სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთაში დახმარებისთვის შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე სამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ასევე ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ლორთქიფანიძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 344-ე მუხლების ერთობლიობაში დარღვევას ედავება, რაც საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას, კერძოდ კი – საზღვრზე უკანონოდ შესვლისათვის სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს და 3-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მანამდე, ოქტომბრის თვეში, მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთაში დახმარების საქმეზე გამოძიებამ 4 პირი დააკავა.
პროკურატურის ცნობით, ლორთქიფანიძემ, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, წინასწარ იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთას აპირებდა და დახმარების მიზნით მისი ქვეყანაში შემოსვლის დეტალური გეგმა შეიმუშავა.
პროკურატურის თქმით, ლორთქიფანიძე ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში დაუკავშირდა და „გარკვეული დახმარების“ სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვარზე მისი სატვირთო ავტომანქანით შემოეყვანა.
საგამოძიებო უწყებისვე ცნობით, ცომაია უკრაინაში ლორთქიფანიძის მოთხოვნით 20 სექტემბერს ჩავიდა. 26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ადგილზე გიორგი ლორთქიფანიძის ავტომობილით მიიყვანეს, ცომაიას სატვირთოს სალონის წინასწარ მომზადებულ სამალავში გადასვეს. ამის შემდეგ, მათ უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე შეიყვანეს, რომელიც ფოთის პორტში 28 სექტემბერს შემოვიდა.
პროკურატურამ დაახლოებით წუთნახევრიანი აუდიოფაილიც გამოაქვეყნა, რომელშიც ლორთქიფანიძე, სავარაუდოდ, საქმის ორგანიზების მიზნით, ერთ-ერთ პირს შესაბამის მითითებებს აძლევს.
პროკურატურის განცხადებით, გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე „მომიტინგეთა დარბევის“ საქმეზეც არის ბრალდებული.
მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობის პერიოდში, ლორთქიფანიძეს 2015 ივნისიდან 2016 წლის ნოემბრამდე გიორგი ლორთქიფანიძეს ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა.
მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება
ლორთქიფანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ცოტა ხნის წინ Facebook-ით გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და თქვა, რომ იგი არის უკრაინის პოლიციისა და უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც „აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში“.
„რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მისივე შეფასებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში რუსეთის არცერთი აგენტი გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება „პირდაპირ რუსულ დაკვეთად“ და ივანიშვილის „კლეპტოკრატიული“ მმართველობის „სრულ ლუსტრაციად“ მიიჩნევს.
აღნიშნა რა, რომ ლორთქიფანიძე იყო ოდესის ოლქის პოლიციის პირველი უფროსი, რომელსაც ისტორიაში ქრთამი არ აუღია, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს!“.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 28-29 სექტემბერის ღამით შემოვიდა, სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება მას საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ასევე წაიკითხეთ:
- მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კიდევ ერთ სასამართლო პროცესს ესწრება
- მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლო პროცესზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)