ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 55-ე რაუნდი

7-8 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 55–ე რაუნდი გაიმართა.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

თბილისის პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიების 55-ე რაუნდის მთავარ საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე „გაძლიერებული დე-ფაქტო ანექსიის“ პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა იყო.

თბილისმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის დადებული შეთანხმებები, მათ შორის, აფხაზეთთან ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამა, მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში შთანთქმას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული „დესტრუქციული ნაბიჯები“ ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობას წარმოადგენს.

საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევებზე, ასევე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისმა ასევე დაგმო „მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე“.

დაადასტურა რა თბილისის ერთგულება ძალის არგამოყენების მიმართ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უკანონო „ბორდერიზაცია“ და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებად და ძალის გამოყენების მუქარად შეაფასა. თბილისმა მოსკოვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ სიტუაციას, თბილისმა ორივე ოკუპირებულ რეგიონში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დისკრიმინაციის საკითხი დააყენა. ამას გარდა, მწვავედ დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უცხოელებად დარეგისტრირების, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვისა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის თემა.

ქართველმა მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს გალელი ირაკლი ბებუას წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ასევე დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება.

საქართველოს დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ 3 წლის წინ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები აღდგება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საკითხის პოლიტიზება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.

რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის პოზიციები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ერთი მხრივ, თბილისს და, მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ ასეთი დოკუმენტის აქტუალობა მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს ტერიტორიასა და შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის და ნატოს ინტენსიური სამხედრო-საწვრთნელი აქტივობის გათვალისწინებით.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სოხუმმა გადადგა ნაბიჯები გალის IPRM-ის შეხვედრების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად და დასძინა, რომ საოკუპაციო ხაზების დელიმიტაცია და დემარკაცია რეალურ წვლილს შეიტანს უსაფრთხოებაში.

რუსულმა მხარემ დევნილების შესახებ საქართველოს ყოველწლიურ რეზოლუციას გაეროში „უკიდურესად პოლიტიზებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის გაეროში განხილვა ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლების გარეშე „კვლავაც ბლოკავს აღნიშნული პრობლემის განხილვას ჟენევის ფორმატში“.

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ განაცხადა, რომ სოხუმმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ გალის IPRM-ის შეხვედრები განაახლოს და ამისათვის რამდენიმე წინადადება წამოაყენა.

სოხუმმა შეშფოთება გამოხატა აშშ-ის და ნატოს მხადაჭერით „საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდის“ გამო და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, შავ ზღვაზე ამერიკული სამხედრო ხომალდების რეგულარულ ვიზიტებსა და „უცხოური სამოქალაქო და სამხედრო ხომალდების მიერ ს აფხაზეთის საჰაერო სივრცის მუდმივ დარღვევაზე“.

მონაწილეებმა სოხუმიდან აღნიშნეს, რომ დაძაბულობის ესკალაციის ზრდა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ცხინვალის მონაწილეებმა ჩორჩანა-წნელისის ქართული საპოლიციო საგუშაგოს საკითხი დააყენეს და აღნიშნეს, რომ „ეს საქმის ვითარებაზე უკიდირესად ნეგატიურ გავლენას ახდენს“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები

დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მონაწილეებმა თავისუფალი გადაადგილების, დოკუმენტაციის და საზღვარგარეთ მოგზაურობის, დაკავებების საკითხები, ასევე დაკარგულ პირთა ამოუხსნელი საქმეები და ლოკალიზებულ ადგილებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილები განიხილეს.

თანათავმჯდომარეების თქმით, „მიუხედავად კონსტრუქციული ჩართულობისა“ რამდენიმე ჰუმანიტარულ საკითხზე, დევნილთა და ლტოლვილთა შესახებ მთავარ საკითხზე დისკუსია ვერ შედგა, ვინაიდან ზოგიერთმა მონაწილემ შეხვედრა დატოვა.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ IPRM-ის ერგნეთის შეხვედრების ჩატარების გაგრძელებას და გალში ანალოგიური შეხვედრების განახლების პოტენციალზე დადებითი სიგნალების არსებობას გაუსვეს ხაზი.

თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს, რომ ნდობის აღსადგენად ძალისხმევა გააძლიერონ, კონსტრუქციულად ჩაერთონ ტექნიკური დონის დისკუსიებში, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებთან.

დისკუსიების მორიგი რაუნდი ჟენევაში 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)