„სამართლიანმა არჩევნებმა“ თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დღეს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისა და 31 ოქტომბრის მეორე ტურების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის განცხადებით, მეორე ტურზე გამოვლენილ დარღვევებსა და ტენდენციების ერთობლიობას, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო მეტნაკლებად კონკურენტული, კენჭისყრის დღე ტექნიკურად, ძირითადად, კარგად ადმინისტრირებული.
თუმცა, ორგანიზაციის თქმით, მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებულმა ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებზე მითითებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ ხუთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პარტიიდან, მმართველი პარტიის შემოსავალი მომდევნო ოთხი პარტიის შემოსავლების ჯამს ორჯერ აღემატებოდა. ამასთან, „მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი, ტრადიციულად, ბუნდოვანი იყო“.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და მათზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ საარჩევნო გარემო დააზიანა.
გარდა ამისა, ორივე ტურზე საარჩევნო უბნების მიმდებარედ პირთა ხანგრძლივმა, საეჭვო შეკრებებმა, ამომრჩეველთა აღრიცხვამ, მობილიზებამ და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებმა, ნეგატიურად იმოქმედა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობაზე. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ქმედებები „მიიჩნევა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების კონტროლის მექანიზმად“.
„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, „საგანგაშო და მასშტაბური სახე მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მოქმედმა პარტიულმა სადამკვირვებლო საქმიანობამ“. ორგანიზაციისვე განცხადებით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედი დამკვირვებლები ხშირად აზიანებდნენ საარჩევნო პროცესს, ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში, ხელს უშლიდნენ მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და ჩართულნი იყვნენ ამომრჩეველთა აღრიცხვის და მათი ნების კონტროლში.
გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ თქმით, მედიაგარემო „მკვეთრად პოლარიზებული“ იყო და ტრადიციული მედიის საშუალებით ამომრჩეველს ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა, რაც „გავლენას ახდენს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე“. „პოლარიზაციის ხარისხი დაბალი იყო ონლაინ გამოცემებში“.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ჟურნალისტური საქმიანობისთვის პრობლემურ გარემოზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მათზე ანგარიშსწორების შემთხვევებზე, რასაც „ახალისებდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული აგრესიული და მადისკრედიტებელი განცხადებები“.
ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადათვლის ვალდებულება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი უბნების მონაცემების პარალელურ რეჟიმში გადათვლა პროცესის სრულყოფილად მონიტორინგის შესაძლებლობას გამორიცხავდა“.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისია დარღვევების მიმართ „არასათანადო რეაგირების“ გამო გააკრიტიკა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოში „საჩივრების ზედაპირული განხილვის პრაქტიკა“ გამოიკვეთა.
ორგანიზაციამ ცესკო საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის „გაჭიანურების“ გამოც გააკრიტიკა, რამაც 2022 წლის ბიუჯეტების დამტკიცების შესაძლებლობა ძველი შემადგენლობის საკრებულოებს მისცა.
ასევე წაიკითხეთ:
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ სოც. მედიის მონიტორინგის მე-3 შუალედური ანგარიში წარადგინა
- ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)