დმანისში ენმ-დან წასული დეპუტატი ქართულ ოცნებას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში დაეხმარა

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასული მაჟორიტარი დეპუტატი, რამიზ რამაზანოვი, რომლის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელებიც ორი დღის განმავლობაში ამბობდნენ, რომ იგი გადაბირების მიზნით, მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის მსხვერპლი იყო, 10 დეკემბერს ქართულ ოცნებას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავისი კანდიდატის – პაატა ყულიაშვილის არჩევაში დაეხმარა, თავად კი – მისი პირველი მოადგილე გახდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის 30-წევრიან საკრებულოში, სადაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატები თანაბრად (15/15) იყო განაწილებული, დღეს ქართულ ოცნებას კვორუმი სწორედ რამაზანოვმა შეუვსო. საკრებულოს დღევანდელ სხდომას ქართულ ოცნებასთან ერთად, ოპოზიციიდან მხოლოდ ის დაესწრო და თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდის კანდიდატის ასარჩევად საჭირო დამატებითი ერთი ხმაც მან გაიღო.

ქართული ოცნების მხრიდან შესაძლო ზეწოლისა და მუქარის შესახებ ორდღიანი ცნობების შემდეგ, რამაზანოვი კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ იგი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

რამაზანოვმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისი დასწრების მიზეზად დმანისის მუნიციპალიტეტში შექმნილი „პოლიტიკური ჩიხი“ და მისი ამომრჩევლების მიმართ ანგარიშვალდებულება დაასახელა.

მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და იმ პერიოდში, როდესაც თანაგუნდელები ვერ უკავშირდებოდნენ, იგი „საჭირო საქმეზე“ ახლობლებთან იყო.

ქართული ოცნების მხრიდან რამაზანოვზე ზეწოლა და მუქარა უარყო დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა და ამ მხრივ ოპონენტების ბრალდებებს „აბსურდული“ უწოდა.

მის პირველ მოადგილედ რამაზანოვის არჩევის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ყულიაშვილმა თქვა, რომ ეს თანამდებობა მმართველ გუნდს ისედაც ოპოზიციის კვოტისთვის ჰქონდა განსაზღვრული, რისთვისაც მზაობა რამაზანოვმა გამოხატა და „გადმოდგა ეს ნაბიჯი“.

„დღეს რაც მოხდა საკრებულოს სხდომაზე, ყველაფერი მიმდინარეობდა სამართლიანად. ყველამ ნათლად დაინახა, რომ აქ არაფერი არ ხდება ისეთი, რაც არის არაკანონიერი“, – უთხრა ჟურნალისტებს დმანისის მუნიციპალიტეტის ასევე ახლადარჩეულმა მერმა, კობა მურადაშვილმა.

რამაზანოვზე ზეწოლაში დღეს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს მისმა აწ უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან მოსეშვილმა „მთავარ არხთან“ საუბარში თქვა, რომ „ზეწოლისა“ და „იზოლაციის“ შემდეგ, რამაზანოვი მერიის შენობაში დღეს დილით უკანა შესასვლელიდან პოლიციამ შეიყვანა. მისივე თქმით, იგი საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ „ფორმალურად“ დანიშნეს, რათა „გაამართლონ ის ქმედება, ზეწოლა და ამ ადამიანის გაუბედურება“.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის თვალის ასახვევად მიიღო, თითქოს რამაზანოვი ამ თანამდებობას „თავისი ნებით დათანხმდა“. „გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით როგორ გავაგრძელებთ ქართულ ოცნებასთან ბრძოლას“, – დასძინა მანვე.


რამიზ რამაზანოვზე ქართული ოცნების მხრიდან შესაძლო ზეწოლის შესახებ ერთიან ნაციონლაურ მოძრაობაში ორი დღის წინ განაცხადეს და თქვეს, რომ მმართველი გუნდი მის გადაბირებას ჯერ მოსყიდვის, შემდეგ კი – დაშინების გზით ცდილობდა. პარტიაში ამბობდნენ, რომ მმართველ გუნდს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ იზოლაციაში ჰყავდა.

დმანისში მიმდინარე მოვლენები გუშინ „შემაშფოთებლად“ შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მმართველი გუნდის მხრიდან რამიზ რამაზანოვის პოლიტიკური ნიშნით შევიწროების ეჭვი გამოთქვეს. უფლებადამცველებმა ხელისუფლებას მისი „უსაფრთხოებისა“ და „ღირსების“ დასაცავად „ყველა ზომის“ მიღებისკენ მოუწოდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)