აშშ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას ადასტურებს
რიგაში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნების ყოველწლიური ეროვნული პროგრამები დეტალურად აღწერენ წევრობისკენ მიმავალ გზას და რომ „საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის წევრები, რაც ზრდის ნატოელ მოკავშირეებთან მათ თავსებადობასა და წვრთნის შესაძლებლობებს“.
„ნატოს ლიდერები ერთგულნი რჩებიან ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც იზიარებს ნატოს ფასეულობებს და საჭირო ვალდებულებებს ასრულებს, წევრობისკენ უხსნის გზას“, – ნათქვამია განცხადებაში. „ნატოს ივნისის სამიტზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთობა ამ საკითზე“, – ვკითხულობთ იქვე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, რომ ნატომ კვლავაც უზრუნველყოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლის საიმედოობა“, რომელიც უფლებას აძლევს მხარეებს, ერთსულოვანი შეთანხმებით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ხელშეკრულებასთან შემოერთება შესთავაზონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)