უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი სასამართლოზე „თავდასხმების“ აკრძალვას ემხრობა
უზენაეს სასამართლოსი ბოლო ვაკანტურ ადგილზე ნომინირებულმა კანდიდატმა, ამირან ძაბუნიძემ 28 დეკემბერს, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე თქვა, რომ სასამართლო სისტემაზე „ზღვარგადასული თავდასხმების“ თავიდან ასაცილებლად საქართველოს შეუძლია, რომ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს.
ქართული ოცნების დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის კითხვის საპასუხოდ, მოსამართლეობის კანდიდატმა თქვა, რომ სასამართლოს წინააღმდეგ „აგორებული“ კამპანია „მიუღებელია“ და განმარტა, რომ „ადამიანის უფლებათა კონვენციის გამოხატვის თავისუფლების მე-10 მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება ამდაგვარი გამოხატვა, თუ სასამართლოსთან დაკავშირებით ხდება, შეიზღუდოს“.
მისივე თქმით, სასამართლოში მიმდინარე პროცესები მედიაში არ უნდა განიხილებოდეს, რადგანაც „არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების აზრის ფორმირება წინასწარ და ამით გავლენას ახდენენ მოსამართლეზე და მის მიერ განსახილველ საქმეზე“.
მანვე მოსამართლეთა ქცევის „ბანგალორის პრინციპებზეც“ მიუთითა და თქვა, რომ „საზოგადოებაში, ქვეყანაში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოსამართლე არ უნდა აფიქსირებდეს თავის პოზიციას“.
პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 4 ნოემბერის განცხადებაზე მისი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა, სადაც კომიტეტმა ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო გააკრიტიკა. კოლეგების ამ განცხადებას ათზე მეტი მოსამართლე გაემიჯნა.
ძაბუნიძემ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი არც კომიტეტის წევრია და არც ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი, იგი მის სულისკვეთებას იზიარებს, რადგანაც განცხადებაში მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრება იყო ჩამოყალიბებული და განმარტებული იყო ის, რაც კანონში წერია.
იმ კოლეგებზე საუბრისას, რომლებიც მაშინ კომიტეტის განცხადებას გაემიჯნენ, ძაბუნიძემ თქვა, რომ ზოგიერთი მათგანის განცხადება არ იყო ზომიერი და დაბალანსებული. თუმცა, მისივე თქმით, მას ამ განცხადებების ხელახლა წაკითხვა და ანალიზი დასჭირდება, იმაში გასარკვევად, დაარღვიეს თუ არა მისმა კოლეგებმა „ბანგალორის პრინციპები“.
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა კომენტარი იმის თაობაზე, რომ მოსამართლეებმა თავიანთი მოსაზრებების საჯაროდ თქმისგან თავი უნდა შეიკავონ, იმ ფონზე გააკეთა, რაც მმართველი პარტია ცდილობს დაჩქარებული წესით მიიღოს კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეებს დაუბალანსებელი, არაზომიერი ან პოლიტიკურად მიკერძოებული მოსაზრებების გამოთქმისთვის დისციპლინურ სანქციებს დააკისრებს.
„ბანგალორის პრინციპების“ მიხედვით, „მიუკერძოებლობა არის მნიშვნელოვანი სასამართლო უფლებამოსილების ჯეროვნად განსახორციელებლად“. ამასთან, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს რომ მისი ქცევა როგორც სასამართლოში, ასევე მის გარეთ „იცავდეს და ამაღლებდეს მოსამართლის და სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ ნდობას, როგორც საზოგადოების, ასევე იურიდიული პროფესიების და მხარეების მხრიდან“.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება, სხვა რამდენიმე შემთხვევასთან ერთად, შეიძლება შეიზღუდოს, „სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.
46 წლის ამირან ძაბუნიძე ამჟამად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია. 2019 წელს, იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატს შორისაც მოხვდა. თუმცა, მაშინ, საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი კანდიდატურა პარლამენტს აღარ წარუდგინა. საპარლამენტო მოსმენაზე ძაბუნიძემ განმარტა, რომ მან მოხსნა კანდიდატურა, რადგანაც მიიჩნევდა, რომ „საჯარო გამოსვლისთვის“ მზად არ იყო.
ძაბუნიძემ 1997 წელს თბილისის ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა, სამართალმცოდნეობა-მენეჯმენტის სპეციალობით. ძაბუნიძის თქმით, უნივერსტიტეტმა 2005 წელს აკრედიტაცია ვეღარ მიიღო.
2011-2013 წლებში იგი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო, 2013-2015 წლებში კი – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე. 2015 წლის დეკემბრიდან ძაბუნიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.
ასევე წაიკითხეთ:
- სადავო კანონპროექტი „გაუწონასწორებელი“ მოსაზრებებისთვის მოსამართლეთა დასჯას ითვალისწინებს
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის ბოლო ვაკანტურ ადგილზე კანდიდატი შეარჩია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)