„საქართველოს მმართველობის ინდექსი“: კვლევა ქვეყნის მთავარ გამოწვევებს ასახავს
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ახალი კვლევა – „საქართველოს მმართველობის ინდექსი“ ქვეყნის 2021 წლის შედეგებს მმართველობის ოთხი მიმართულებით აანალიზებს. ესენია: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.
კვლევის თანახმად, მმართველობის ინდექსი 2021 წელს საქართველოს „არასახარბიელო“ მდგომარეობას აჩვენებს. ქვეყნის მონაცემები განსაკუთრებით სუსტია დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის კატეგორიებში. მართლმსაჯულების აღსრულება და სასამართლო რეფორმების განხორციელება ყველაზე დიდ ჩავარდნად ფასდება, რასაც მოსდევს პანდემიის მართვა, სადავო არჩევნები და ევროკავშირის მედიაციის წარუმატებლობა.
„საქართველოს მმართველობის ინდექსი“ ეყრდნობა კვლევის რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს. შეფასების სისტემა ეფუძნება ექსპერტთა გამოკითხვას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე 40 ექსპერტი მონაწილეობდა.
ძირითადი მიგნებები
- დემოკრატია და ადამიანის უფლებები (დემოკრატიული მმართველობა)
კვლევის თანახმად, დემოკრატიული მმართველობის სფეროში, 2021 წლის მთავარ გამოწვევებს შორის იყო პოლიტიკური კრიზისი, სადავო არჩევნები, მართლმსაჯულების რეფორმის ჩავარდნა, ძალადობა ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლარიზაცია და პოლიტიკური რადიკალიზაცია.
კერძოდ, კვლევაში მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და ჩავარდნილი სასამართლო რეფორმა ყველაზე პრობლემურ მიმართულებად შეფასდა. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად ზოგიერთი პოზიტიური საარჩევნო რეფორმისა, არათანაბარი სათამაშო პირობები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი გარემოს რადიკალიზაცია საქართველოს დემოკრატიული მმართველობისთვის სერიოზულ გამოწვევებად რჩება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების გამო ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს
კვლევაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გავლენიან არასამთავრობო აქტორად რჩება, თუმცა ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია ჩვეულ პრობლემებს განიცდის, როგორებიცაა – „დონორზე დამოკიდებულება და მოსახლეობის მხრიდან ნდობისა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა“. დოკუმენტის თანახმად, მედიალანდშაფტი და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი „პოლარიზებულია პოლიტიკური და პარტიული კუთვნილების მიხედვით“.
- სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები (ეფექტიანი მმართველობა)
ეფექტიანი მმართველობის სფეროში მთავარ გამოწვევებად კვლევა ასახელებს – არაფორმალურ მმართველობას, პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ძალაუფლებაზე სახელმწიფოს მონოპოლიის გაუვრცელებლობას ყველა სოციალური სეგმენტისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.
„შეზღუდული სახელმწიფოებრიობის“ მაგალითად კვლევაში მოყვანილია სახელმწიფო ხელისუფლების უარი გამოიყენოს ძალაუფლებაზე მონოპოლიის საკუთარი უფლება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიმართ.
„არაფორმალური მმართველობა საქართველოს ეფექტიანი მმართველობის და სახელმწიფოებრიობის მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან ბიძინა ივანიშვილი მყარად ინარჩუნებს ზეგავლენას სახელმწიფო მართვის ორგანოებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
კვლევის თანახმად, არაფორმალური მმართველობა პოლიტიკურ კორუფციასაც კვებავს მაშინ, როდესაც საანგარიშო პერიოდში ანტიკორუფციული რეფორმები გარკვეულწილად შეფერხდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჯარო სერვისების მიწოდებამ ყველაზე მაღალი ქულა მიიღო მმართველობის ეფექტიანობის ყველა ინდიკატორს შორის, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება.
- სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (სოციალური და ეკონომიკური მმართველობა)
კვლევის თანახმად, საქართველომ უკეთესი შედეგები აჩვენა სოციალური და ეკონომიკური მმართველობის კუთხით პირველ ორ სფეროსთან შედარებით, თუმცა ამ მიმართულებას სერიოზული გამოწვევები აქვს და გრძელვადიანი რეფორმირების ერთიანი ხედვა აკლია. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებას არ გააჩნია ყოვლისმომცველი სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – განათლება, სოციალური ინკლუზია და შრომის ბაზარი.
სახელმწიფო მართვის ორგანოებისა და პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში პოლიტიკური მოსაზრებები და საარჩევნო კამპანიები დომინირებს“, – ნათქვამია კვლევაში.
დოკუმენტის თანახმად, არასაკმარისი ყურადღება ეთმობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ექსპორტის დივერსიფიკაციას.
- საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (საგარეო მმართველობა)
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ანგარიშში ნათქვამია, რომ დემოკრატიასთან დაკავშირებით არსებულმა პრობლემებმა და შიდაპოლიტიკურმა კრიზისებმა უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ურთიერთობებზე ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს „ეროვნული უსაფრთხოებისა და შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგისთვის უმთავრეს საგარეო გამოწვევად რუსეთი რჩება“. კვლევის მიხედვით, უფრო სისტემური მიდგომაა საჭიროა რუსეთიდან მომავალი საფრთხეების, მათ შორის, დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომების მიმართ. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მონაწილეობით ახალმა რეგიონულმა ინიციატივებმა, მაგალითად, როგორიცაა 3+3 ფორმატი, კიდევ ერთი პოტენციური რეგიონული რისკი წარმოშვა საქართველოსთვის.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს დიპლომატია მთიანი ყარაბაღის ბოლო ომის მიმდინარეობის დროს და მისი დასრულების შემდეგ, ასევე აშშ-სთან ახალი სამხედრო შეთანხმება თბილისის საგარეო პოლიტიკის წარმატებებად შეფასდა.
საქართველო მოსკოვში 3+3 პლატფორმის შეხვედრას არ დაესწრო
- 2022 წლის გამოწვევები
კვლევის თანახმად, ხელისუფლებამ 2022 წელს მართლმსაჯულების რეფორმაზე, ასევე ანტიკორუფციულ რეფორმებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის პრიორიტეტებად უნდა განისაზღვროს ჯანდაცვასა და ფარმაცევტულ სფეროში რეფორმების განხორციელება, ასევე შრომის ბაზრის პოლიტიკაში რეფორმების გატარება, მინიმალური ხელფასისა და უმუშევრობის დაზღვევის შემოღება, რეფორმები ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების, ასევე განათლების სექტორებში.
ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მთავარი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ქვეყნის შელახული იმიჯის აღდგენა იქნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ პროცესს დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება და ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა დაეხმარება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)