გაუჩინარდა ყოფილი თანამდებობის პირი, რომელიც პოლიციელს ზეწოლაში ადანაშაულებდა

გაუჩინარდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, რამაზ გერლიანი, რომელიც პოლიციელს ზეწოლაში ადანაშაულებდა. გავრცელებული ცნობებით, მას ახლობლები 19 დეკემბრიდან ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკის ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტმა, ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა 19 დეკემბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ამბობდა, რომ 14 ნოემბერს მას საცხოვრებელ ბინაში პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი შეიარაღებული დახვდა და „ცრუ მოტივით“ დაკითხვა მოუწყო.

გერლიანის მტკიცებით, პოლიციელი მის საცხოვრებელ ბინაში შესვლა მისი ოჯახის ყოფილი წევრის, დარწმუნების გზით მოახერხა. გერლიანი, სავარაუდოდ, მის ყოფილ მეუღლეზე მიუთითებდა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, დაპირისპირება გერლიანის სახლში მოხდა, სადაც ახლა მისი ყოფილი მეუღლე და შვილები ცხოვრობენ.

„გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსებაშელახული ვარ… შიგნიდან მწვავს ყველა სისხლძარღვი… ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა“, – წერდა გერლიანი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც სოციალურ სივრცეში გუშინდელი დღიდან აღარ იძებნება.

იგი გამოთქვამდა ეჭვს, რომ პოლიციელი მისი და მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას „პოლიციელის მუნდირისა“ და „საპოლიციო სისტემის“, ასევე სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ცდილობდა.

„არ არის გამორიცხული, რომ ჩემ მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადებისა და სხვა კონტროლის სისტემებს“, – წერდა გერლიანი. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ინფორმაციით შეიძლება პოლიციელი დაინტერესებული ყოფილიყო.

იგი ასევე ეჭვობდა, რომ პოლიციელი დაკვეთით მოქმედებდა და მის შესახებ ინფორმაციას მესამე პირ(ებ)ზე ყიდდა.

გერლიანის განცხადებით, მან აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა (ნაძალადევის პოლიციის მე-7 სამმართველო), თუმცა მიმართვიდან 35 დღის თავზეც, გენერალური ინსპექციის მხრიდან კონკრეტული ზომების მიღების ინფორმაცია არ მიუღია.

„სამოქალაქო საქართველომ“ კომენტარისთვის შსს-ს მიმართა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.

გერლიანის თქმით, მან განაცხადი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტშიც დაწერა, თუმცა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ საკითხი მის კომპეტენციას სცილდებოდა და გამოძიება არ დაიწყო.

20 დეკემბერს, გერლიანის ოჯახის წევრებმა მისი ავტომობილი ავჭალის პოლიციის ავტოსადგომთან იპოვეს. ავტომობილი ღია იყო და მასში გერლიანის პირადი დოკუმენტები და სხვა ნივთები ელაგა. ავტომობილის სავარძელზე დატოვებულ წერილში გერლიანი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიცია მის ავტომანქანაში დამონტაჟებულ მოსასმენ მოწყობილობებს ახლა მაინც იპოვნიდა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გერლიანის ოჯახს შეატყობინა, რომ ავტომობილი ავტოსადგომზე თავად გერლიანმა მიიყვანა.

დღეს პოლიციამ გერლიანის ოფისიც გაჩხრიკა. მედიასთან საუბარში გერლიანის თანამშრომელმა, ნოდარ სირბილაძემ თქვა, რომ კიდევ ერთი წერილი და გერლიანის პირადი ტელეფონი პოლიციამ მისსავე სამუშაო სივრცეში იპოვა. მისივე თქმით, წერილში გერლიანი წერდა, რომ „ძალიან დაიღალა, მეტს ვეღარ ითმენდა“ და ამბობდა, რომ უყვარს თავისი შვილები.

მისივე თქმით, ნაპოვნ ტელეფონზე მარკერით მობილურის კოდიც იყო მითითებული. „მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რამაზმა სპეციალურად გააკეთა სწორედ იმისთვის, რომ შესაბამის უწყებებს ენახათ იქ არსებული ინფორმაცია“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

„რამაზი აქამდეც, პირად საუბრებში ამბობდა, იმას, რომ ტელეფონში ჰქონდა, მათ შორის, სამართალდამცველი [უწყების] წარმომადგენელთან შესაბამისი საუბრის ჩანაწერი“, – დასძინა მანვე.

გაუჩინარებული ეკონომისტის ძმამ, რომანოზ გერლიანმა დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე თქვა, რომ მისი ძმის საქმეზე დაწყებული გამოძიება გამჭვირვალე არ არის, ის ხელოვნურად ჭიანურდება და ფორმალური ხასიათი აქვს.

მანვე ეჭვი გამოთქვა, რომ მისი ძმის მიერ დასახელებულ პოლიციელს ხელს უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკები აფარებენ.

„ისიც კი არ ვიცით დაიკითხა ეს პოლიციელი, საერთოდ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ამ პიროვნებასთან მიმართებაში, დათხოვნილია სამსახურიდან“, – თქვა რომანოზ გერლიანმა და დასძინა – „მინიმუმ ჟურნალისტებს ხომ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, ან ჩვენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)