ბესლეთის უძველესი ჰესი აფხაზეთში ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი განხეთქილება ჩამოვარდა, მას შემდეგ, რაც „პროკურატურამ“ დაადგინა, რომ ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კან კვარჩიას მფლობელობაში არსებული 1908 წელს აშენებული ბესლეთის ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაცია უკანონო იყო.

აფხაზურმა „პროკურატურამ“ პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ წინა „მინისტრთა კაბინეტის“ მიერ 2020 წლის მარტსა და აპრილში მიღებული ნორმატიული აქტები, რომლებითაც რეგიონის უძველესი ჰესის პრივატიზაცია გახდა შესაძლებელი, ეწინააღმდეგება აფხაზეთის „კანონებს“ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ელექტროენერგიის შესახებ.

„პროკურატურამ“ ასევე აღნიშნა, რომ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტი“ კანონდარღვევით, აფხაზეთის „პარლამენტის“ თანხმობის გარეშე გაიყიდა.

საკითხი ახლა ოკუპირებული რეგიონის „უზენაესმა სასამართლომ“ უნდა განიხილოს, რომელსაც პროკურორთა საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად 2 თვე აქვს.

ჰესის მფლობელის პასუხი

ოპოზიციური ჯგუფის „აიდგილარას“ თავმჯდომარემ, კან კვარჩიამ, რომელმაც ჰესი 2020 წელს შეისყიდა, პროკურორები „პოლიტიკური დაკვეთების განხორციელებაში“ დაადანაშაულა.

„მათ უნდათ, სასამართლო დავაში ჩამითრიონ და აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას ჩამომაშორონ“, – განაცხადა კვარჩიამ და დასძინა, რომ მისი გაჩუმება შეუძლებელია.

კვარჩიას თქმით, ისტორიული ძეგლის ყიდვისას მან ყველა სამართლებრივი პროცედურა გაიარა და რომ „პროკურატურის“ ბრალდების საწინააღმდეგოდ, „პარლამენტმა“ 2020 წლის 19 ივნისს, ჰესის პრივატიზაციას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, კონკურსის შესახებ განცხადება საჯარო იყო და ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ ის ნორმატიული აქტები, რომლებიც „პროკურატურამ“ უკანონოდ მიიჩნია, 2020 წლის რეგიონის ამჟამინდელი ლიდერის, ასლან ბჟანიას ხელისუფლებაში მოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრეა მიღებული, ხოლო ყიდვით კვარჩიამ ჰესი 2020 წლის ზაფხულში, ბჟანიას პოსტზე ყოფნის დროს იყიდა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში გაპარტახებულ, უმოქმედო ობიექტში 4 მილიონი რუბლი გადაიხადა, რომლის ფლობის გამოც იგი მიწისა და ქონების გადასახადებს უხდის ბიუჯეტს.

მისი თქმით, ჰესის ხელახლა ამუშავებას მილიონობით დოლარი დასჭირდება და რომ იგი არ აპირებს ჰესის ისტორიულ იერსახის შეცვლას.

„ბატონ ბჟანიას სურს, რომ ყველაფერი წაგვართვას და უცხოელ ინვესტორს გადასცეს? … ხელისუფლებას ვურჩევ, რომ არ გახსნას „პანდორას ყუთი““, – გააფრთხილა კვარჩიამ ბჟანიას ადმინისტრაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)