მოსკოვმა და სოხუმმა გაზიფიკაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ოკუპირებული აფხაზეთის „ხელისუფლებამ“ და მოსკოვმა 9 დეკემბერს რეგიონის გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავების მიზნით შეთანხმებას და საგზაო რუკას მოაწერეს ხელი.
აფხაზეთის „მთავრობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმება მხარეთა ვალდებულებებს განსაზღვრავს და 2021-2022 წლებში რეგიონის გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავებისა და მასზე შეთანხმების მიზნით სამუშაოების განხორციელების ორგანიზებას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის ლიდერს, ასლან ბჟანიას 2020 წლის ნოემბერში სოჭში გამართულ შეხვედრაზე დაჰპირდა, რომ რუსეთი გაზიფიკაციის ძვირადღირებულ პროექტში რეგიონის დახმარების საკითხს განიხილავს.
აფხაზეთი, რომელიც გაზიფიცირებული არ არის, დიდწილად ზამთარში გასათბობად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული სწორედ მაშინ, როდესაც წყლის დონე ენგურის წყალსაცავში მცირდება. მას შემდეგ, რაც რეგიონში კრიპტოვალუტის მოპოვებამ ფართოდ მოიკიდა ფეხი, ელექტროენერგიის მუდმივი დეფიციტი კიდევ უფრო მკაფიო გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)