მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლო პროცესზე
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღეს მისსავე სასამართლო პროცესს პირველად ესწრება, მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიტიკური განცხადებისა და საზოგადოებისადმი მიმართვის უფლება მისცა.
ქვემოთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქალაქო სასამართლოს დარბაზში წარმოთქმული სრული სიტყვაა მოცემული, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმე განიხილება. ბრალდება ყოფილ პრეზიდენტს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
„მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მე მინდა დაგისვათ კითხვა – მე ის რამდენიმე დღე, ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული. მე მინდა გითხრათ, თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ – არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ.
მე მინდა დავიწყო იმით, რომ რატომ ვარ ამ დარბაზში და რატომ ვარ დღეს საქართველოში. აქ ვარ იმიტომ, თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში [უკრაინაში] იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება. ახლა, უკვე ორი თვეა, არ შეკრებილა გასაგები მიზეზების გამო, რომელშიც შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, სპიკერი პარლამენტის, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს. ჩემი ჩაწოდებით და ჩემი მომზადებული რამდენიმე ძალიან მნიშნველოვანი კანონი მიიღო „ვერხოვნა რადამ“. ესაა მაგალითად, კანონი მიწის საკუთრების შესახებ, კანონთა მთელი კრებული. სამშენებლო ნებართვების შესახებ, რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, რადგანაც აქ ძალიან დიდი კორუფციაა ამ სფეროში. [კანონი] ელექტროენერგიის შესახებ და ახლა წასვლის წინ დავუტოვე სწორედ უკრაინის ეკონომიკის თავისუფლების აქტი, რომელიც საქართველოში გვქონდა და გააუქმა ამ მთავრობამ და ასევე დავამთავრე უკრაინის ჯანდაცვის რეფორმების ფუნდამენტური პაკეტი.
მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, მაგალითად, იფსოსის გამოკითხვით ვიყავი ხალხს როცა ეკითხებოდნენ მთავარი, პირველ ადგილზე ვის ხილვას ისურვებდნენ უკრაინის პრემიერ მინისტრად და უფრო მეტიც, ორჯერ მაქვს უარი ნათქვამი უკრაინის პრემიერმინისტრობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს დროს, მინიმუმ ორჯერ.
რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც უკრაინაში, სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს. მაგალითად, ამასწინათ, მექსიკაში ყველაზე ფეშენებელურ კურორტზე 600 მილიონერს და მილიარდერს წავუკითხე ლექცია საგადასახადო კოდექსზე და, რა თქმა უნდა, ყველა ამ ლექციაში მიხდიან ფულს. და ამგვარად, მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი, დროებით ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ერთი – შეიძლება გზაში მოვეკალი – ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი გამოსვლის შანსი როგორც ყველა დავრწმუნდით, ამასწინათ, არის მინიმალური.
ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ამ ყველაფერზე, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოხსენებულზე, ყველაფერი ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყნაში დადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის პრაქტიკულად ძალიან დაბალი. მაგრამ არის ყველაფერზე მეტი [ამ მომენტში მიხეილ სააკაშვილმა მცირე ხნით საუბარი უკრაინულად განაგრძო], ის, რაც მე მამოძრავებს და მიზეზი, თუ რატომ ვარ აქ და ეს არის ის, რომ მე მართლაც მიყვარს უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების ჩვიდმეტ წელზე მეტი გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო სადაც დავიბადე და გავიზარდე, ძალიან მოყვარულ ოჯახში.
ბებიაჩემი მზია გარდაიცვალა სულ ცოტა ხნის წინ და ვერ მოვახერხე მისი გაცილება გასაგები მიზეზების გამო. საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მე მასწავლიდნენ ისეთი მასწავლებლები, როგორ[ებ]იც იყვნენ გელა ჩარკვიანი და მანანა ჭავჭავაძე. მე ციხეში მივიღე წერილი, ჩემი პირველი მასწავლებლისგან, ნინელი თათარაშვილისგან, რომელიც მასწავლიდა შალვა ამონაშვილის ყველაზე ნოვატორული წიგნებით, მაშინ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში და ასევე კლარა ჩხაიძისგან, 51-ე სკოლაში ჩემი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლისგან. არ დაგიმალავთ, რომ საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას, სხვა არაფერზე მქონია ასეთი რეაქცია. მე ვიცი რომ გელა ჩარკვიანი იყო, სიცოცხლის ბოლო დღეებში პირველი ხელმომწერი ჩემი გათავისუფლების პეტიციის და, რა თქმა უნდა, [როდესაც] მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე გონების დაკარგვამდე მეთვრამეტე დაწესებულებაში ცოტა ხნით ადრე და ესეც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. გელა ხშირად ამბობდა, რომ მე ვიყავი მის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო მოსწავლე და მე უბრალოდ ჩემ თავს ვუთხარი რომ ვერ მომეცა საშუალება მენახა ის და მეთქვა, რომ ის იყო ჩემი ყველაზე საუკეთესო მასწავლებელი. ისე მოხდა, მისტიკაა რაღაცა, შეიძლება, ამას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიმე დღით ადრე სანამ გავიგე გელას გარდაცვალება, დამესიზმრა პეკინის ქუჩაზე მისი ბინა და თითქოს ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო ასევე და ერთად ვიზრდებოდით, მეუბნებოდა, რომ გელა გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდებაო და რამდენიმე დღეში, გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი.
რა შუაშია ეს ყველაფერი არის ის, რომ ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველო, ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზოს სტადიონი, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდიოდი პეკინის ქუჩაზე და სულ უფრო აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ მე და ვკარგავთ ჩვენ, როგორც ქართველები. ჩვენი ერი კარგავს ჩვენ სამშობლოს.
იცით, რომ 2008 წელს, როდესაც რუსებმა შემომითვალეს ფრანგების, სარკოზის მეშვეობით და ამერიკელების მეშვეობით, რომ მეორე დილას, ისინი შემოდიოდნენ თბილისში და მე და ჩემს ოჯახს უნდა დაგვეტოვებინა საქართველო. მათ დაბომბეს მანამდე და მიწასთან გაასწორეს კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც მერე აღვადგინეთ და სულ სხვანაირია ახლა. მათ დაბომბეს ბათუმის აეროპორტის მიდამოები. მათ დაბომბეს თბილავიამშენის აეროპორტიც კი. ერთადერთი, რაც მათ არ დაბომბეს, იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მათ ის არ დაბომბეს იყო, მათი ულტიმატუმი რომ სააკაშვილი მოახტეს ახლა თვითმფრინავს და გაქუსლოს სადღაც უცხოეთში, თავის ახლობლებთან ერთად, ყველასთან. არ დაგიმალავთ რომ ზოგიერთი ამერიკელებიც მირჩევდნენ, რომ ეს [უნდა] გამეკეთებინა, ჩემი მეგობრები, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსები შემოვიდოდნენ თბილისში და აუცილებლად განახორციელებდნენ იმას, რასაც პუტინი დაჰპირდა სარკოზის – ჩემი ერთი ადგილით დაკიდებას და ასევე ჩემი ახლობლების განადგურებას. გადაწყვეტილების მისაღებად, რა უნდა მექნა, სულ დამჭირდა ორი სამი წუთი.
მე გამახსენდა, რომ 1921 წელს და ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, როდესაც ბოლშევიკური არმია შემოვიდა თბილისში, საქართველოს მთავრობა წავიდა ჯერ ბათუმში, შემდეგ სტამბოლში, შემდეგ საფრანგეთში. მე ბევრჯერ ვყოფილვარ ლევილის მამულში, რომელიც მათ იყიდეს, სადაც ცხოვრობდნენ და მე ვიცი, რომ 10 წლის შემდეგ, 20 წლის, 30 წლის შემდეგ, 40 წლის შემდეგაც, უკვე ბებრები ისხდნენ და არჩევდნენ იმ ამბებს საქართველოზე, რომელსაც ვეღარასოდეს ნახავდნენ თავის ცხოვრებაში. მე ვიფიქრე, რომ არასდროს, ჩემს თავს არ ჩავაყენებდი ასეთ სიტუაციაში. ჩემ მიერ თბილისის დატოვება, ნიშნავდა თბილისში რუსეთის ჯარების შემოსვლას და თბილისში რუსეთის დროშის აფრიალებას და ეს იყო ამ ულტიმატუმის შინაარსი. აგერ ავღანეთში დატოვა პრეზიდენტმა მსგავს გარემოებებში დედაქალაქი და ეგრევე შემოვიდა მეორე ძალა.
ჩემი საყვარელი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ერთი თაობის იქით დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და მინდა, სამწუხაროდ, ვთქვა, რომ ალბათ დაგვიდგა ის დრო, როცა ეს არის ის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება. ეს არის ობიექტური რეალობა. მე ბათუმში რომ ვიყავი დავდიოდი და ვხედავდი, რომ ძაან ბევრი რუსი დადის, რუსები სხვადასხვანაირი არსებობენ, რაღაც საკმაოდ უჯიშო, გაურკვეველი წარმომავლობის, რაღაცა პროვინციელი რუსები, რომლებიც ყიდულობენ იმ ბინების 70%-ს, რომლებიც იქ შენდება. მე დავინახე, რომ ციხის… [ნათლად არ ისმის, თუ რა სიტყვას ამბობს, მიხეილ სააკაშვილი] ძალიან ბევრი პროდუქტი იყიდება ელემენტარული რაღაცები. ტელევიზორში ძალიან ბევრი რუსული არხია ქართულ ენაზე ნათარგმნი. სხვათა შორის, მსგავსი არაფერი არ ხდება უკრაინაში იქ ეს ყველაფერი არის აკრძალული, იმიტომ, რომ უკრაინა არის უკრაინა არის რუსეთთან მეომარი ქვეყანა, ისევე, როგორც საქართველო.
მე ჩამოვედი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. გამიგია ათასობით ჩემი თანამემამულისგან, რომლებიც მხვდებოდნენ სხვადასხვა აეროპორტებში. იმ ჩვენი თანამემამულეებისაგან, რომლებსაც ვხვდებოდი დიდ შეკრებებზე ემიგრანტების ევროპაში და ამერიკაში. რომ უნდა დავბრუნდეთ საქართველოში, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, რომელმაც თქვა, რომ ან ახლა ან არასდროს და ჩვენ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას, ნიკუშამ. ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთად გავზარდეთ ორი ძალიან მაგარი შვილი და სანდრას ნამუშევრის კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის, ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, პატიმრების ჯანდაცვის კუთხით, ისევე, როგორც სკრინინგი და თქვენ იცით, უამრავი სხვა რაღაცა და ეს მთლად მილიარდელები კი არ ვიყავით 800$ რომ გვქონდა ხელფასი 90-იან წლებში, 400$ იხარჯებოდა ქველმოქმედებაზე. ასევე მითხრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა უკრაინაში, თბილისიდან, რომ ახლა თუ არ ჩავალ, მაშინ ჩვენს სამშობლოს ვკარგავთ და ამ ადამიანის აზრიც, რომლისთვისაც მე ძალიან ძვირფასი ვიყავი და გასამეტებლად ნამდვილად არ იყო, ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ბოლოს, დედაჩემმა, რომელიც ამ დარბაზში ზის და რომელიც არის საქართველოს ისტორიის პროფესორი და ძალიან კარგი მცოდნე, მითხრა, რომ როგორც დედას მას არ უნდა, რომ მე თავი საფრთხეში ჩავიგდო, მაგრამ როგორც საქართველოს პატრიოტს, ვთვლი, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ და მე არ ვარ მხოლოდ დედა და ახლა ვართ ისეთ ცუდ სიტუციაში ვართ, რომ რაღაც უნდა ვქნათ.
რა თქმა უნდა, ჩემი უკრაინელი მეგობრებიც, გაიცნო ბევრ[მა], ლიზა იასკო იყო ჩამოსული თბილისში და თქვა, რომ კატასტროფა ხდება თქვენს ქვეყანაში. მომიყვა ის ისტორია, უამრავი დაუსაქმებელი ადამიანები ბირჟაზე. უკრაინაში ვერ ნახავ ახალგაზრდა კაცს ბირჟაზე მდგომს, იქ ყველას სამსახური აქვს. აქ ყოველ ნაბიჯზე, ყველაზე მეტად, რამაც დაშოკა, ბირჟაზე მდგომი ადამიანები და ძალიან ნაღვლიანი ხალხი და მანაც მითხრა, რომ ახლა დროა, რომ ამ ქვეყანას რაღაცა უშველო.
თქვენ იცით, რა ხდება საქართველოში, ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ, ვალუტის კურსი დაეცა ორჯერ და ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისიდან შევარდნაძესთან მიმართებით ჩვენ გავაძლიერეთ ვალუტა 28%-ით და იმის შემდეგ კიდევ გავაძლიერეთ და ის ვალუტის კურსი დაეცა ორჯერ, ფასებმა მოიმატა მინიმუმ სამჯერ. ხელფასები სახელმწიფო მოხელეების თითქმის არ გაზრდილა, ისევე როგორც კერძო სექტორში პრაქტიკულად არ გაზრდილა. მასობრივად გარბის ხალხი აქედან. ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა ოფიცერი, რომელმაც მიიღო საუკეთესო ამერიკული განათლება და რომელიც იყო ერთ-ერთი მიმართულების სარდალი საქართველოს შეიარაღებული ძალების, რომელიც მე შევქმენი, პრაქტიკულად ნულიდან, ახლა მუშაობს მტვირთავად ნიუ ჯერსიში და მთელ თავის საუკეთესო წლებს კარგავს აი ამ საქმიანობაზე.
ტრაგედიაა, როდესაც ოფიცერი ცერცვაძე, რომელმაც პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში, მსოფლიოს მასშტაბით, პირველმა ჩამოაგდო სტრატეგიული ბომბდამშენი რუსეთის, TU22, წავიდა და იმის გამო, რომ დევნიდნენ მას ამ ქვეყანაში და დევნიდნენ ის ხალხი, ვინც დახოცა ჩვენი სპეცრაზმელები [ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი ამბობს ასეთ ფრაზას – ვინც რუსეთის იყვნენ ტყვედ]…, ვინც ციხეში ჩასვა რომან შამათავა, ნამდვილად საქართველოს გმირი…, წავიდა და ოჯახთან ერთად ჩაბარდა ლტოლვილად, ბანაკში, გერმანიაში.
ტრაგედიაა, როდესაც პოლონეთის აეროპორტებში, იგივე ვარშავაში, ეს რიგები მუდმივად ქართველების, ერთი-მეორეზე დამჯდარი თვითმფრინავები, რომლებიც გადაჰყავთ იქ, პოლონურ ქარხნებში, სადაც ისინი… კაპიკებს იღებენ, 700-800 ევროს მაქსიმუმ და ნაწილს საერთო საცხოვრებელში იხდიან. ვროცლავის აეროპორტი, მეორე პოლონური აეროპორტი, საიდანაც გერმანიაში გადაჰყავთ მარწყვის საკრეფად [ქართველები], პრაქტიკულად, მონებად.
ჩვენ ბოლო 9 წელიწადში დავკარგეთ 700 000 ჩვენი თანამემამულე, ეს ამ წლის დასაწყისის მონაცემებით, და ამ წლის მინიმუმ 100 000 დაემატა კიდევ… ამოიღეთ სტატისტიკა, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 9 წლიდან 8 წელი უფრო მეტი ბრუნდებოდა საქართველოში ვიდრე მიდიოდა. ის, რაც მოახერხეს ამ ბოლო 9 წელიწადში, ჩვენს ფეოდალებს ამისათვის დასჭირდათ, როდესაც ანაკლიიდან და რაბათიდან ყიდდნენ სტამბოლის ბაზარზე ჩვენს გოგო-ბიჭებს 70 წელიწადი. ეს მოახერხეს ამათ 7-8 წელიწადში, პრაქტიკულად.
საქართველოს ეკონომიკა ჩამოყალიბდა ზუსტად ისეთ ეკონომიკად, როგორიც არის ვენესუელა, როგორიც იყო მოლდოვა აქამდე. ძირითადი მოდელი არის, რომ ყველა ადგილობრივი რესურსი ეკუთვნის ოლიგარქატს, ან ერთ ოლიგარქს, ერთ მმართველს, ხოლო მოსახლეობა თავს ირჩენს ან მათი ნათესავებისგან გადმორიცხული ფულით ან ამ ოლიგარქის მსახურობით. აი, ეს არის საქართველოს ეკონომიკური მოდელი, რომელიც ჩამოყალიბდა [და] რომლიდან[აც] გაჭირვების გარდა, სხვა არანაირი პერსპექტივა არ არის და გაქცევის გარდა.
მე შევხვედრივარ ათასობით ჩვენს ქალბატონს, რომლებიც საბერძნეთში და იტალიაში უვლ[იან] ძირითადად მოხუცებს, მაგრამ ამ ქალბატონების ასაკი უკვე ისეთია, რომ მალე ისინი იქნებიან მოსავლელები და მათ არც პენსია აქვთ, ხშირად არც ლეგალური სტატუსი და არც დანაზოგები, იმიტომ, რომ ყველაფერს აგზავნიან თავის მიტოვებულ ოჯახებში ეს არის ტრაგედია, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება… და მე არ შემეძლო ჯდომა კიევში ან ჩემს კაბინეტში, რომელიც ზუსტად უკრაინის პრეზიდენტის კაბინეტის თავზეა განლაგებული, საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში და იქიდან ყურება როგორ იშლება ნაწილებად და ნაწილაკებად, მარტივ მამრავლებად ჩემი ქვეყანა… და ეს არის კატასტროფა იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს იყო მსოფლიოს #1 ეკონომიკური რეფორმატორი [აქ მიხეილ სააკაშვილს გამოსვლა პროკურორებმა შეაწყვეტინეს].
დღეს ჩვენ ვართ პირველი სიკვდილიანობის კოვიდით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს #1 ეკონომიკური რეფორმატორი. ჩვენ ვუყავით მსოფლიოში ყველაზე მზარდი [ეკონომიკურად] ქვეყანა – 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ, დოლარში გამოხატული ეკონომიკა გაიზარდა 0%-ით. საქართველომ დაკარგა, ბოლო 9 წელი მთლიანად გადაყარა, იმიტომ, რომ 9 წელიწადში, ომის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენ გავიზარდეთ 4-ჯერ, ეროვნული დოვლათი გაიზარდა 4-ჯერ, საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ, ხელფასები და პენსიები გაიზარდა 10-ჯერ და ბოლო, შემდეგ 9 წელიწადში ხელფასები პრაქტიკულად შემცირდა, იმიტომ, რომ ვალუტის კურსი დავარდა და ეკონომიკა არ გაზრდილა არცერთი პროცენტით. ეს არ არის ტრაგედია? ამას როგორ უნდა ვუყუროთ წყნარად და მივიღოთ, როგორც მოცემულობა?
მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დღეს ხანდახან ერთი ელჩი წამოარტყამს თავში და ხანდახან მეორე და ეს იყო ქვეყანა, სადაც ამერიკის სამი პრეზიდენტი ჩამოვიდა, ჩემი პრეზიდენტობის დრო – [ჯორჯ] ბუში, [დონალდ] ტრამპი და [ჯო] ბაიდენი, რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის ქვეყანა, როცა თავს დაგვესხა [რუსეთი], 6 ევროპელი ლიდერი სიცოცხლის რისკის ფასად შემოვიდა და დადგა ჩვენთან ერთად მოედანზე. ეს იყო ქვეყანა, სადაც ომის დროს ჩამოვიდა კანცლერი გერმანიის, თურქეთის პრეზიდენტი, კიდევ ოთხი თუ ხუთი სხვა ლიდერი. [ყველას] ვერ ჩამოვთვლი, დიდი სამიტი გაიმართა საქართველოს დასაცავად, ბომბებს ქვეშ პრაქტიკულად. ის, რაც ამათ ცეკვა-თამაში ეგონათ, იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული ფურცელი, როდესაც 6 ევროპელი ლიდერი იყო თბილისის ცენტრში ასობით-ათასი ადამიანის წინ და ჩვენ შევინარჩუნეთ და გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი.
ეს იყო ქვეყანა, სადაც ტურისტულ სეზონს გვიხსნიდა მონაკოს პრინცი, პირდაპირ თაფლობის თვით თავისი, ოპერის სეზონს გვიხსნიდნენ [ხოსე] კარერასი და [პლასიდო] დომინგო, მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი მომღერალი – დარჩენილი. ტურიზმი გაიზარდა 70 000-დან, როცა მე გავხდი პრეზიდენტი და ყველა გიჟს მეძახოდა, რომ ვიძახოდი, რომ 5 მლნ იქნება-თქო და 8 მლნ-მდე გაიზარდა. ოღონდ მე ესეთი ტურისტები კი არ წარმომედგინა, ახლა რომ დაძრწიან, მე წარმომედგინა ის ხალხი, ვინც გადაიხდიდა 5-ჯერ, 6-ჯერ მეტს ქართული ოჯახებისთვის და საქართველოს გასავითარებლად.
ეს იყო ქვეყანა, რომელიც აშენებდა ახლა ქალაქებს. რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული. რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე იქნებოდა აშენებული და იქნებოდა ყველაზე ბრწყინვალე პორტი შავი ზღვის. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა, იმიტომ, რომ ჩემი კონცეფცია იყო, რომ რეგიონები უნდა განვითარდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა რაღაც ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც პრაქტიკულად სოფლად აქციეს და პარლამენტს ძოვენ ძროხები. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი. ბათუმში გადავიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლო. ლაზიკაში უნდა ყოფილიყო მთავარი ფინანსური ცენტრი საქართველოსი. ბათუმში შენდებოდა ყველაზე დიდი საკრუიზო კომპანიის მსოფლიოში ტერმინალი, ერთადერთი შავ ზღვაზე. მე ოდესის გუბერნატორიც ვიყავი და ოდესას არც დაესიზმრებოდა ის, რაც ჩვენ ბათუმში გავაკეთეთ.
და ეხლა, ამ ყველაფრისთვის იმისათვის, რომ ეს შენობა ავაშენეთ, ეს დროშა დავკიდეთ, ეს გერბი შევქმენით, ეს ჰიმნი ჩამოვაყალიბეთ და რაც მთავარია, შევქმენით სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს არ ჰქონდა ასწლეულები, მე გავხდი პირველი საქართველოს მმართველო ლუარსაბ მეფის შემდეგ, 400 წლის წინ მოხდა ეს ამბავი, რომელიც მოხვდა პატიმრობაში? ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს. ეს არის ყველაზე დიდი დამცირება, რაც ჩვენ მოგვიწყო… მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან. ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია, მთელი მსოფლიო არის გაოგნებული, რომ მე ამ შუშის იქიდან უნდა მოგმართავდეთ, იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემს ქვეყანაში, ჩემ აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება.
რაც შეეხება იმას, რაზეც ვარ გასამართლებული, მე ვარ გასამართლებული უკვე ორ საქმეზე – ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას, ე.წ. გირგვლიანის საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ესე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები. 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი გავიგე თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა ორჯერ შემცირება საპატიმრო ვადის. იქიდან გავიდა კიდევ 6 თვე და მოსამართლემ, ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ისინი უდოთი და აქედან ერთი ეხლა მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხო არ არის ქვეყანა დახურული? მეორე საქმეზე აღარც ვლაპარაკობ, გელაშვილის საქმეზე ერთადერთი ჩვენება არის კლასიკური „Hear say”, რაც ნიშნავს, რომ – „მე გავიგე, რომ იმან გაიგო“. აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც არცერთ მსოფლიოს ქვეყანაში, არცერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება იყოს მიღებული, როგორც მტკიცებულება და რა გასაკვირია, რომ როცა ეს განაჩენები გამოიტანეს და ინტერპოლს გაუგზავნეს, ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ თქვენ ეს განაჩენები, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ განხილვა, სამარცხვინო… მე თვითონ ველაპარაკე ინტერპოლის დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინოვო [აქ მიხეილ სააკაშვილს საუბარი კვლავ ბრალდების მხარემ შეაწყვეტინა].
რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს. ჯერ ერთი, რომ ატრიალებთ მუდმივად 7 ნოემბრის კადრებს, რომლებიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით, მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო იმაზე რა გეოპოლოტიკური კონტექსტი იყო, მაშინ საქართველოში.
სქართველო მიდიოდა ნატოსკენ, 2006- ში პუტინმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს, ბელორუსიის პრეზიდენტმა ლუკაშნკომ მითხრა, ვინ არის ეს არკადი [ბადრი] პატარკაციშვილი, ოლომპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ჩემთან უნდა ჩამოსვლაო და ითხოვს ნებართვას, რომ მე შემხვდეს. მე ვუთხარი, როგორც გინდა ქენი-თქო, მაგრამ არაფერი სარფიანი მაგ საქმიდან არ გამოვა, ნუ არ მიიღო. მერე პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში და მერე მიყვება ლუკაშენკო – დამირეკა პუტინმაო და მითხრაო ,, ბიჭები მოვლენ და დაელაპარაკებიან პატარკაციშვილს, შენთვის არ არის აუცილებელი მათთან შეხვედრა.” ეფ-ეს-ბე-ს სამი გენერალი ჩავიდა, ეს არის ლუკაშენკოს ნათქვამი და პატარკაციშვილს წინასწარ შეხვდნენ და პუტინმა გამოუცხადა, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში.
ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები, პატარკაციშვილის მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული. სუს-ში უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომელიც მათ მოგვწერეს 2007 წლის შემოდგომაზე, დაახლოებით ოქტომბერში, სადაც გვითხრეს, რომ ჩამოსულები იყვნენ ერევანში კანონიერი ქურდები – უსოიანი და რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, რომელთა ფუნქცია იყო არეულობის ორგანიზება საქართველოს დედაქალაქში. ეს არის ეფ-ბი-აი-ს გამაფრთხილებელი წერილი. 2007 წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია. ჩამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩამოვიდა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის ელჩი ნატო-ში და სახელმწიფო მდივნის მოადგილე და კონფერენცია, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე დღე, გაშუქდა ძალიან ფართოდ… პრაქტიკულად გადაწყდა, საქართველოსთვის მაპ-ის მიღება. ისინი წავიდნენ საოცარი შთაბეჭდილებებით, რა მაგარი ქვეყანაა. წავიდნენ თუ არ ვცდები 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს მოხდა ეს დიდი გამოსვლა, დემონსტრაცია თბილისში.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთი დაკრულზე ცეკვავდა, ან იცოდა პატარკაციშვილის გეგემების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები, რამდენიმე ათეული ათასი პოლიციელი მაგალითად დარჩა უმუშევარი. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ აეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია მაგ დროისთვის იყო არა ისეთი დიდი როგორც ახლა, მაგრამ იყო საკმაოდ მაღალი. მართალია ეკონომიკური განვითარება იყო უფრო დიდი, ვიდრე ახლა, მაგრამ შემოსავალი ვიღაცას ჰქონდა უფრო მაღალი, ვიღაცა კი – გაღარიბდა. ამიტომ, ხალხს ჰქონდა ობიექტური მიზეზი, რომ ჩვენზე ყოფილიყო გაბრაზებული. ამიტომ მართლაც იყო დიდი მიტინგი, ჩვენ ეს მივიღეთ როგორც სიგნალი. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა სიტყვა და ამითი ყველაფერი ნათელი იყო, რისთის და როგორ ეწყობოდა ეს.
შემდეგ, გაგარძელდა პატარა საპროტესტო აქციები. 7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ პოლიციას პატარა შეტაკება მოუვიდა იმასთან, მერე გადაიზარდა იმაში, დაახლოებით ის მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ. ამის შემდეგ ბევრი ხალხი გამოვიდა და ავანსცენაზე იყო შსს მინისტრი. მე ამას ვუყურებდი ტელევიზორით, მე არანაირი ინსტრუქციები არ მიმიცია და ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი.
ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს, 1 ადამიანი დაშავდა მძიმედ. ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმის აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკების. ამის შემდეგ გავაკეთე ის, რასაც პრაქტიკულად ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში. მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე, რათა მიმეღო ახალი მანდატი ქართველი ხალხისგან, რატომ გავაკეთე ეს? იმიტომ რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკოდა ჩვენ ნატო-ში ინტეგრაცია. შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა მიმიწვია თებერვალში და მითხრა – ეს რა მაგარი რაღაცეები გაგიკეთებიაო და მითხრა, რომ შენ რაც გააკეთე, რომ გადადექი ამიტომ ხარ აქ და ამიტომ გიჭერ მხარს, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებას. ქართველმა ხალხმა გამოიტანა ვერდიქტი ამ საქმეზე.
ახლა, მინდა, გადავიდე იმ ნაწილზე, რომელიც უკვე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოხდა. მე გამოვიარე ძაან რთული გზა, ეკლიანი, საქართველოში მოსახვედრად… ვიცოდი, რომ დამაკავებდნენ და პრაქტიკულად აქ საკითხი იყო, მესამე დღეს დამაკავებდნენ, მეოთხე დღეს თუ რაღაც… არც მიცდია დამალვა, როგორც ყველამ კარგად იცის, მაგრამ მერე, რაც მოხდა, იყო გამოხმაურება იმისა, რაც ევროპარლამენტში წამოსვლის წინ როცა შევხვდი ევროპარლამენტარებს მათ მკითხეს, არ გგონია, რომ როცა საქართველოში ჩახვალ, შენ იქ გაწამებენ? მე ვუთხარი 21-ე საუკუნეში ვინ აწამებს ვის, კარგი ეხლა, როგორ გაბედავენ? ამერიკის სენატში შეხვედრისას ერთ-ერთმა სენატორმა მკითხა, ჩვენ უბრალოდ გვეშინია შენ პირად უსაფრთხოებაზე, ციხეში რა შეიძლება გიქნან. ამაზე ვუთხარი, 21-ე საუკუნეში ჩვენ ციხეში, ვინ რას გაბედავს. ამის მერე, [მიმიყვანეს] რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც ეგრევე მეუბნებიან, რომ ტელეფონით ზარების განხორციელების უფლება არ მაქვს, ერთ-ერთი გამოგონილი საქმის გამო, რა თქმა უნდა, სადაც მაშ შემდეგ, რაც ხელი დავუქნიე სააბაზანო ოთახიდან რამდენიმე ათეულ ადამიანს რომელიც უბრალოდ იყო გარეთ მოსული და შემთხვევით გადავიკვეთეთ, დაგმანეს ფანჯარა, ატყდა ერთი ამბავი, იმიტომ, რომ ჩემი სახის დანახვა ახლა შუშიდან მაინც შეიძლება და ისე არ შეიძლებოდა არსაიდან.
ამის შემდეგ, თავიდან მე გამოვაცხადე შიმშილობა და სიტუაცია იყო ისეთი, რომ თავიდან ექიმებს ჩემთან არ უშვებდნენ, გარდა იქ დაწესებულების ექიმებისა. მერე, შეიქმნა საზოგადოების ზეწოლის შედეგად, სახელმწიფო კონსილიუმი, რომელმაც დაწერა რეკომენდაცია, რომ პრევენციულად, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით უკვე მქონდა გაუარესება, უნდა გადავსულიყავი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ასე დაწერეს. ამის შემდეგ, კიდევ გრძელდება სიტუაცია, როდესაც ხან ადვოკატებს არ უშვებდნენ, ხან უკრაინის სახალხო დამცველი დაგმანეს, ხან ჩემ მოძღვართან შეხვედრაზე უარი მითხრეს, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ყველა შესაბამის ინსტანციას გადაგზავნილი აქვს.
ამის მერე, დანიშნული მქონდა შეხვედრა დედაჩემთან და ჩემს ორ შვილთან, დანიშნული მქონდა შეხვედრა სახელმწიფო კონსილიუმთან. მუდმივად მეუბნებოდნენ, რომ ხან კონსილიუმს არ სცალია, ხან ჩემები არ მოვიდნენ. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივად მატყუებდნენ და შემდეგ, შემოდის ჩემს საკანში ციხის უფროსი და ამბობს, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, თქვენ გადაჰყავხართ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში, მე ვუთხარი მითხარით სად არის ეს კლინიკა, მან მითხრა სადღაც თბილისში, ნუ ნერვიულობთ, კაი კლინიკაა. მე ვუთხარი მინდა ვიცოდე ზუსტად რა კლინიკაა, შენი უსაფრთხოების გამო ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის ზუსტად, რაც თქვენ გინდოდათ. მე ჯერ კიდევ ამ ვერაგობას ბოლომდე ვერ შევეჩვიე, ჩქარა-ჩქარა-ჩქარა ჩაალაგე და ყველაფერს გამოგიგზავნით დანარჩენს და წადი იქ… ჩავჯექი სასწრაფო დახმარების მანქანაში. მიმიყვანეს, როგორც ცნობილია, გლდანის დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მე მივდიოდი, იმიტომ, რომ არ იყო გაღებული სასწრაფო დახმარების კარები, როგორც კი, შევიდა, ატყდა შუმოკი და ჩემი სახელის ძახილი ეგრევე. არავინ არ იცოდა, რომ იქ მივდიოდი, ყველას ეგონა, რომ ეს იყო გორის ჰოსპიტალი, [მაგრამ] ამათ რატომღაც იცოდნენ.
შემდეგ გაიღო კარი, მე ვუთხარი, რომ არავის აქვს უფლება, ჩემი ნებართვის გარეშე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის, ეს არის პატიმრობის კოდექსში და ყველა ზოგადი პროცესუალური ნორმები და მათი პასუხი იყო, რომ არა, მანც გამოგიყვან. მათ შორის, ძაან უხეში რეპლიკები პროვოკაციული და ამ დროს, ისმის შუმოკი, ყვირილი, დედის გინება ლანძღვა. როდესაც მე ვუთხარი, რომ არ გადმოვალ მანქანიდან, მიმაჩნია ეს უკანონობად, და ვითხოვ უკან დაბრუნებას მე-12 დაწესებულებაში, იმიტომ, რომ გლდანის დაწესებულება, ყველა ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვქონდა, არ აკმაყოფილებდა არცერთ მოთხოვნას, გარდა ერთისა, რომ იქ იყვ[ნენ] კრიმინალები და იმ კრიმინალებს შეეძლოთ მორალური ტერორი მე ძალით გადმომათრიეს მანქანიდან. როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობა და კისერში [კარგად არ ისმის ის სიტყვა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს]… გამაძრეს ფეხსაცმელები, გამაძრეს ზედა ტანსაცმელი და შემომახიეს ნაწილი და გამაძრეს და ასე შიშველი ამიყვანეს ცემა-ტყეპით და გინებით და დამაგდეს პალატაში, სადაც პირველი მცდელობა იყო, ჩემი ნებართვის გარეშე აეღოთ ჩემი ანალიზები, რაზეც მქონდა შესაბამისი რეაქცია.
ეს არ ყო პალატა, ეს იყო საკანი უბრალოდ, რომელშიც იდგა საწოლი და ზარიც არ იყო, რომ გამომეძახებინა [ვინმე], საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, გონების დაკარგვის შემთხვევაში… და გამუდმებით, მთელი დღეების განმავლობაში მესმოდა ჩემი გინება, მუქარები და ეს იყო აბსოლუტურად კონცენტრირებული და ორგანიზებული ადმინისტრაციის მიერ. საიდან ვიცით? ძალიან მარტივად – [ნინო] ლომჯარია შემოვიდა მთლინად დაბინტული, გახვეული, რომ ვერავი იცნობდა, მე ვერ ვიცანი, რომ შემოვიდა, ისინი მთელი გზა უყვიროდნენ და აგინებდნენ ლომჯარიას. გვარამიას დაემართა იგივე. წინასწარ ციხის ადმინისტრაცია ეუბნებოდა, რომ ეს არის გვარამია, ეს არის ლომჯარია და ეხლა უნდა იყვიროთ. ან, მაგალითად, როცა ჩავდიოდი შეხვედრათა ოთახში, საიდან უნდა სცოდნოდათ მათ, იქ დარაბებია დახურული. ვხვდებოდი, შეხვედრათა ოთახში მაგალითად ხატიას [დეკანოიძეს] და იქიდან ისმოდა ჩვენი სახელები და ყვირილი. ეს იყო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული, ორკესტრირებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, როგორც დააფიქსირა უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ცენტრმა „ემპათიამ“, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში არის მოხვედრილი. ეს იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ. რა მნიშვნელობა აქვს, არ იყოს სააკაშვილი და იყოს ქიბროწაშვილი. რა უფლება აქვთ, რომ ამის შემდეგ, საერთოდ ვინმე იღებს ხმას სამართალდამცველი სისტემიდან.
ამის შემდეგ, როცა მე აღმომიჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, როდესაც იქ არ იყო არცერთი მრავალპროფილური სპეციალისტი, ბედმა გამიღიმა, რომ ადვოკატების თანდასწრებით დავკარგე გონება და ბედმა გამიღიმა, რომ იმ დილას, როდესაც შემომხედა იქაური კონცლაგერის მთავარმა ექიმმა, ჩათვალა, რომ უკვე ვკვდები და ნამდვილად არ უნდოდა, რომ მერე, იგივე ხალხს, ვინც ჩემი სიკვდილი დააორგანიზა და ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული მოსაკლავი აქტი, იმიტომ, რომ ჩემი ყველა მონაცემი იყო სასიცოცხლო დონეზე ქვემოთ, ფეხი მქონდა დასიებული, პრაქტიკულად ვერ დავდიოდი, პრაქტიკულად ვეღარც ვაზროვნებდი და როდესაც დაინახა ამ ქალმა, რომ ვკვდები, სასწრაფოდ ამოიძახა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილი და სასწრაფოდ გამოიძახა გულიკო ქილიფთირი, იმიტომ, რომ ჩემს პირად ექიმს არ უშვებდნენ. ეს არის რეანიმატოლოგი რესპუბლიკური საავადმყოფოსი. ეს იყო სიტუაცია, როდესაც გულიკო ქილიფთირმა გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე, იმიტომ, რომ გონება მქონდა დაკარგული, თითქმის 20 წუთის განმავლობაში, ეს არის ძალიან გრძელი ვადა. სპეციალისტებმა იციან, ამ დროს შეიძლება მოხდეს იშემიური ინსულტი, გულის გაჩერება ყველაფერი… მე ძალიან კარგად მახსოვს, გულიკო ლოყაში მირტყამდა, თან მეუბნებოდა – არ მოკვდე, არ მოკვდე, არ მოკვდე. დიდი მადლობა ამ კეთილშობილ ქალბატონს…
ამის მერე, იმის მაგივრად, რომ შეესრულებინათ რეკომენდაცია გადაყვანის მრავალპროფილურ კლინიკაში, გამოაცხადა იუსტიციის სამინისტრომ, რომ ნორმალური მდგომარეობა მაქვს, ცოტა გართულდა, ამიტომ, მათი სპეციალისტები მოვლენ, აიღებენ ანალიზებს და გადაწყვეტენ გადასაყვანი ვარ, თუ არა, [სურდათ] კიდევ დროის გაყვანა, რომ მოვკვდე… ეს გასაგებია, რაც იყო. ამის მერე, მოდის ჩემთან ამ დაწესებულების ერთ-ერთი ექიმი… [აქ სიგნალი წყდება და არ ისმის, თუ როგორ აგრძელებს მიხეილ სააკაშვილი წინადადებას].
ბევრი ხალხი იყო ქუჩაში და აი ასე გადარჩა მთელი საზოგადოების მობილიზაციით ჩემი სიცოცხლე. განზრახ მკვლელობა ხდებოდა… აღარ ვლაპარაკობ ჩემი პირადი კადრების გავრცელებას, მუდმივ მოწოდებას, რომ დამემძიმებინა შიმშილობა, გაჟღერებული უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ, კეთილი შემოთავაზება, რომ მე მაქვს თვითმკვლელობის უფლება, რომ 41-ე დღეზე რატომ უნდა ვიცოცხლო, ფსონების დადება, აბა 45 დღეს იცოცხლებს, თუ 49-ს, სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ გაცხადებული. სამარცხვინო ფაქტი, როდესაც თაფლის ბოთლები დათვალა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, [რომელმაც] პრაქტიკულად განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ადევნებდა თვალ-ყურს რას ვყიდულობდი ციხის მაღაზიაში. ესეთი რაღაც დიდი ხანია, აღარ ხდება არცერთ [კარგად არ ისმის რა სიტყვას ამბობს სააკაშვილი] აფრიკის ქვეყანაში. ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ არაადამიანურ ველურ ქვეყანაში. ასეთი რაღაც არ ხდება არც რუსეთში, სხვათა შორის, თქვენს სათაყვანებელში და არც ბელარუსში, თქვენ წარმოიდგინეთ, იქ რაღაც წესები მაინც არსებობს. თუ არა სახალხო დამცველი ლომჯარია, მე დღეს აქ არ ვიდგებოდი [მიხეილ სააკაშვილს საუბარს კვლავ ბრალდების მხარე აწყვეტინებს].
ნინო ლომჯარიას გამბედაობა რომ არა და მისი კომისიის წევრების პრინციპულობა, მე დღეს ცოცხალი აქ არ ვიდგებოდი თქვენ წინაშე, იმიტომ, რომ მან პრაქტიკულად, ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად და რაც მთავარია, ქუჩაში გამოსულ უამრავ ადამიანთან ერთად, გადაარჩინა არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე, არამედ ელენე ხოშტარიას, რომლის დიდი მადლობელი ვარ და უამრავი სხვა მოშიმშილეების. ძაან მადლობელი ვარ ნიკა მელიასი, რომელიც არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც მაშინ ეწყობოდა ჩემ გლდანში ყოფნასთან დაკავშირებით. ეს უნდოდა, ალბათ, მომწყობს, რომ ერთი მხრივ მე მოვეკალი და მეორე მხრივ, გაენეიტრალებინა ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ასევე ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც თავშეკავებით, მაგრამ ძალიან დიდ ბრძოლისუნარიანობას აჩვენებს, ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს [ამის შემდეგ, ექსპრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას ინგლისურად მიმართა].
სხვათა შორის, როცა ვლაპარაკობთ ამ წამებაზე, მე ძალიან კარგად მახსოვს, რას მეუბნებოდა ლეხ კაჩინსკი [პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი], რომლის უახლოესი თანამებრძოლი, ანა ფოტიგა არ შემოუშვეს ჩემთან და საჯაროდ დაამცირეს. საქართველოს თავგადაკლული პატრიოტი, მისი ადმინისტრაციის უფროსი და საგარეო საქმეთა მინისტრი… მაგრამ ლეხ კაჩინსკი მეუბნებოდა, იცი რა განსხვავებაა ევროპასა და [რუსეთს] შორის? ევროპაში მე რომ პრეზიდენტი აღარ ვიქნები, მე საპატიო პენსიაზე ვიქნები და ყველა კარგად მომეპყრობა, თქვენ, აზიატურ-რუსულ სამყაროში შენ შეიძლება მოგკლან. მაშინ, მე ეს მეჩვენებოდა გაზვიადებად. აღმოჩნდა, რომ ის კაცი ყველაფერში გარკვეული იყო, იმიტომ, რომ იცოდა კარგად რუსული სამყარო როგორ ფუნქციონირებს.
ამავე დროს, როცა მე ვყვები ჩვენს წარმატებებზე, მქონდა თუ არა მე შეცდომები? საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე კარგად მახსოვს, მაგალითად, ჩემი საუბრები ნიკა რურუასთან 2011 წელს, როცა ნიკა მეუბნებოდა, რომ არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ უზრუნველვყავით, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის, იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და გამართლდება, ჩათვალე, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია. ნიკა აღარ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ გეგონება, ყველაფერი ზუსტად გამოიცნო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და მეხება მეც. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე, როგოც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით, კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, მინდა ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, იმიტომ, რომ დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ და ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ თქვენ, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი საქართველო.
რა თქმა უნდა, მე ძალიან მეჩქარებოდა საქართველოს განვითარება და ვინც ჩქარობს, ყოველთვის უშვებს შეცდომებს. მე ვიცოდი, რომ ცოტა დრო გვქონდა, მე ვიცოდი, რომ ბევრი რაღაცა იყო გასაკეთებელი, მაგრამ წეღან ველაპარაკებოდი ჩემს ექიმს, ის ჩამოვიდა სოფლიდან და მოეწყო სამედიცინო უნივერსიტეტში მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ეროვნული გამოცდები. სხვანაირად შანსი არ იყო და როცა მოდიოდნენ, ეუბნებოდნენ, სად მიდიხარ, სამედიცინო ინსტიტუტში იცი, რა ღირს მოწყობა? ჩამოვიდა, დამიჯერა და მოეწყო. ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა – ახალგაზრდა თაობამ უკვე ბევრმა ინგლისური იცის და რატომ იცის, იმიტომ, რომ 2 500 [უცხოელი] მასწავლებელი [ჩამო]გვყავდა წელიწადში. მარტო ჩემს შვილს კი არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა [ან] ივანიშვილის შვილს, სწავლის, [არამედ] ყველა ქართველს დაწყებული სოფელ ლესიჭინიდან, დამთავრებული ხულოთი და მაჩხაანით, ზედა და ქვედა. აი, ეს იყო ჩემი კონცეფცია.
დღეს, როდესაც მიგვათრევენ რუსეთში, მე მინდა, უბრალოდ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო, რა განსხვავებაა რუსულ სამყაროსა და დასავლეთს შორის. არა ის, რასაც თქვენ გიყვებიან. წარმოდგენაც არ შემეძლო ამაზე, რომ პროპუტინური პარტია ღიად დარეგისტრირდებოდა. არა მარტო დარეგისტრირდა, აქტიც აქვთ, გამოსცემენ, მაუწყებლობენ. რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ძალადობა და მონობა არის ცხოვრების წესი. დასავლეთში ადამიანი ფასდება თავისი ნიჭის და უნარების მიხედვით და ნეპოტიზმი არაფერ შუაშია. მე ამერიკაში ჩავედი უბრალო სტუდენტად, სანდრასთან ერთად. ძალიან ღარიბები ვიყავით. სამ წელიწადში ორივეს გვქონდა უმაგრესი სამსახური და განუსაზღვრელი პერსპექტივები. მაშინაც ეს პერსპექტივები გადავდე გვერდზე და ჩამოვედი მშიერ და გაუბედურებულ საქართველოში. აი ეს არის დასავლეთი. დასავლეთი გაძლევს შანსს. დასავლეთში არ არის კლანები. რუსეთი იმართება კლანებით. აი, ამ სისტემას გვახვევენ, მოგვახვიეს თავზე უკვე საქართველოში და უნდათ, რომ ამას შევურიგდეთ.
ახლა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ საზოგადოება პოლარიზებულია, გახლეჩილია და ზუსტად ორ ნაწილად არის გაყოფილი, სრული სისულელე. ეს არის ილუზია შექმნილი ბოტების… და ინტერნეტმანიპულაციებით და სპეციალური არხებით. საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოების, არის უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე და არის უფრო ჩამოყალიბებული თავის არჩევანზე, ვიდრე როდესმე. ეს ხალხი, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ზოგი გაიქცა და დანარჩენები ამ გაჭირვებამ, უბედურებამ და უკიდურესმა უიმედობამ გააერთიანა და ამ იმედს ჩვენ არავის არ მოვაკვლევინებთ, ამისთვის ვარ მე აქ, რომ ეს იმედი კი არ მოვაკვლევინოთ, არამედ გავაღვივოთ. ხალხო, ნურავის [ან ნურაფრის – მკაფიოდ არ ისმის, რომელ სიტყვას ამბობს მიხეილ სააკაშვილი] ნუ შეგვეშინდება. ჩემი ცემის და წამების კადრები, თავისი საბრალდებო დასკვნა, ამ ხალხმა გაუშვა შეგნებულად. ზუსტად ისევე, როგორც მოკლეს ია კერზაია, როგორც მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე… ლექსო რაფავა შემოათრიეს ასევე წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული განყოფილებაში და ნაცემი, რომ [იგივე თქვენც] არ გაბედოთ. ზუსტად ამიტომ ყიდულობენ ეხლა იმას, რომ [მიხეილ სააკაშვილი არ აკონკრეტებს რის ან ვის ყიდვაზეა საუბარი] ემზადებიან საკუთარ ხალხთან საომრად, მაგრამ ჩვენ ვართ ბევრნი, ჩვენ ვართ ძალიან მრავალრიცხოვანნი და ჩემი სიცოცხლე მთლიანად ეკუთვნის საქართველოს, ამ შემთხვევაში და მე მზად ვარ თავი გავწირო ხელახლა, როგორც ვიყავი გლდანის ციხეში სიკვდილისთვის, ასევე მზად ვარ ნებისმიერ სხვა ადგილას სიკვდილისთვის, თუ ეს საქართველოს დასჭირდება და შეიძლება ეს საქართველოს დასჭირდეს და მე ეს მინდა, ჩემმა ხალხმა იცოდეს, მაგრამ თქვენ არ უნდა ჩამოუშვათ ხელები, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ძალიან ბევრნი, ძალიან ძლიერები.
გაიხსენეთ 14 ოქტომბერი, მე უცხოელებმა კი არ გადამარჩინ[ეს] მაშინ, ლომჯარიასთან ერთად, ხალხმა გადამარჩინა ქუჩაში გამოსვლით. ხალხი არის უზარმაზარი ძალა და ილუზია გახლეჩილობის, არის ილუზია მხოლოდ. სხვადასხვა რაღაცები შეიძლება. აი, ბათუმელი მოხელე, 2 500 ლარი ჰქონდა ხელფასი, თუ არ ვცდები ძნელაძე გვარად, როსტომი, წამოვიდა სამსახურიდან. უამრავი პოლიციელი წავიდა სამსახურიდან, როცა ლექსო რაფავა უსამართლოდ დაჩაგრეს. არ გაიყიდა ნუგზარ ფუტკარაძე, ნამდვილი გმირი. რა აწყენდა 100 000$-ის აღება? არ გაიყიდა და ეს არის ის, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ.
ამიტომ, ჩვენ ყველამ ჩვენს თავს უნდა ვუთხრათ – ეს ქვეყანა ჩვენია, პოლიტიკოსებს ნუკი ვთხოვთ, რომ მიშა შენ ჩამოდი, მიშა თუ არ ჩამოვიდა, არაფერი არ გვეშველება. აჰა, ჩამოვედი და ჩემი სიცოცხლე ჩაგიდეთ ხელში. თუ რაღაცა პოლიტიკოსებმა გეგმა არ ჩაგვიგდეს, არაფერი არ გვეშველება… ყველა ადამიანს აქვს მოქმედების არა მხოლოდ უფლება, [არამედ] ვალდებულება და მე ჩამოვედი აქ იმ დროს, როცა ნახევარი მილიონი ადამიანი გარბის საქართველოდან, კიდევ, დამატებით, ვინც ამერიკის გრინ კარტაზე შედის და ა.შ. … და მე მინდა გითხრათ, რომ მე წამოვედი დინების საწინააღმდეგოდ. ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო. მე არ მინდა ვიყო მკვდარი თევზი და ჩვენ არავინ არ უნდა ვიყოთ მკვდარი თევზი. ამიტომ, მოქმედება. ასევე, მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს თავის ეზოში, თავის საკარმიდამოში, თავის სოფელში, შექმნას თავისი საკუთარი მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი პუტინის ტყვეობიდან, იმიტომ, რომ იმისათვის, რომ დაგეხმაროთ, მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს, იმიტომ, რომ თქვენ იცით, რა ენერგია მაქვს და რა შესაძლებლობები მაქვს იმისათვის, რომ დაგეხმაროთ.
და მე მინდა გითხრათ საბოლოოდ უზარმაზარი მადლობა და სხვათა შორის, სანამ ამ მადლობას ვიტყოდე, მინდა შეგახსენოთ, როგორ იყო, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღვძარითო, იმიტომ, რომ პოლიტიკაში იყო ჩართულიო. მინდა შეგახსენოთ, რა პოლიტიკაში ჩავერთე, როცა აღმიძრეს აი, ამათ სისხლის სამართლის საქმეები – მე არ ვიყავი ქართულ პოლიტიკაში, მე დავინიშნე ოდესის ოლქის გუბერნატორად, უკრაინის ყველაზე დიდი ოლქის გუბერნატორად, სადაც არის 3 მლნ მცხოვრები და ყველაზე სტრატეგიული ადგილია რუსეთისთვის. ყელში ვყავდი გაჩხერილი პუტინს და შემთხვევით პუტინმა ხომ არ გიკარნახათ ის, რომ პოლიტიკაში ვარ ჩართული და ამის გამო უნდა აღძრულიყო საქმე? შემთხვევით, ხომ არ დაემთხვა ესე, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორ[ად] დანიშვნიდან ერთ თვეში აღმიძრეს სისხლის სამართლის საქმეები. მეტი რაღა დადასტურება გინდათ? და გამოდის ეს ღარიბაშვილი და იძახის, რომ იმიტომ აღვძარითო, რომ პოლიტიკაში იყოვო. დიახ, პოლიტიკაში ვიყავი, უკრაინულ პოლიტიკაში, ყველაზე მაღალ თანამდებობაზე, იმ ადგილზე, სადაც პუტინს ეს არ სიამოვნებდა.
საქართველოს ყიდიან, გაყიდეს, მიაყიდეს უკვე, რუსეთს და მისი უკან გამოთხოვა არის იმ ხალხის აუცილებ[ელი] ვალდებულება, რომელ[საც] 2 მლნ კრედიტი აქვს ბანკის და ყოველი მე-5 და მე-6 ამას ვერ იხდის. ჩემი გაჭირვებული ქართველი ხალხის, გაჭირვებული მაგრამ არა დაჩმორებულის, როგოც მათ უნდათ. 14 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ, რომ არავინ არ არის დაჩმორებული.
მე მინდა მოგმართოთ საბოლოოდ ჩემო საყვარელო ხალხო – ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე. ყველამ იცის, რომ ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია, როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა შემოვიარე, ჰოლანდიაში გენერალურმა პროკურორმა ოთხჯერ დამპატიჟა, რომ მთელი პროკურატურისთვის ლექცია წამეკითხა, ყველაზე სამართლებრივ ქვეყანაში ევროპაში და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს ბრალს ჩემ წინააღმდეგ, ამ ბედოვლათების გარდა, არის რუსეთი [აქ საუბარში კვლავ ბრალდების მხარე ერთვება და მიხეილ სააკაშვილს კორექტულობისკენ მოუწოდებს].
რა თქმა უნდა, მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი და მე მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს – არავითარი ხელის ჩამოშვება, არავითარი პაუზები და გაჩერება, ჩვენ სამშობლო [გვაქვს] გადასარჩენი. ყველანი მობილიზებული, ყველანი მშვიდობიანი, ორგანიზებული, მაგრამ თავგადაკლული და თავგადადებული. აჰა, ხომ გადავდე თავი? ხომ გადადო ელენე ხოშტარიამ თავი? ხომ გადადო ნიკა მელიამ თავი, როცა თავის ფეხში შევიდა ციხეში? ხომ გადადო ლექსო რაფავამ თავი? არანაირი უკან დახევა! ეს რეჟიმი უნდა აუცილებლად მოშორდეს! და საქართველო აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს!
დიდი მადლობა, ჩემო ქართველო ხალხო, იმისათვის, რომ მიმიღეთ, იმისათვის, რომ მხარს მიჭერთ და იმისათვის, რომ იბრძვით!
ჩვენ აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად ამ საშინელებას დავამარცხებთ და ჩვენ აუცილებლად თავისუფალი, ამაყი და ძალიან წარმატებულები. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და წმინდა გიორგი. გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება [ბოლო სიტყვა კარგად აღარ ისმის]“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)