მედია: სასამართლომ „თბილისი პრაიდის“ ოფისზე 3 თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
მედიის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ამავე თემის უფლებადამცველი ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი დღეს 5 000-5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„სამოქალაქო საქართველო“ ინფორმაციის დასადასტურებლად საქალაქო სასამართლოს დაუკავშირდა. სასამართლო გავრცელებულ ცნობებს ამ დრომდე აზუსტებს.
სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ძალადობრივი აქციიდან, რაც დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, სამ დღეში, 8 ივლისს დააკავეს. გამოძიებამ მათ „თბილისი პრაიდის“ ოფისში უკანონოდ შეღწევას, ძალადობას, რბევას და სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას ედავება. პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე, 160-ე და 225-ე, მუხლებით წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„ფორმულა ნიუსი“ „თბილისი პრაიდის“ ადვოკატებზე დაყრდნობით წერს, რომ გათავისუფლებულებს სასამართლომ პასპორტები ჩამოართვა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მიახლოება აუკრძალა. ამასთან, ისინი ვალდებულნი არიან, რომ კვირაში ერთხელ პოლიციაში გამოცხადდნენ.
საგულისხმოა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოუვლენია და ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.
5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშამდე“ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა და ონლაინტელევიზია ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა მხარდამჭერებს ლგბტ თემის მხარდამჭერი დემონსტრაციის წინააღმდეგ შეკრებისკენ მოუწოდეს. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიაში წირვაზე მრევლი იხმო მართლმადიდებელმა ეკლესიამაც.
5 ივლისს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო კარვები ძალისმიერად დაშალეს.
ამის შემდეგ, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფი ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს.
მოძალადე ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ ოფისზე იერიში სწორედ ამ დროს მიიტანეს, მათვე „ღირსების მარშის“ თანაორგანიზატორი ორგანიზაციის, „მოძრაობა სირცხვილიას“ ოფისში შეჭრაც სცადეს. „ტელეკომპანია პირველის“ ოპარატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სწორედ აქ სცემეს, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა. შსს-მ ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაზე დაყრდნობით თქვა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკებით ზედოზირება ყოფილიყო. ექსპერტიზის საბოლოო შედეგები 5 თვის თავზეც არ არის ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ძალადობის რისკების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ ჩატარება გონივრული არ იქნებოდა და რომ „თბილისი პრაიდის“ უკან „რადიკალური ოპოზიცია იდგა.
საერთო ჯამში, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის საქმეზე შსს-მ სულ 27 პირი დააკავა. სასამართლოს სასჯელი ჯერ არცერთისთვის მიუსჯია.
აღსანიშნავია, რომ „ალტ-ინფო“, რომელმაც ცოტა ხნის წინ, პოლიტიკური პარტია – კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა, პარასკევს, 24 დეკემბერს, ომბუდსმენის ოფისთან ყველა დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ, კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ Facebook-ზე 20 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეოში თქვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 5 ივლისის მოვლენებზე შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა
- შსს-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციაზე 102 პირი დააკავა
- შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე 3 პირი დააკავა
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)