კვლევა საქართველოს მიმართ ჩრდილოეთ კავკასიელების განწყობებს აჩვენებს
ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და მოსკოვის შედარებითი სოციალური კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიელებს უფრო კარგი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ, ვიდრე საშუალოდ რუსეთში.
ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში – დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიაში – ჩეჩნებს და ინგუშებს (60%-ზე მეტი) ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ქართველების მიმართ. კვლევა არ მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიის კიდევ ორ რესპუბლიკას – ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ადიღეს.
მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით რუსეთში ძალიან პოზიტიური ან მეტნაკლებად პოზიტიური დამოკიდებულება ქართველების მიმართ 38%-ს შეადგენს, იგივე მაჩვენებელი ჩეჩნეთში 63%, ინგუშეთში 61%, დაღესტანში 51%, ყაბარდო-ბალყარეთში 50%, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთში 47%-ია.
ჩეჩნეთსა და დაღესტანში, უფროს თაობებს უფრო დადებითი შეხედულებები აქვთ ქართველების მიმართ, ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩრდილოეთ ოსეთში კი – პირიქითა ტენდენცია გვხვდება.
კვლევის თანახმად, სხვაობა განწყობებში ამ რესპუბლიკებში, ერთი მხრივ, ქართული სახელმწიფოსა და მეორე მხრივ, ქართველი ხალხის მიმართ უფრო მცირეა, ვიდრე მთლიანად რუსეთში. სხვაობა თითქმის უმნიშვნელოა დაღესტანსა და ჩეჩნეთში და უფრო მეტი ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში. სხვაობა უფრო შეინიშნება ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც რესპონდენტების 47%-ს აქვს დადებითი განწყობა ქართველების მიმართ და მხოლოდ 38%-ს აქვს დადებითი განწყობა ქართული სახელმწიფოს მიმართ.
დამოკიდებულება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ
კვლევის თანახმად, მართალია, ჩრდილოეთ კავკასიაში გამოკითხულთა დიდი ნაწილი სრულიად ინდიფერენტულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეის მიმართ, მნიშვნელოვანი განსხვავებები მაინც შეინიშნება ხუთი რესპუბლიკის მოსახლეობას შორის. ჩეჩნები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას დადებითად ან მეტნაკლებად დადებითად განიხილავენ (42%); შემდეგ მოდიან – დაღესტნელები – 39%, ინგუშები – 38%, ყაბარდო-ბალყარელები – 31% და ჩრდ. ოსები – 26%.
აღსანიშნავია, რომ ძველ თაობებთან შედარებით, ახალგაზრდა თაობებს ბევრად პოზიტიური განწყობა აქვთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ. მაგალითად, ჩრდილოეთ ოსეთში 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის 42%-მა გამოხატა დადებითი შეხედულება, ხოლო 35-45 და 55 წელს ზემოთ ჯგუფებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 19% და 20%-ს შეადგენს. დაღესტნელი ახალგაზრდები 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან (52%) დიდწილად პოზიტიურად განიხილავენ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფები ნებისმიერი ამ ხუთი რესპუბლიკიდან.
ჩრდილოეთ კავკასიელების დადებითი განწყობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, თუმცა ამ იდეას ახალგაზრდები უფრო მეტად ემხრობიან, ვიდრე ძველი თაობები. ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ დადებითი შეხედულების მქონე რესპონდენტების სიის სათავეში ჩეჩნები არიან 24%-ით; შემდეგ მოდიან ინგუშები – 20%-ით; დაღესტნელები – 18%-ით; ყაბარდო-ბალყარელები – 15%-ით და ოსები – 12%-ით.
დამოკიდებულება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ
ხუთივე რესპუბლიკის საერთო შეხედულება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ამჟამინდელი სტატუსის მიმართ ისაა, რომ ეს ტერიტორიები კვაზი-დამოუკიდებლები არიან ან რუსეთის შემადგენლობაში შედიან. ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლები უფრო ხშირად მიიჩნევენ, რომ ეს რეგიონები ნამდვილად დამოუკიდებლები არიან, ვიდრე სხვა რესპუბლიკები.
კვლევის თანახმად, ყაბარდო-ბალყარელი, დაღესტნელი და ოსი რესპონდენტების დიდი ნაწილი უფრო მეტად მოელის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მომავალში რუსეთის შემადგენლობაში შევლენ, ვიდრე რუსეთის სხვა რესპუბლიკები.
ყაბარდო-ბალყარეთის, დაღესტნის და ჩრდილოეთ ოსეთის რესპონდენტების დაახლოებით 40% მიიჩნევს, რომ მომავალში აფხაზეთი რუსეთის ნაწილი გახდება. ინგუში და ჩეჩენი რესპონდენტების დაახლოებით ნახევარმა აფხაზეთის მომავალზე მოსაზრების გამოხატვისგან თავი შეიკავა.
ყველა რესპუბლიკიდან რესპონდენტების მხოლოდ მცირე ნაწილი მოელის აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას – ყაბარდო-ბალყარეთში 2% და ინგუშეთში 8%.
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონის მომავალს, რესპონდენტების 54% ჩრდილოეთ ოსეთიდან მოელის, რომ ოკუპირებული რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შევა. ანალოგიური მოლოდინი აქვს გამოკითხულთა 47%-ს ყაბარდო-ბალყარეთიდან და დაღესტნიდან. რესპონდენტების 40%-მა ინგუშეთიდან და ჩეჩნეთიდან ცხინვალის რეგიონის მომავალზე მოსაზრების გამოხატვისგან თავი შეიკავა.
ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში, რესპონდენტების მხოლოდ მცირე ნაწილი მოელის რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას – ჩრდილოეთ ოსეთში 2% და ინგუშეთში 9%.
ფოკუსჯგუფებმა აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა ინფორმირებულობა „სამხრეთ ოსეთში“ კონფლიქტის შესახებ ძალიან დაბალია – უფრო დაბალი, ვიდრე აფხაზეთის შესახებ.
კვლევის თანახმად, ფოკუსჯგუფების მონაწილეთა დიდმა ნაწილმა ძალიან ცოტა რამ იცის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შესახებ და მათ შესახებ მოსაზრება არ აქვს ჩამოყალიბებული. რესპონდენტების იმ მცირე ნაწილმა, რომელიც მეტად ინფორმირებულია, უარყოფითი მოსაზრება გამოხატა ამ კონფლიქტებში რუსეთის ჩართულობის შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)