ენმ „ოცნებას“ გადაბირების მიზნით დმანისში თანაგუნდელზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ-ის სახელით არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის – რამიზ რამაზანოვის გადაბირების მიზნით მასზე ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის 30-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას 15-15 მანდატი აქვთ. მმართველ გუნდს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატის დასამტკიცებლად კიდევ ერთი დეპუტატის ხმა სჭირდება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ უკვე მეორე დღეა, რაც ისინი თანაგუნდელთან კავშირზე ვერ გადიან და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჰუსეინ ჰუსეინოვმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მას რამაზანოვთან ბოლო კონტაქტი კვირას, 5 დეკემბერს ჰქონდა, რა დროსაც მან უთხრა, რომ „ძაან დიდი ზეწოლებია“ და ისეთ მდგომარეობაში ვარ, ან საკრებულოში უნდა შევიდე ან „თავი უნდა მოვიკლა[ო]“. „მაგის მერე უკვე კონტაქტი შეწყდა, ვრეკავ არ პასუხობს ტელეფონზე“, – განაცხადა მანვე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მოსეშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებამ რამაზანოვის ჯერ მოსყიდვა სცადა და ხმის სანაცვლოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი და საბანკო ვალდებულებების გადახდა შესთავაზა, უარის შემდეგ კი – მას დაჭერით დაემუქრნენ.
„ესაუბრებოდა ახლადანიშნული გუბერნატორი [გიორგი დოხტურიშვილი ] და მისი მოადგილე და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თუკი საკრებულოს სხდომაზე არ მივიდოდა იქნებოდა დაპატიმრებული“, – განაცხადა მოსეშვილმა.
მისივე თქმით, მან თანაგუნდელს სასაუბროდ გუშინ სკოლაშიც მიაკითხა, სადაც იგი მათემატიკის მასწავლებელია და სკოლის ეზოს სიახლოვეს სუსის მანქანა შენიშნა. მედიის ცნობით, იგი ამავე სკოლის დირექტორიც იყო, თუმცა თანამდებობიდან დაახლოებით ორი კვირის წინ გაათავისუფლეს.
„5 წუთში მოვიდნენ ჩემთვის გაურკვეველი ზონდერ ჯგუფები,ქართული ოცნების აქტივისტები, [საკრებულოს] ახალი და ძველი დეპუტატები, ჩემ თვალწინ, ფაქტობრივად, ხელი მოკიდეს და წაიყვანეს, თუმცა სად არ ვიცი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ რამაზანოვი „გატაცებული არ არის, მაგრამ თავის ნების საწინააღმდეგოდ იზოლაციაში ამყოფებენ“.
რამაზანოვის „გატაცება“, „გადამალვა“ ან „გადმობირების“ მიზნით მასზე ზეწოლა კატეგორიულად უარყო დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა, კობა მურადაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ქცევა მმართველი გუნდის „სტილი“ არ არის.
„მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან მხოლოდ ერთი პირობით – ჩვენ ვთავაზობთ მათ საკრებულოს მოადგილე იყოს მათი კანდიდატი, ხოლო თავმჯდომარის ადგილზე ქართული ოცნების წევრი“, – განაცხადა მანვე.
იმის დასაზუტებლად, ხომ არ დაიწყო დმანისში მიმდინარე პროცესებზე გამოძიება, „სამოქალაქო საქართველო“ შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში თქვეს, რომ საქმეზე მოკვლევა ჯერ არ დაწყებულა.
რამაზანოვი ზეწოლას უარყოფს
ზეწოლასა და მუქარაზე ორდღიანი ცნობების შემდეგ, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბარში მასზე ზეწოლა არ დაადასტურა თავად რამიზ რამაზანოვმა და სკოლის ტერიტორიიდან არც მისი ნების საწინააღმდეგო წაყვანის ფაქტიც უარყო. რამზანოვმა დაადასტურა, რომ მას სკოლასთან გარკვეული პირები მართლაც ელოდნენ, მაგრამ მათი ვინაობა არ დააკონკრეტა.
„ჩემი მანქანით გაკვეთილის მერე წამოვედი დმანისში, ჩემს სახლში. იმის მერე საქმე მქონდა და სხვა ადგილზე წავედი“, – წერს „ნეტგაზეთი“ რამაზანოვის ნათქვამზე დაყრდნობით.
რაც შეეხება თანაგუნდელების განცხადებას, რომ ისინი ბოლო დღეებში მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რამაზანოვმა უპასუხა, რომ გუშინ ელექტროენერგია არ ჰქონდა მას, შესაძლოა, ამიტომ ვერ დაუკავშირდნენ.
რამაზანოვმა ასევე განაცხადა, რომ იგი თანაგუნდელების ბოიკოტს არ შეუერთდება და საკრებულოს ხვალინდელ სხდომას დაესწრება, თუმცა ოპოზიციაში რჩება. „ყველას თავისი პოლიტიკური შეხედულება აქვს. ჩემი გადაწყვეტილება ასეა“, – წერს „ნეტგაზეთი“ რამაზანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
არასამთავრობოების გამოხმაურება
იმ ფონზე, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მანდატები თანაბრად არის გაყოფილი, არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვობენ, რომ რამიზ რამაზანოვის გარშემო მიმდინარე პროცესები „მმართველი გუნდის მხრიდან მისი პოლიტიკური შევიწროების მიზანს ატარებს“, რასაც ისინი „შემაშფოთებლად“ მიიჩნევენ.
„ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ხელისუფლების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები მიუღებელია. ის არსებითად აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს.“, – აცხადებენ ისინი და ხელისუფლებას რამაზანოვის „უსაფრთხოებისა“ და „ღირსების“ დასაცავად „ყველა ზომის“ მიღებისკენ მოუწოდებენ.
არასამთავრობოები ბოლო წლებში პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო შევიწროებისა და ზეწოლის სხვა შემთხვევებსაც იხსენებენ და ამბობენ, რომ ამგვარი გამოცდილება მოქალაქეებს პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობას უკარგავს. „ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამგვარ პრაქტიკას დამატებითი სოციალური შინაარსი აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც სხვებთან ერთად ხელს ასევე აწერენ – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „სამართლიანი არჩევნები“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიცია და აქტივისტები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ
- ენმ-ის თქმით, ბათუმის საკრებულოში მათი პარტიის წევრი გარდაცვალებამდე ზეწოლის მსხვერპლი იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)