იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის ბოლო ვაკანტურ ადგილზე კანდიდატი შეარჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო ვაკანტურ ადგილზე ამირან ძაბუნიძის კანდიდატურა წარუდგინა.
46 წლის ამირან ძაბუნიძე ამჟამად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია. 2019 წელს, იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატს შორისაც მოხვდა. თუმცა, მაშინ, საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი კანდიდატურა პარლამენტს აღარ წარუდგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან, პროცესი გააკრიტიკეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ვახუშტი მენაბდემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ შერჩევის პროცესი „გვაჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებასაც და კლანსაც სურს, ბოლომდე აითვისოს სასამართლოს თითოეული კუნჭული“.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები ხელისუფლებისა და კლანის მიმართ ლოიალობის გამო შეარჩიეს.
„ვინც არ უნდა წარადგინონ, იქნება ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში პრობლემებს არ შექმნის“, – განაცხადა მენაბდემ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები „უნდა შეირჩეოდნენ პროცესით, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ლეგიტიმაცია აქვს“.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო „ნდობამოკლებული ორგანოა და გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოში დღესდღეობით დანიშნულნი არ არიან არამოსამართლე წევრები“. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ ცხრა მოსამართლე წევრის მიერ მიიღება. „ეს უკვე, დიდი პრობლემაა და პირდაპირ ურტყამს სასამართლოსა და კანდიდატის მიმართ ნდობას“, – განაცხადა მან.
იმნაძემ ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ პარლამენტი კანდიდატს რეალურად, „პროფესიული კრიტერიუმებით“ არ შეაფასებს და დასძინა, რომ საკანონმდებლო ორგანო კანდიდატს უმრავლესობით ირჩევს, „კერძოდ, მმართველ პარტიას შეუძლია პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე, ოპოზიციასთან შეუთანხმებლად მიიღოს გადაწყვეტილება“.
დაახლოებით სამი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ ოთხი მოსამართლე გაამწესა, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ უზენაეს სასამართლოში ოთხი მოსამართლის უვადოდ გამწესება გააკრიტიკა და შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დახმარება „საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული“.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას.
მართალია, შეთანხმება სასამართლო სისტემის რეფორმამდე დანიშვნების შეჩერებას ითვალისწინებდა, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მან აპრილის დასაწყისში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით რეფორმის გატარების პირობა შეთანხმებაზე ხელმოწერამდე შეასრულა.
ასევე წაიკითხეთ:
- კელი დეგნანი ქართულ ოცნებას: ერთპარტიული მმართველობა ტირანიის საფრთხეს ქმნის
- არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებს აკრიტიკებენ
- კრიტიკის მიუხედავად პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაამტკიცა
- ბლინკენი: „ღრმად შეშფოთებულნი“ ვართ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გამო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)