არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებს აკრიტიკებენ
კოალიაცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომლიც 40-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას „გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს“.
კოალიციის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესები „არსებითად პრობლემურია“, რადგან „არასაკმარისად არის დაზღვეული ამ პროცესზე შიდა და გარე გავლენების საფრთხეები“. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს „ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე“.
კოალიციამ საქართველოს პარლამენტი იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდება, „შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსი მანამ, სანამ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი ამ პროცესების სამართლიანად, პარტიული თუ კორპორატიული ინტერესებისგან თავისუფლად წარმართვა“.
არასამთავრობოებმა ისიც აღნიშნეს, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის „ხარვეზიანმა პროცედურებმა“ და მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან „ნების არარსებობამ“, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს დამყარებოდა, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართვა „თავისთავად შეამცირა“.
კოალიციის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერა „ჩრდილს აყენებს როგორც კონკრეტულად შერჩეულ მოსამართლეებს, ისე მთლიანად სასამართლო სისტემას“ და „კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების რეალური გაჯანსაღების პერსპექტივას და ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ“.
უფლებადამცველები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6-დან 5 არამოსამართლე წევრი ამ დრომდე არ არის დანიშნული. „შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებდა მოსამართლე წევრთა სრული დომინაციით, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა კორპორატივიზმის და კლანურობის აღქმებს“, – აცხადებენ ისინი.
„წარსული გამოცდილებების მსგავსად, კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით კანდიდატების შეფასების ნაცვლად, საბჭოში მიმდინარე პროცესი ტოვებდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების გამო ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს
- კრიტიკის მიუხედავად პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაამტკიცა
- აშშ-ის საელჩო „იმედგაცრუებულია“, რომ პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნას განაგრძობს
- ევროკავშირის საელჩო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენებს არ დაესწრება
- არასამთავრობოები უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების დაგეგმილ საპარლამენტო მოსმენებს ეხმიანებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)