პარმენ ჭიჭინაძის დასაფლავება – ანტისაბჭოთა დემონსტრაცია

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 30 ნოემბერი, N13

ამხ. პარმენ ჭიჭინაძის დასაფლავება

დემოკრატიულ საქართველოს რუსის ხიშტებით დაპყრობის შემდეგ 9 ოქტომბერი ერთი შესანიშნავი დღეთაგანი იყო საქართველოს ცხოვრებაში. ამ დღეს დავასაფლავეთ ყოფილი სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე.

იგი გარდაიცვალა თფილისში მიხეილს საავათმყოფოში.

მას შემდეგ, რაც რუსეთის „სოციალისტურმა“ ხიშტებმა დაიპყრო საქართველო ამხანაგმა პარმენმა მიატოვა ქალაქი და წავიდა სოფლათ, სადაც სოფლურ ცხოვრებას აპირებდა, და მოკიდა ხელი ყანებს და ბაღების დამუშავებას.

მაგრამ „კომუნისტურმა“ კანონებმა გამოიჩინა ყოფილი მეფის სიმამაცე და ამხანაგი პარმენი, რომელიც წინეთ დევნილი იყო, როგორც პოლიტიკური დამნაშავე და მომუშავე სარევოლუციო ორგანიზაციებში, ახლა ამ ხანაში, როცა საქართველო ვითომ „სოციალისტური“ გახდა, დაჭერილ იქნა „სოციალისტური“ კანონების ძალით და სხვა მის ამხანაგებთან ქ. თფილისის ნომერ მეორე მეტეხის ციხეში მოათავსეს. რამოდენიმე თვის ჯდომის შემდეგ არაადამიანური, და თვითმპყრობელურ რეჟიმზე უარეს პირობებში ჩაყენებამ, ეს ჩვენი ქართველი ხალხის საამაყო სოციალისტი, გახდა მძიმეთ ავათ, და როცა იგი რამდენიმე საათის შემდეგ უნდა გარდაცვლილიყო, მხოლოდ მაშინ მოგვცეს ნება, რომ გადაგვეყვანა მიხეილის საავათმყოფოში. და იქ კიდევაც დალია სული პარმენმა.

მაშინვე ამორჩეული იქნა დამსაფლავებელი კომისია, რომელმაც აუღო ნებართვა გრუზრევკომიდან, (ასე უწოდებენ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო მთავრობას), რომ ამხანაგ პარმენის გვამი დაგვემარხა სამხედრო ტაძრის ეზოში, სადაც არის ძმათა სასაფლაო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დახოცილთა. გრუზრევკოვმა ნება დართო, და კომისია და მთელი ქართველი ხალხი ამ საისტორიო პროცესიის სამზადისს შეუდგა.

9 ოქტომბერს დილის 10 საათზე ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა იწყო მოგროვება მიხეილის საავათმყოფოში, ნაწილმა კი რუსთაველის პროსპექტზე სამხედრო ტაძრის წინ და ეზოში. მეც იქ ვიყავი ეზოში და მოელოდა პროცესიას, ამ დროს მოვიდა რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი, და დაიკავა ტაძრის ეზოში შესავალი კარები.

გაჩნდა ხალხში ფუჩუნი, რაშია საქმეო?!

გავიდა ცოტა ხანი და მოვიდა ავტომობილი და მოხსნა ეს შეიარაღებული ხალხი ტაძრის ეზოდან. ამავე დროს გადმოგვცეს ცნობა, რომ „დაკრძალვა მოხდება არა სამხედრო ტაძრის ეზოში, არამედ დიდუბის ეკლესიის ეზოშიო“. ხალხი აღელვებული, ზოგი ეტლით, ზოგი ფეხით, გაექანა მიხეილის საავადმყოფოსკენ.

პლეხანოვის პროსპექტის მთელ სიგრძეზე ყველა შესახვევებში იდგენ შეიარაღებული ჩეკისტები და კომატრიადები. მაგრამ განა ეს შეაშინებდა ქართველ ხალხს, რომელსაც არა ერთჯერ უნახავს ნიკოლოზის შეკაზმული მამაცი კაზაკები და ალიხანოვ-ავარსკების დრაგუნები თავის მათრახებით და ხმალ-თოფებით?

ამ დღეს, 9 ოქტომბერს ქართველი ხალხი, როგორც წინეთ არ აქცევდა ყურადღება შეიარაღებულ ჩეკისტებს და მიეჩქარებოდა, რომ უკანასკნელი მოვალეობა მოეხადა დამსახურებულ ხალხის განთავისუფლებისათვის  30 წლის განმავლობაში მებრძოლ დატანჯულ სოციალისტის წინაშე.

მაინც მოგროვდა რამდენიმე ათი ათასი ხალხი შავ ძაძით შემოსილი, და გაიმართა პროცესია. მაგრამ რადგან ხალხის სურვილს არ დაეთანხმა „კომუნისტური“ მთავრობა, რომ  დაგვემარხა საქართველოს თავისუფლებისათვის თავდადებული ადამიანი ქართული დროშით და ჰიმნით, ამის გამო მოერთოთ გვირგვინი ცოცხალ ყვავილებით, სადაც იყო გამოყვანილი ჩვენი ქართული სამ ფეროვანი დროშა, მეორე გვირგვინზე ცოცხალ ყავავილებში იყო გამოხატული ღერბი: წმინდა გიორგი  შვიდი მნათობით; მესამე შესანიშნავი გვირგვინი იყო მეტეხის ციხიდან გარშემორტყმული ეკლით.

გაემართა წინ გვირგვინები, გვირგვინებს უკან მისდევდა დიდი შავი დროშა და შემდეგ კი მთელი ხალხი, უმთავრესათ ქართველები. ამ ნაირად სამაგიეროდ სამხედრო ტაძრისა, სადაც საფლავი იყო გამზადებული გაგვამგზავრეს დიდუბისკენ.

იქ შემდეგი სურათი დაგხვდა, კარები დაკეტილი იყო და შიგ ეზოში რამოდენიმე ასეული შეიარაღებული ჩეკისტები იდგენ, და როგორც კი პროცესია კარებს მიადგა, გაისმა ყვირილი: „რაზაიდიტეს, ატო სტელიატ ბუდემ“. არავის მიუქცევია ყურადღება ამისთვის. მაგიდაზე ავიდა ვლასა მგელაძე და დაიწყო ლაპარაკი: პირველად გააცნო ხალხს მთელი ბიოგრაფია პარმენის რამაც ბევრი დამსწრენი აატირა, შემდეგ გადავიდა პოლიტიკაზე და ბოლოს შეეხო კომუნისტებსაც. ხალხიდან მოისმოდა ბევრნაირი წყევლა-კრულვა კომუნისტების მიმართ. ილაპარაკა 20-30 წუთი. ხალხის აღელვებას საზღვარი არ ქონდა. შინაარსიანი სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს კათალიკოსმაც, შემდეგ ერთი კაციც არ შეგვიშვეს ეკლესიის გალავანში. დაგვერიენ შეიარაღებული ჩეკისტები და გვიყვიროდნენ იმ სიტყვებს, რომელიც სტოლიპინის და ნიკოლოზის კანონების დროს იყო ხმარებაში. ხალხი დაგროვდა ნელ-ნელა და დემონსტრაციულად ქართული ჰიმნის მღერით დაბრუნდა პლეხანოვის პროსპექტით, კიროჩნის ქუჩამდე მივიდა და დაწყობილათ დაიშალა.

პროცესია გაგრძელდა საღამოს 7 საათამდე.

დამსწრე.