სტოლტენბერგი ღარიბაშვილს: სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება „მნიშვნელოვანია“
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 15 დეკემბერს ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე“.
გენერალური მდივნის თქმით, ნატო იმედოვნებს, რომ „საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რაზეც მან ბევრი იმუშავა ბოლო წლებში“. მან მოუწოდა საქართველოს პრემიერს იმუშაოს ოპოზიციასთან „პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარების, ასევე პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების შემცირების“ მიზნით.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის გარდა, მათ შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების, ასევე შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე ისაუბრეს.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო მობილიზაციის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა განაცხადა – „ჩვენ შევთანხმდით, რომ ფხიზლად ვიყოთ და თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. ნებისმიერი მომავალი აგრესია რუსეთს ძვირი დაუჯდება და მას სერიოზულ ეკონომიურ და პოლიტიკურ შედეგებს მოუტანს“.
რაც შეეხება მოსკოვის მოწოდებას ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომ გააუქმონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ორ ასპირანტ ქვეყანას „აქვს უფლება თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები და რუსეთს არ აქვს უფლება მათ ეს უკარნახოს“.
„ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ იდეას ევროპაში გავლენის სფეროების შესახებ. ისინი ისტორიის ნაწილნი არიან და ასეთებად უნდა დარჩნენ“, – განაცხადა მან და პირობა დადო, რომ ალიანსი თავის პარტნიორებს კვლავაც აღმოუჩენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა საზღვაო ოპერაციების მხარდაჭერით, ერთობლივი წვრთნებითა და ინფორმაციის გაზიარებით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ“, – დასძინა მან.
გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მიესალმა წლების განმავლობაში ქვეყნის მონაწილეობას ნატოს მისიებში.
- ნატო: რუსეთს მეზობლების კონტროლის უფლება არ აქვს
- თბილისი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოსკოვის მოწოდებას გმობს
თავის მხრივ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია და ხაზი გაუსვა, რომ „დადგა დრო, რომ ინტეგრაციის პროცესმა წინ წაიწიოს და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული“.
„ეს იქნება მკაფიო გზავნილი ასპირანტი ქვეყნების მიმართ, რომ მზადყოფნას, ერთგულებას და ბეჯით მუშაობას შედეგი მოაქვს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომელიც მთელ რეგიონში გავრცელდება, რომ ნატო ადგილზეა და ისეთივე ძლიერია როგორც ადრე“.
პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რასაც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“.
მისი თქმით, საქართველოს „ნატოში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია და ამისთვის, ჩვენ გვაქვს აქტიური დიალოგი მოკავშირეებთან, რათა მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ“.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება „ძლიერი გზავნილი იყო, რომელსაც დღესაც აქვს რეზონანსი“ და დასძინა, რომ „თითოეულ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება თავად აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების წარმატებული განხორციელება „ისეთივე აქტუალურია ნატოსთვის, როგორც საქართველოსთვის“.
შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ საუბრისას, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ „ცალსახაა, რომ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე“. მისი თქმით, ნატოს გაზრდილი კონცენტრაცია შავი ზღვის რეგიონში, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისთვის.
საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს ბრიუსელს სტუმრობს. იგი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსაც დაესწრება.
ასევე წაიკითხეთ:
- ეუთოში ლავროვი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ შეთანხმებაზე საუბრობს
- ენტონი ბლინკენი: ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)