ლავროვი იმედოვნებს, რომ „კიევის რეჟიმი“ სააკაშვილის გზას არ დაადგება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ „კიევის რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში არჩეულ გზას არ დაადგება“ და „სამხედრო ავანტიურაში არ ჩაერთვება“.
30 ნოემბერს ბრაზილიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში არსებულ პრობლემებში დასავლეთის დედაქალაქები დაადანაშაულა, რომლებიც კიევს ანტირუსული ქმედებებისკენ უბიძგებენ. ამის აშკარა მაგალითად მან ნატოს მიერ 2008 წელს დადებული პირობა მოიყვანა, რომლის თანახმადაც, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან.
„საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მაშინვე „აღიგზნო“ (რაც მისთვის რთული არ არის) და დაიწყო აგრესია, სამხედრო ქმედებები და დაბომბვა საკუთარი მოქალაქეების და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ „უკრაინის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მეტი გონიერება გამოიჩინა და არ გაიმეორა ეს ცუდი მაგალითი“.
„უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება განსხვავებულ თვისებებს ავლენს და ცუდი გავლენის ქვეშ არიან, რომელსაც დასავლეთი მათ აქტიურად ახვევს თავს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „არ გვაქვს უფლება გამოვრიცხოთ იმის შესაძლებლობა, რომ კიევის რეჟიმი სამხედრო ავანტიურაში ჩაერთვება. ეს ყველაფერი პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას“, – დასძინა მანვე.
ამ კონტექსტში მან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თხოვნა ახსენა დიპლომატიური სამსახურის მიმართ, რომ რუსეთის „დამოუკიდებლობის სტაბილური გარანტიები უზრუნველყოს“ და ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებები გაიხსენა. ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომა 2 დეკემბერს სტოქჰოლმში იხსნება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის ოფიციალური პირები 2008 წლის აგვისტოს ომს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ესკალაციის კონტექსტში ახსენებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ 22 ნოემბერს გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ „უკიდურეს შეშფოთებას იწვევს აშშ-ისა და ევროკავშირის პროვოკაციული პოლიტიკა, რომელიც შეგნებულად უძლიერებს კიევს ყველაფრის უფლებისა და დაუსჯელობის განცდას. ანალოგიური სიტუაცია შეინიშნებოდა საქართველოში 2008 წლის მოვლენების წინ. სააკაშვილმა „აიწყვიტა“ და რუსი სამშვიდობოების და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას შეეცადა. ეს მას ძვირი დაუჯდა“.
2008 წლამდეც, კრემლი ღიად ერეოდა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ადგილობრივ პოლიტიკურ საქმეებში და სეპარატისტ ლიდერებს უჭერდა მხარს. რუსეთის ყოფილმა და მოქმედმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ რუსეთის დაზვერვა და სამხედრო ძალები აფხაზ და ოს სეპარატისტებს თბილისის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ, მათ შორის, მხარს უჭერდნენ ჩრდილო კავკასიელებს, რომ ქართული ძალების წინააღმდეგ ეომათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)