ნაკადის” მშენებლობა გარემოზე საკმაოდ დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს და მწვანეების სამოქმედო პროგრამის საკვანძო ელემენტი კი სწორედ კლიმატის ცვლილებების შეჩერებაა.

ოლაფ შოლცი და ანნალენა ბერბოკი

ამერიკის დამოკიდებულება ოლაფ შოლცის მიმართ, საკმაოდ დადებითია. შოლცს ამერიკის პოლიტიკური წრეები არა გერმანიის შიდა პოლიტიკიდან არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან იცნობენ. ფინანსთა მინისტრად ყოფნისას, შოლცი ფონდის შტაბ-ბინაში, ვაშინგტონში, ისე ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა შეხვედრებში.

განსხვავებით შოლცისგან, ამერიკა ნაკლებად იცნობს გერმანიის მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ანნალენა ბერბოკს, მაგრამ მასზე დიდ იმედებს კი ამყარებენ. მისი საგარეო პოლიტიკის დემოკრატიულ-ლიბერალური ხედვები, ადამიანების უფლებზე აპელირება, რუსეთის ავტოკრატიულ სახელმწიფოდ მოხსენიება, ამერიკას იმედს აძლევს, რომ ბერბოკის თანამშრომლობა ბაიდენის ადმინისტრაციასთან წარმატებული იქნება.

მერკელს აზრი, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა მინისტრზე მეტადაც კი იყო საინტერესო. ეს უპირველეს ყოვლისა იმით იყო გამოწვეული, რომ მერკელს კანცლერობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა და გავლენიან ფიგურად ჩამოყალიბდა, მის სიტყვას დიდი წონა ჰქონდა.

მარშალის ფონდის ბერლინის ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, ანნალენა ბერბოკის შემთხვევაში აშშ-ში იმედი აქვთ, რომ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ის ბევრად უფრო დამოუკიდებელი იქნება და რიგ საკითხებში არც კანცლერის წინააღმდეგ წასვლისა მოერიდება.

ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა

ამერიკა დარწმუნებულია იმაში, რომ გერმანიის სამომავლო დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ, მისი პოლიტიკის ძირითადი შეხედულებები და ღირებულებები განაპირობებს. ასე მაგალითად, კოალიციის შეხედულებები კლიმატის ცვლილებებისა და პოლიტიკის მიმართულებით განაპირობებს ისეთ ქვეყნებთან უარყოფით დამოკიდებულებას, რომლებიც არ ერიდებიან გარემოს დაბინძურებას, ამის მაგალითად ჩინეთი შეიძლება მოვიყვანოთ.

რადგან გერმანია დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებს მაღალ საფეხურზე აყენებს, ბუნებრივია, პოლიტიკური ურთიერთგაგება ნაკლებად ექნება ისეთ ქვეყნებთან, რომელთათვისაც დემოკრატია ნაკლებადაა ღირებული, ასეთები მსოფლიო მასშტაბით რუსეთი, ჩინეთი, ევროკავშირის შემადგენლობაში კი პოლონეთი და უნგრეთი არიან.

ჩრდილოეთის ნაკადი-2

ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგია “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” ექსპლუატაციაში შესვლისა, გერმანიის მომავალი მმართველი კოალიცია კი ამ დრომდე ვერ შეთანხმებულა საერთო პოზიციაზე. მწვანეები და FDP-ს წარმომადგენლები მწვავედ აკრიტიკებდნენ გაზსადენის მშენებლობას, მაშინ როცა ოლაფ შოლცი და მისი პარტია მისი გაშვებისკენ უფრო იხრებიან. ამერიკა გერმანიისგან ელის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ პოზიციის გადახედვას – მისი ამოქმედების შეყოვნებას ანდა, საუკეთესო შემთხვევაში, მასზე სულაც უარის თქმას.

საგარეო გამოწვევები

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გერმანიისთვის იმ ქვეყნების დემოკრატიის გზაზე დაყენებაა, სადაც ჯერ კიდევ ნაკლებად სცემენ პატივს დემოკრატიულ ღირებულებებს. გარდა ამისა, გერმანიის გამოწვევაა ავტორიტარული სუპერ-სახელმწიფოების, განსაკუთრებით რუსეთის და ჩინეთის გავლენის, მათი მხრიდან მუქარის თუ აგრესიის ისე შეკავება, რომ ამ ძალისხმევამ დამატებითი კონფლიქტები არ წარმოშვას. სწორედ გერმანიის ამ მცდელობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გააგრძელებს ამერიკა ევროპით დაინტერესებას და ევროპაში დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობას.

დამოკიდებულება ჩინეთისადმი

ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია. წარმოუდგენელია, გერმანია ამ კონფლიქტს ნეიტრალურად გარედან აკვირდებოდეს, რისი მცდელობაც აქამდე ჰქონდა. ვაშინგტონის აზრით, გერმანიას მალე მოუწევს გადაწყვიტოს, ვის მხარესაა, ამერიკის თუ ჩინეთის.

ინტერვიუს მოუსმინა და თქვენთვის შეაჯამა სალომე სალაძემ

Source
Die neue Außenpolitik der Ampel-Koalition