საქართველოში სათამაშო ბიზნესის რეგულაციები გამკაცრდა
საქართველოს პარლამენტმა 22 დეკემბერს, 82 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებას დაუჭირა მხარი.
ახალი რეგულაციებით, იკრძალება საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეების დაშვება, როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ე.წ. სახმელეთო კაზინოებში. თუმცა, ასაკობრივი შეზღუდვა არ იმოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის და მათ ასეთი შესაძლებლობა 18 წლის ასაკიდან ეძლევათ.
ახალი რეგულაციებით, თამაშზე დამოკიდებულ და იმ პირთა სიას, რომელთაც თამაში ეკრძალებათ შემოსავლების სამსახური შეადგენს. სიაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ის პირები შევლენ, რომლებიც ან თავად დარეგისტრირდენენ ან ამ სიაში სასამართლომ შეიტანა.
შავ სიაში ასევე შევლენ საჯარო მოხელეები და სოციალურად მოწყვლადი პირები. მთავრობა აცხადებს, რომ ეს დაახლოებით ერთ მილიონ მოქალაქეს შეეხება.
ახალი რეგულაციებით, სათამაშო ბიზნესს 2022 წლის 1 იანვრიდან გადასახადები 65-70%-ით გაეზრდება.
ამას გარდა, 2022 წლის 1 მარტიდან სათამაშო ბიზნესს ეკრძალება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის კომპანიებისათვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება, ძირითადად სპორტის სფეროში.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრების გეგმებზე პირველად 22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის აკრძალვის თაობაზე წუხილები
კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის 14 დეკემბერს პარლამენტის გადაწყვეტილება საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვის გამო გააკრიტიკა.
კოალიციამ აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში „არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან“. ამას გარდა, „კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები“.
კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მედია რეკლამის აკრძალვის გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე სათანადოდ შეფასებული არ არის. „არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა კოალიციამ.
ტელეკომპანიების – „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ წარმომადგენლებმა რადიო „თავისუფლების“ თბილისის სამსახურს უთხრეს, რომ აზარტული ბიზნესი რეკლამისა თუ სასპონსორო პაკეტების შესყიდვით ტელევიზიების კომერციული შემოსავლის 20-25%-ს ფარავს.
პარლამენტში, დეპუტატების, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებისა და მედიამენეჯერების მონაწილეობით გამართულ საკომიტეტო განხილვაზე საუბრისას, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თითქმის ყველა გასართობ შოუს, რომელიც არხზე გადის, სათამაშო ბიზნესი ასპონსორებს.
მისი თქმით, ახალი რეგულაციები არა მხოლოდ შეამცირებს შემოსავლებს, არამედ მას ახალი შემოსავლების მიღების შესაძლებლობის დაკარგვაც მოჰყვება. გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალ რეგულაციებს „დომინოს ეფექტი“ ექნება და არხების ერთმანეთის მიყოლებით დახურვა მოხდება. ახალ წესებთან მორგების მიზნით, მან ხელისუფლებას მედიისთვის დროის სექტემბრამდე მიცემა სთხოვა.
„ტელეკომპანია პირველის“ დირექტორმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზანი „მედიის ჩაწიხვლაა“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)