ოკუპირებული აფხაზეთის „ოფიციალური პირები“ მინსკს სტუმრობენ 

ოკუპირებული აფხაზეთის „განათლების მინისტრი“, ინალ გაბლია და „უშიშროების საბჭოს მდივნის“ ახლადდანიშნული მოადგილე, ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“, დაურ კოვე მინსკს სტუმრობენ, სადაც 1-ელ დეკემბერს საზოგადოებრივი ასოციაციის „ბელაია რუსის“ თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე შატკოს შეხვდნენ.

ელაია რუსი“, მსხვილი ასოციაცია, რომელიც 191 000 წევრს აერთიანებს, 2007 წელს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდაჭერის მიზნით ჩამოყალიბდა.

ორგანიზაციის პრესრელიზში სახელწოდებით – „ბელარუსი – აფხაზეთი. არის კონტაქტი“ ნათქვამია, რომ მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს „ბელაია რუსსა“ და პარტია „ერთიან აფხაზეთს“ შორის, რათა „ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებების დასაახლოებლად ერთობლივი პროექტები განახორციელონ“.

შეხვედრის შემდეგ, ინალ გაბლიამ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკს“ უთხრა, რომ აფხაზეთის დელეგაციამ ბელარუსის მწერალთა კავშირში, ასევე პროფესიული განათლების რესპუბლიკურ ინსტიტუტში გამართა შეხვედრები და დასძინა, რომ ბელარუსის განათლების მინისტრთანაც გეგმავენ შეხვედრას.

ამავე ინფორმაციით, გაბლიამ მადლიერება გამოხატა ლუკაშენკოს და ბელარუსელი კოლეგების მიმართ, რომლებიც „საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის ხელშეწყობაში ეხმარებიან“.

ამჟამად, ბელარუსს ოფიციალურად არ აქვს აღიარებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა. 2009 წელს, მინსკი განიხილავდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხს, თუმცა საბოლოოდ, უარი თქვა კრემლის ნაბიჯის გამეორებაზე. მაშინ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან ამ ნაბიჯზე იმიტომ თქვა უარი, რომ მოსკოვმა უარი განაცხადა გაეზიარებინა ის უარყოფითი შედეგები, მათ შორის ბელარუსის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციები, რომელთაც დასავლეთი ქვეყანას ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დააკისრებდა.

ბიბილოვი იმედოვნებს, რომ ბელარუსი ცხინვალს აღიარებს

ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან საქართველოს შეთანხმება ძალაში შევიდა

დაახლოებით ორი კვირის წინ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმაც გამოთქვა იმედი ბელარუსის და სხვა სახელმწიფოების მიერ ოკუპირებული რეგიონის აღიარების თაობაზე.

მოსკოვი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ომიდან ორი კვირის თავზე, 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა, აქტიურად მოუწოდებს ქვეყნებს ორი რეგიონის აღიარებისკენ. დღემდე, ორი რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთთან ერთად მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ ცნეს.

თბილისი და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ორივე რეგიონს საქართველოს ნაწილად აღიარებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)