ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, მალხაზ ჯანელიძე 3 დეკემბერს გაათავისუფლეს და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ მის გათავისუფლებაში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ასევე აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
მალხაზ ჯანელიძე საოკუპაციო ძალებმა 1 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ჯავის რაიონის სოფელ ვანელის მიმდებარედ დააკავეს.
3 დეკემბერს, გათავისუფლების შემდეგ, ქართულ მედიასთან საუბარში ჯანელიძემ თქვა, რომ მან საოკუპაციო ხაზთან ორი ღობე გადალახა, რის შემდეგაც, იგი ტყის გავლით ცხინვალამდე ფეხით ჩავიდა, ჯავამდე კი – ამვტომობილით მივიდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ, მან დაახლოებით კიდევ ხუთი საათი ფეხით იარა, რის შემდეგაც დააკავეს.
ჯანელიძის თქმით, ჯავიდან რუსეთში სამუშაოდ და სამკურნაოდ მიდიოდა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დაკავებისას, მას ერთმა მესაზღვრემ და პოლიციელმა სცემეს. „თავში, კეფაში ურტყამენ, რომ სახეზე არ შეგეტყოს არაფერი“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
„რუსეთის ოფიციალურ საზღვარზე იმიტომ არ გადავედი, რომ დეპორტაცია მაქვს, ამიტომ ამ გზით წავედი. მეგონა, აქედან შევიდოდი“, – წერს „რადიო თავისუფლება“ ჯანელიძის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)