შუაღამის დაპირისპირება, დაპატიმრება და პროტესტი სოხუმში
2-3 დეკემბრის ღამით, სოხუმში დაპირისპირება და სროლა იყო, რომელშიც ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ, რის გამოც, მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. სამართალდამცველი სტრუქტურების წარუმატებელ საქმიანობას 2 დეკემბერს „შინაგან საქმეთა მინისტრის“, დმიტრი დბარის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.
ხმაურიანი მოვლენების სერია მილიციის მიერ ორი ქალის – ანგელა ბრანძიასა და ლოლიტა ხალვაშის სახლების ჩხრეკით დაიწყო. ორივე მათგანს სამართალდამცველები Facebook-ზე ანონიმური გვერდების მართვაში ადანაშაულებენ, რომელთა მეშვეობითაც ოფიციალური პირების შეურაცხყოფა ხდებოდა.
ტელეგრამის არხების – „რესპუბლიკასა“ და „ამრა ლაიფის“ ინფორმაციით, მილიციამ ჯერ ხალვაშის სახლი გაჩხრიკა, შემდეგ კი – ბრანძიას სახლში გადაინაცვლა, სადაც მათ მისი მეგობრების, ნათესავებისა და მეზობლების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდათ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალების მხარდამჭერებსა და მილიციელებს შორის დაპირისპირება ბრანძიას სახლის წინ ჩხუბში გადაიზარდა.
ჩხუბის დროს, ადგილზე „ტურიზმის მინისტრის მოადგილე“, დათო ქაჯაია და ბჟანიას „ადმინისტრაციის“ უფროსის მოადგილე, ზურაბ ქაჯაია მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დათო ქაჯაიამ საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა და ერთ-ერთი ადგილობრივი დაჭრა.
ინციდენტის შემდეგ, ოპოზიციურმა ორგანიზაციამ „აიდგილარამ“ მხარდამჭერებს იარაღის აღებისა და მათი ოფისის წინ შეკრებისკენ მოუწოდა, საიდანაც ღამის მოვლენებით გაბრაზებული უამრავი ადამიანი ბჟანიას რეზიდენციისკენ დაიძრა და მისი გადადგომა მოითხოვა.
„აიდგილარას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კან კვარჩიამ ბჟანიასთან მოლაპარაკების მიზნით შიგნით შევიდა, რის შემდეგაც, მხარდამჭერებს უთხრა, რომ აფხაზეთის ლიდერმა მას ინციდენტის შესწავლისა და დამნაშავეთა პასუხისგების დაპირება მისცა. „ყველამ უნდა მიიღოს, რაც დაიმსახურა“, – განაცხადა კვარჩიამ და დასძინა, რომ თუ ბჟანია პირობას არ შეასრულებს, მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბებიან.
„გენერალურმა პროკურორმა“ ადგურ აგრბამ 3 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ სროლის შემდეგ, დათო ქაჯაია განაიარაღეს და დააკავეს. მისი თქმით, ქაჯაიას მსხვერპლი მსუბუქად დაშავდა და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა. აგრბამ ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ორივე ქალი „ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის“ ბრალდებით დააკავეს.
დღესვე, საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესმა“ განაცხადა, რომ აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრმა“, ალექსანდრე ანქვაბმა დათო ქაჯაია და რაშ ცვიჟბა „ტურიზმისა და შინაგან საქმეთა მინისტრების“ მოადგილეების თანამდებობებიდან გაათავისუფლა. იმავდროულად, ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ზურაბ ქაჯაია დაკავებული თანამდებობიდან თავად გადადგა.
ასევე წაიკითხეთ:
- ასლან ბჟანიამ „შინაგან საქმეთა მინისტრი“ თანამდებობიდან გადააყენა
- აფხაზეთის სამართალდამცველ სტრუქტურებში „სისტემური კრიზისის“ თაობაზე წუხილები იზრდება
- აფხაზეთში „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გადადგომას ითხოვენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)