ერიკა ოლსონი: საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული პროცესი დააზიანა
დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს მუშაობის შესახებ საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა 8 დეკემბერს შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დემოკრატიული პროცესის გარკვეული ნაწილი დააზიანა.
გამოცემა Foreign Policy-ის მიერ ორგანიზებული ვირტუალური დიალოგის დროს საუბრისას, ოლსონმა აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების პირობა დადო და „ჩვენ ნამდვილად გვსურს ვიხილოთ, როგორ ასრულებს ის ამ პირობას“.
ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილის შეთანხმებაზე საუბრისას, ოლსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს, როგორც ახლო პარტნიორს, სურს დაეხმაროს საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც „მათ თავად ჩათვალეს მნიშვნელოვნად ქვეყნის მომავლისთვის“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერ ჩართულობას“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „მე, როდესაც საჭიროა, მკაცრ გზავნილებსაც ვაგზავნი. ვფიქრობ, ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებას წინ უძღვოდა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ქართული ოცნების კრიტიკა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის დანიშვნასთან, ასევე 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესაძლო უარის თქმასთან დაკავშირებით.
- ირაკლი კობახიძე და კელი დეგნანი ერთმანეთს კვალიფიკაციის გამო დაუპირისპირდნენ
- კელი დეგნანი ქართულ ოცნებას: ერთპარტიული მმართველობა ტირანიის საფრთხეს ქმნის
გარდა რეფორმებისა, ოლსონმა ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე.
იგი მიესალმა თბილისის ძალისხმევასა და ინიციატივას ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებების გამართვის კუთხით და აღნიშნა, რომ ამ სამმა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს და დადებით შედეგებს ერთად მიაღწიოს, ასევე დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს რეგიონული თანამშრომლობა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სურვილია, გამჭვირვალე და პატიოსანი შუამავალი იყოს სამი ქვეყნის დაკავშირების საქმეში და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გარედან ჩარევის გარეშე გაიკვალონ საკუთარი გზა.
დისკუსია ამერიკული საინფორმაციო გამოცემის Foreign Policy მიერ იყო ორგანიზებული და ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებულ ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდთან პარტნიორობით გაიმართა.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის საელჩო „იმედგაცრუებულია“, რომ პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნას განაგრძობს
- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში ვიზიტს განაგრძობს
- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)