ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 8 დეკემბერს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით – 10.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ნარჩუნდება მკაცრი მონეტარული პოლიტია, რაც ძირითადად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული. სებ-ის განცხადებით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გათვალისწინებით, 2022 წლის თებერვლამდე ინფლაციის მაჩვენებელი კვლავაც გაიზრდება და შემცირებას მხოლოდ გაზაფხულიდან დაიწყებს.
სებ-ის განმარტებით, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდაც არის. „ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18%-ს გაუტოლდა“, – განაცხადა სებ-მა.
სების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლიურად შემცირებულია, მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია. ამასთან, კოვიდ-19-ის მართვის პროცესში დაწესებული შეზღუდვების გამო დაგროვილი მოთხოვნების 2021 წლის მეორე კვარტლიდან მოსალოდნელზე სწრაფად რეალიზებამ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა დააჩქარა.
ამასთან, შიდა მოთხოვნის მატება დაკრედიტების ზრდის დაჩქარებულმა ტემპმაც განაპირობა. „ძლიერი შიდა მოთხოვნა მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა, ამავდროულად, ის ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს“, – განაცხადა სებ-მა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, „მომავალში პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება“.
მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: ნოემბერში წლიური ინფლაცია 12.5% იყო
- საქსტატი: ოქტომბერში საქართველოს მშპ 6.9%-ით გაიზარდა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ოქტომბერში 23%-ით გაიზარდა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე დატოვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)