საქართველოს რუსული ენერგოკომპანიის სასარგებლოდ 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა
სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტმა რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაოს“ სარჩელის საფუძველზე, საქართველოს კომპანიისთვის 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ქართულმა მხარემ გადაწყვეტილება „დაუსაბუთებლად“ მიიჩნია და გაასაჩივრა.
„ინტერ რაომ“ და საქართველოში მისმა შვილობილმა კომპანიამ – „თელასმა“ საარბიტრაჟო სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ 2017 წლის ივნისში შეიტანეს. მათი მტკიცებით, ხელისუფლებამ 2013 წლის მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია მას შემდეგ, რაც 2013-2016 წლებში ლარის გაუფასურების ფონზე კომპანიას ტარიფების ცვლილების უფლება არ მისცა.
იუსტიციის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო „ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული“, რამაც უბიძგა ქართულ მხარეს, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი.
საარბიტრაჟო საქმე და კომპანიის პრეტენზიები
მოსარჩელეთა თქმით, 2013 წლის მემორანდუმით განისაზღვრა კონკრეტული სამომხმარებლო ტარიფი, საშუალო შეწონილი შესყიდვის ტარიფი და თელასისთვის განაწილების ტარიფი – 2013 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში. თუმცა, მემორანდუმი კონკრეტულ შემთხვევებში გარკვეული ცვლილებების შეტანასაც ითვალისწინებდა.
საარბიტრაჟო სარჩელში ნათქვამია, რომ კომპანიას შეუძლია სამომხმარებლო ტარიფის ზრდა საშუალო შეწონილი შესყიდვის ტარიფის ზრდის პარალელურად – ხარჯთაღრიცხვა ყოველწლიურად გამოითვლება იმპორტის, ელექტროგადამცემი ქსელების დანაკარგებისა და გადაცემის, ტრანზიტისა და განაწილების კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზის გზით.
კომპანიას ასევე შეეძლო განაწილების ტარიფის ზრდაც – სხვაობა ორ დანარჩენ ტარიფს შორის, თუ ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდებოდა.
ამ დებულებების საფუძველზე, „თელასმა“ 2016 წლის მაისში ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ თხოვნით განაწილების ტარიფების დარეგულირების თაობაზე. თუმცა, სამინისტრომ არსებულ ტარიფებში რაიმე ცვლილებების განხილვაზე უარი განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელიც იმ ტარიფებს არეგულირებს, რომლითაც „თელასი“ მწარმოებელი კომპანიებისგან ელექტროენერგიას იძენს და შემდეგ უშუალო მომხმარებლებზე ყიდის, უარის მიზეზად ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების 2014 წლის მეთოდოლოგია დაასახელა.
განახლებული მეთოდოლოგია არ ითვალისწინებდა გაუფასურების მოტივით ტარიფების ცვლილებას, განსხვავებით წინა 2011 წლის ვერსიისა, რომელიც გამონაკლისებს უშვებდა, მთავრობის მიერ მიღებულ სახელშეკრულებო და სხვა კონკრეტულ შეთანხმებებზე უპირატესობის მინიჭებით და თელასისა და მისი მემორანდუმის მსგავს შემთხვევებში ტარიფის კორექტირების საშუალებას იძლეოდა.
კომპანიების თქმით, ხელისუფლების უარმა ტარიფების ცვლილებასთან და ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული „უარყოფითი შედეგების“ კომპენსირებასთან დაკავშირებით მათ, დაახლოებით, 89 მლნ აშშ დოლარის ზარალი მოუტანა. მოსარჩელეები იტოვებენ უფლებას, რომ ფულად პრეტენზიებში ცვლილებები შეიტანონ და მოგვიანებით, უფრო მეტი თანხა მოითხოვონ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უთხრა „სამოქალაქო საქართველოს“, რომ „ინტერ რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც „საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)