„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, მთავრობა ანტიკორუფციულ რეფორმას უგულებელყოფს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის აღსრულებას აფასებს, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობას „ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმების განხორციელების ინტერესი არ აქვს“.

ანგარიშში 2016-2020 წლებში სამინისტროებში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის აღსრულების მექანიზმების ეფექტიანობაა გაანალიზებული. დაკვირვების ობიექტი ჯამში 12 სამინისტრო იყო, რომელთაგან ინფორმაცია მხოლოდ ორმა – ფინანსთა და კულტურის სამინისტროებმა არ გასცეს.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენა სამინისტროებში პრაქტიკაში არ ხდება. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, კანონის მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო მექანიზმები საერთოდ არ არის დანერგილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, საანგარიშო პერიოდში შესაბამისი კანონდარღვევის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, 2017 წელს თანამდებობრივი შეუთავსებლობის 1 თანამშრომელი გაათავისუფლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

„2016-2020 წლებში კორუფციული სამართალდარღვევის, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და/ან დაუსაბუთებელი ქონების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად შეჩერებულია ანტიკორუფციული საბჭოს მუშაობა, ასევე ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია.

„ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო რეალურად არ არსებობს“, – ნათქვამია ანგარიშში. 2021 წლის მარტიდან ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ შეითავსა, თუმცა ახალი სტრუქტურული ერთეული პეროსნალით ჯერ არ დაკოპლექტებულა და მას ხელძღვანელიც არ ჰყავს.

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ აღნიშნა, რომ არსებული მონიტორინგის სისტემა ძირითადად ემსახურება დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმებას და არა კორუფციულ სამართალდარღვევათა შესაძლო შემთხვევების გამოვლენას და პრევენციას. ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ აქვს ყველა პროკურორს, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლებსა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლებს.

ორგანიზაციამ ასევე წუხილი გამოთქვა იმის თაობაზეც, რომ პრაქტიკაში მამხილებელთა დაცვის მექანიზმი რეალურად არ არსებობს. საჯარო დაწესებულებებს დანერგილი არ აქვთ მხილების განცხადების იდენტიფიცირების, მასზე რეაგირებისა და მონაცემების შეგროვების ერთიანი სტანდარტი. „შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს სისტემებზე დღემდე არ ვრცელდება მხილების მარეგულირებელი ნორმები; შესაბამისი რეგულაციები ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ უნდა შემუშავებულიყო“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, საქართველოში „სათანადო ყურადღება არ ექცევა“ ასევე საჩუქრების მიღების პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ამასთან, „საჯარო დაწესებულებებისათვის ნორმად იქცა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებების უპასუხოდ დატოვების არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა“.

ორგანიზაციამ რამდენიმე რეკომენდაციაც გასცა, მათ შორის, სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში 2020 წლის სექტემბერში მოხდა, თუმცა განხილვები ამ დრომდე შეჩერებულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მთავრობას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების განახლების, სამუშაო პროცესის აღდგენისა და მასში „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა რეალური მონაწილეობის უზრუნველყოფ[ის]“, – რეკომენდაციითაც მიმართავს. ორგანიზაცია ანტიკორუფციული სამდივნოს სრულად დაკომპლექტების, ასევე ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის „დაუყოვნებლივ“ დაწყების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)