აშშ-ის ელჩი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისმა დღეს შეშფოთება გამოხატეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების ინიციატივასთან დაკავშირებით.

ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნება. პარლამენტი, კანონპროექტს დაჩქარებული წესით, სავარაუდოდ, 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე განიხილავს.

ელჩმა დეგნანმა  27 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესი „უდიდეს შეშფოთებას“ იწვევს. „ის დაჩქარებული წესით განხორციელდა არა მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებთან, არამედ თავად სახელმწიფო ინსპექტორთან ყოველგვარი კონსულტაციის, ასევე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გარეშე“.

მისი თქმით, ყველაზე შემაშფოთებელი და რთული ასახსნელია ის დებულება, რომელიც მარტიდან ყველა მოქმედი თანამშრომლობის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

„ესენი არიან ექსპერტები, რომლებიც საკუთარ სამუშაოს რამდენიმე წელია ისე ახორციელებდნენ, რომ პარლამენტს არანაირი პრეტენზიები ან კითხვები არ გასჩენია“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა და დასძინა, რომ პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე საზედამხედველო ფუნქცია გააჩნია. ელჩის თქმით, ეს იქნება გამოცდილების და ნიჭის რეალური დანაკარგი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ორგანოში.

აშშ-ის ელჩმა პარლამენტს ნაჩქარევი პროცესის შენელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის ნაცვლად, უმჯობესია ყველა დაიტერესებულ მხარესთან  სათანადო, ინკლუზიური და გამჭირვალე კონსულტაციები გაიმართოს და ისეთი მიდგომა შემუშავდეს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეალურ გაუმჯობესებას დაეხმარება.

მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას „რთული“, თუმცა „ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ზოგჯერ ადამიანებს არ მოსწონთ“ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიების შედეგები.

დღესვე, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისმა „წამების აღკვეთასა და პირადი ცხოვრების დაცვაში მნიშვნელოვანი როლის მქონე დამოუკიდებელი ინსტიტუტის“ გაუქმების ინიციატივის თაობაზე „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა. მან ინიციატივის გაუქმებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ინიციატივას, რომელსაც არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას კრიტიკა მოჰყვა, წინ უძღვოდა ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანისას შესაძლო არაადამიანური მოპყრობაზე გამოძიების დაწყება.

ამასთან, სამსახურმა აგრეთვე დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოებისა და ფოტოების გამოქვეყნებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი დაარღვიეს.

თოლორაიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არის სამსახურის „დასჯა“ დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის და სხვადასხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო. იმავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება „უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)