გაუჩინარებული რამაზ გერლიანი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ეკონომისტი რამაზ გერლიანი, რომელიც პოლიციელს ძალადობაში ადანაშაულებდა და 19 დეკემბერს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, დღეს სამართალდამცველებმა ცოცხალი და უვნებელი იპოვეს.
პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, გერლიანმა თქვა, რომ მას თვითმკვლელობა და „სიკვდილთან შეხვედრა“ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა პოლიციამ მიუსწრო.
მანვე განმარტა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი სურამში იყო და „ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით“ მოძრაობდა.
გერლიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გაუჩინარების მთავარი მიზეზი პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან მის მიმართ „უღირსი და პატივაყრის ქმედება“ იყო.
„ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე“, – ხაზი გაუსვა მანდ და დასძინა, რომ „ჩემი ნებით ვიყავი წასული“.
გერლიანმა ასევე განმარტა, რომ პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის პირად საკუთრებაში „ცრუ მოტივით“ დაკითხვა მოუწყო.
გავრცელებული ცნობებით, რამაზ გერლიანი კვირას, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ გაუჩინარდა, სადაც იგი პოლიციელს მუქარასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. მანვე აღნიშნა, რომ სამართალდამცველი მისი და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას „საპოლიციო სისტემის“ გამოყენებით ცდილობდა.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერლიანის ძმამ, რომანოზ გერლიანმა თქვა, რომ ისი ძმის საქმეზე დაწყებული გამოძიება გამჭვირვალე არ არის და ფორმალური ხასიათი აქვს. მანვე ეჭვი გამოთქვა, რომ მისი ძმის მიერ დასახელებულ პოლიციელს ხელს უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკები აფარებენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)