კრიტიკის მიუხედავად პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაამტკიცა
საერთაშორისო საზოგადოებისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის კრიტიკის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა 1 დეკემბერს ოთხი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესა.
ქართულმა ოცნებამ უზენაეს სასამართლოში გენადი მიქაბერიძე, ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი გაამწესა. ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე პარლამენტში მხოლოდ მათი კანდიდატურები იყო წარდგენილი. მათგან ოქროპირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, დანარჩენები კი – თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახურობდნენ.
უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილი კიდევ ერთი მოსამართლისთვის რჩება.
მოსამართლეების ხმის მიცემის პროცესი ოპოზიციის პროტესტის ფონზე წარიმართა, რამდენადაც რამდენიმე დეპუტატმა სხდომათა დარბაზი „დემარშით“ დატოვა. ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ბადრი ჯაფარიძემ და ანა ნაცვლიშვილმა ლელოდან, ასევე გიორგი ვაშაძემ და თეონა აქუბარდიამ სტრატეგია აღმაშენებლიდან და რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გააკრიტიკეს და მას „არალეგიტიმური“ უწოდეს.
ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ქართული ოცნება წინა ხელისუფლებისგან „კლანური სასამართლოს“ გადმობარებასა და შენარჩუნებაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ „სწორედ ეს სასამართლო არის მათი ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი ფორპოსტი დღეს“.
მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ყველა თანხმდება, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი რეფორმების გატარებამდე უნდა შეჩერებულიყო და ამის შემდეგ „მომხდარიყო ახალი, ჯანსაღი სისტემით ადამიანების გამწესება სასამართლოში“. მანვე მმართველი გუნდი სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის საჭირო ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ორჯერ გადავადებაშიც დაადანაშაულა.
„ქართული ოცნება ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მას აქვს კარგი სისტემა და რომ ოპოზიციას არცერთი წინადადება თურმე არ წარმოუდგენია სასამართლო როგორ გახდეს უკეთესი“, – ხაზი გაუსვა მანვე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში 25-26 ნოემბერს მოუსმინეს. პარლამენტის მიერ მოსამართლეთა დანიშვნების პროცესის გაგრძელებას ფართო საზოგადოების, მათ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების კრიტიკა მოჰყვა.
26 ნოემბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულია“, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს. საელჩომ ასევე წუხილი გამოთქვა, რომ პარლამენტი დანიშვნების პროცესს „სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე“ განაგრძობს, რაზეც პოლიტიკური ლიდერები 19 აპრილს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით შეთანხმდნენ.
პარალელურად, ევროკავშირის საელჩომ უარი განაცხადა დასწრებოდა კანდიდატების საპარლამენტო მოსმენებს. 25 ნოემბერს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ შეესაბამება ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, ასევე ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მისაღებად დაწესებულ პირობებს. ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ არის გარკვეული ხარვეზები საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც „სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“.
მანამდე, 24 ნოემბერს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მოუწოდა საქართველოს პარლამენტს უარი ეთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, „სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და სავალდებულო არ იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება“.
კოალიციამ ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატთან „გასაუბრებებისა და შეფასების პროცესი, ლეგიტიმაციის ცალსახა კრიზისით ხასიათდებოდა“.
მანამდე, მიმდინარე წლის ივლისში, ქართულმა ოცნებამ ასევე კრიტიკის მიუხედავად უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ გაამწესა.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
- კელი დეგნანი: სანქციები არსებული „ბევრი ინსტრუმენტიდან“ ერთ-ერთია
- ბლინკენი: „ღრმად შეშფოთებულნი“ ვართ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გამო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)