„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დეპუტატების არადეკლარირებული კომპანიების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 10 დეკემბერს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნესაქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა „პრობლემას წარმოადგენს მეათე მოწვევის პარლამენტშიც“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთანკავშირი აქვს 62 დეპუტატს, მათგან 20 დეპუტატს არასრულად აქვს დეკლარირებული პირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა (წილის საკუთრება ან კომპანიის წარმომადგენლობა), 13-მა დეპუტატმა არასრულად დაადეკლარირა მისი არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა.
ანგარიშის თანახმად, 12 შემთხვევაში დეპუტატები პარლამენტში საქმიანობის პარალელურად განაგრძობდნენ სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას. სიაში შედის ქართული ოცნების სამი დეპუტატი, მათ შორის, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ნაციონალური მოძრაობის 7 დეპუტატი (4 კომპანიის დირექტორად, დანარჩენები კი – ინდმეწარმეებად საქმიანობდნენ), ასევე იაგო ხვიჩია ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩიდან და თამარ ჩარკვიანი პარტიიდან კანონი და სამართალი.
აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად და უშუალოდ იყოს კომპანიის ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.
ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ 10 დეპუტატს წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული დეკლარაციაში, ეს დეპუტატები არიან: დავით კაჭარავა (ქართული ოცნება), ნონა მამულაშვილი (ნაციონალური მოძრაობა), ლევან მგალობლიშვილი (ქართული ოცნება), ცეზარ ჩოჩელი (ნაციონალური მოძრაობა), ტარიელ ნაკაიძე (ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი), ნინო წილოსანი (ქართული ოცნება), დილარ ხაბულიანი (ნაციონალური მოძრაობა), იაგო ხვიჩია (გირჩი), ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება), ფრიდონ ინჯია (ევროპელი სოციალისტები).
დოკუმენტის თანახმად, 25 შემთხვევაში, წილები არ იყო გადაცემული მართვის უფლებით სხვა პირისთვის.
ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან 62-დან მხოლოდ 22 დეპუტატი უთითებს. მათი დეკლარაციების თანახმად, კახაბერ ოქრიაშვილმა, რომელიც ადრე მმართველი პარტიის დეპუტატი იყო, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაერთიანებული ოპოზიციის მხარეს გადავიდა და ამჟამად ოპოზიციონერი დეპუტატია, წლიურ შემოსავლად 11 268 533.54 ლარის დეკლარირება მოახდინა, რაც შვიდჯერ აღემატება სიაში მომდევნო დეპუტატის შემოსავალს.
სიის სათავეში ასევე არიან ფრიდონ ინჯია (ევროპელი სოციალისტები) 1 528 556 ლარით; ანტონ ობოლაშვილი (ფრაქცია ქართული ოცნება) – 1 418 917.5 ლარით და ელგუჯა გოცირიძე (ქართული ოცნება) – 1 263 590.42 ლარით.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შვიდ დეპუტატს 10-ზე მეტ კომპანიაში აქვს ბიზნესაქტივები:
- ბადრი ჯაფარიძე (ლელო საქართველოსთვის) – 32 კომპანია;
- მამუკა ხაზარაძე (ლელო საქართველოსთვის) – 30 კომპანია;
- ვასილ ჩიგოგიძე (ქართული ოცნება) – 22 კომპანია;
- ავთანდილ ენუქიძე (ევროპელი სოციალისტები) – 20 კომპანია;
- ფრიდონ ინჯია (ევროპელი სოციალისტები) – 20 კომპანია;
- კახაბერ ოქრიაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია) – 12 კომპანია;
- დილარ ხაბულიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია) – 10 კომპანია.
ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ არადეკლარირებული კომპანიები რეალურად ეწევიან თუ არა სამეწარმეო საქმიანობას, ამის დადგენის შესაძლებლობა მას არ გააჩნია და ამ საკითხით საჯარო სამსახურის ბიურო უნდა დაინტერესდეს.
ინფორმაცია დეპუტატების დეკლარაციებისა და კომპანიებში მათი წილების შესახებ 2021 წლის 16 სექტემბრის ანგარიშშიც იყო მოცემული. მას შემდეგ, საპარლამენტო შემადგენლობა ოდნავ შეიცვალა, მაგალითად მამუკა ხაზარაძემ ნოემბერში საკანონმდებლო ორგანო დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კომპანიების ანონიმური მფლობელების პრობლემასა და კორუფციის რისკებზე
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და შემოწირულებებზე
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ენმ-ძალა ერთობაშიას კანდიდატების შემოწირულებებსა და ბიზნესსაქმიანობაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)