ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში „სისტემურ დარღვევებზე“ საუბრობს
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ დაწესებულება არასრულწლოვანთა მიმართ წლების განმავლობაში „დამამცირებელ, ღირსების შემლახავ და მატრავმირებელ“ მეთოდებს, ასევე „წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს“ მიმართავდა.
ანგარიშში მოცემულია დაწესებულების ამჟამინდელ და ყოფილ ბენეფიციარებთან გასაუბრების, სოციალურ მუშაკებთან და პანსიონის წარმომადგენლებთან გასაუბრებების, სისხლის სამართლის საქმეების გაცნობისა და შენობის დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაცია.
ომბუდსმენის მიერ 40-გვერდიანი დოკუმენტის გამოცემას გაზაფხულზე წინ უძღვოდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო დაპირისპირება. დაწესებულების აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში შესვლისა და იქ არსებული ვითარების შესწავლის უფლება არ მისცა. საბოლოოდ, ომბუდსმენის ოფისის ძალისხმევით, საზოგადოებრივი პროტესტისა და გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის დროებითი ღონისძიების, ასევე დაწესებულებიდან ეპისკოპოს სპირიდონის წასვლის შემდეგ, ომბუდსმენს მონიტორინგის მიზნით ბავშვთა პანსიონში შესვლის შესაძლებლობა ივნისში მიეცა.
- ომბუდსმენი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ეწვია
- სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
- ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარეშემო არსებული უთანხმოება გრძელდება
„სისტემური დარღვევები“ პანსიონის აღსაზრდელების მიმართ
ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელების უფლებების „სისტემური დარღვევები“ ნათლად ჩანს 4 სისხლის სამართლის საქმიდან, რომელთაგან სამი სავარაუდო ძალადობას, ერთი კი – სავარაუდო გაუპატიურებას ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, ბენეფიციარებმა განაცხადეს, რომ დაწესებულების თანამშრომლები მათ დასჯის მიზნით ართმევდნენ საკვებს, არ აძლევდნენ ძილის საშუალებას და სცემდნენ. ამასთან, საკვებს თავად ჭამდნენ, ბავშვებს კი – აყურებინებდნენ, ასევე აყენებდნენ მუხლებზე.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ღამით უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა აღსაზრდელი დერეფანში შიშველი დააყენა, მეორემ კი – იმავე ქმედებისთვის ბავშვს დახეული ტანისამოსი ჩააცვა.
ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა.
აგრეთვე დასჯის მიზნით, ერთ-ერთმა აღმზრდელმა აღსაზრდელს ხელები ერთმანეთზე ბინტით შეუკრა და მთელი ღამის განმავლობაში ამ მდგომარეობაში დატოვა.
დოკუმენტის მიხედვით, ეპისკოპოს სპირიდონის გინებისთვის ერთ-ერთი აღსაზრდელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ერთ-ერთი აღსაზრდელის მონაყოლით, აღმზრდელები მათ დასჯისას ტირილს უკრძალავდნენ.
ამასთან, ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა. კიდევ ერთმა აღმზრდელმა ბავშვები აიძულა, რომ საწოლის ფიცარზე დაწოლილიყვნენ და ლეიბები ზედ დაეფარებინათ.
დოკუმენტის მიხედვით, აღსაზრდელთა დასჯის ერთ-ერთი ფორმა იყო სიმინდისა და ხორბლის მარცვლებზე ბავშვების საათობით დაჩოქებაც. მათ „რეიკებითა“ და სახაზავებითაც სცემდნენ.
გარდა ამისა, როდესაც აღმზრდელები ტელევიზორს უყურებდნენ, ისინი ბავშვებს ფეხებს მუხლებზე ადებდნენ და ფეხის მასაჟის გაკეთებას აიძულებდნენ.
არასრულწლოვნებს არსებული მდგომარეობის შესახებ პანსიონის ყოფილი ზედამხედველისთვის თქმის ეშინოდათ, რადგანაც მათი წასვლის შემდეგ, ისინი მათ უარესად ექცეოდნენ.
ანგარიშის თანახმად, დაწესებულების ყოფილ აღსაზრდელებთან საუბრისას ომბუდსმენის წარმომადგენლებმა მთელი რიგი პრობლემური ქცევები გამოავლინეს, მათ შორის არის – თვითდამაზიანებელი ქცევა, მზერითი კონტაქტის არარსებობა, მწირი ლექსიკური მარაგი, განრიდების რეაქციები და რეგრესული ქცევა.
„აუცილებელია ნინოწმინდის პანსიონის ყველა აღსაზრდელის ნეიროფსიქოლოგიური შეფასება, რათა დადგინდეს, როგორ აისახა დიდ ინსტიტუციაში ცხოვრება არასრულწლოვნების კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე. აღნიშნული არსებითად მნიშვნელოვანი იქნება არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის პროცესში“, – ნათქვამია ანგარიშში.
„არაეფექტიანი“ გამოძიებები
ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, პანსიონის გარშემო აღძრული საქმეების მასალების გაცნობის შედეგად არაერთი დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, „საგამოძიებო მოქმედებებისას გათვალისწინებული არ ყოფილა ბავშვის საუკეთესო ინტერესები“.
დოკუმენტში ოთხივე საქმეზე მიმდინარე გამოძიებების მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვებია გამოთქმული.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაჭიანურებით მიმდინარეობდა და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით წინსვლა არ ყოფილა. მაგალითად, სავარაუდო ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ გამოძიება ბავშვის მიმართვიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ დაიწყო.
ამასთან, სავარაუდო ძალადობის ერთ-ერთ შემთხვევაზე 2016 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში არცერთი საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება არ ჩატარებულა, არც ვინმე გამოუკითხავთ. გარდა ამისა, არც საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ინფორმაცია გამოუთხოვიათ და არც ბავშვების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნულა.
ანგარიშის თანახმად, დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა ამ დრომდე არ არსებობს
დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს დიდი ზომის პანსიონების დახურვისა და დეინსტიტუციონალიზაციის ვალდებულება აქვს, მას ამ დრომდე რაიმე კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო „ხშირად, ინფორმირებულიც კი არ არის იმ საჭიროებების შესახებ, რაც შეიძლება პანსიონში მცხოვრებ ბავშვს ჰქონდეს“. „მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფო უწყებები ვერ ახერხებენ დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას არასრულწლოვანთა დაცვის მინიმალური გარანტიების შესაქმნელად“.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეძლო ამგვარი დაწესებულებიდან ყველა ბენეფიციარის გაყვანა. ამასთან, დოკუმენტში წუხილია გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს მიმდინარე წლის ივნისში დაავალა.
ასევე წაიკითხეთ:
- ომბუდსმენი და ეკლესია ნინოწმინდის პანსიონში ერთობლივ ვიზიტზე შეთანხმდნენ
- ნინოწმინდის პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებს
- ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში კვლავ არ შეუშვეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)