სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა და რამდენიმე უცხოელმა დიპლომატმა შეშფოთება გამოხატეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივის გამო.

დუნია მიატოვიჩმა 28 დეკემბერს მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ თავი შეიკავოს კანონპროექტის დაჩქარებული წესით და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე მიღებისგან. მისი თქმით, მიღების შემთხვევაში, ინიციატივა „მხოლოდ დაასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას“.

იმავდროულად, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო „კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საკვანძო ინსტიტუტი“.

„ვინაიდან შეიძლება არსებობდეს მიზეზი, რომ საკანონმდებლო წესით გაუმჯობესდეს საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეკისრება, ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით“, – განაცხადა რუისმა.

აღნიშნა რა, რომ ევროკავშირი ჩართული იყო ამ სამსახურის შექმნაში და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების ინვესტირება მოახდინა, რუისმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ევროკავშირის წარმომადგენლების პარლამენტთან ურთიერთქმედება შესაძლებელი არ აღმოჩნდა“.

სამსახურის გაუქმების ინიციატივაზე, ასევე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანაზე საუბრისას, ასუნსიონ სანჩეს რუისმა განაცხადა, რომ „ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა და დამოუკიდებლობა არსებითია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების სათანადო განხორციელების და საქართველოს ევროპული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია“.

საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა 28 დეკემბერს გაიზიარა წუხილები ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ როდესაც საქმე დემოკრატიის ძირითად პრინციპებს ეხება, „მოვუწოდებთ, რომ რეფორმები გატარდეს ფრთხილად, ფართო კონსულტაციების გზით,  შესაბამისი გარდამავალი პერიოდით”.

ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაგეგმილი გაუქმების გარემოებები, თანამშრომლების გათავისუფლებისა და ამ დაჩქარებული ქმედებისთვის შერჩეული დრო შემაშფოთებელია“.

ნიდერლანდების ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა და შვედეთის ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებებში ამ ტიპის ინიციატივებზე გამჭვირვალობისა და ფართო კონსულტაციების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ნორვეგიის ელჩმა, ჰელენ სანდ ანდრესენმა პარლამენტს „ინკლუზიური და გააზრებული მიდგომის“ არჩევისკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელი ინსტიტუტის როლი შეასრულოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი აქტივია საქართველოს დემოკრატიისთვის.

მანამდე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისმა ასევე გამოხატეს შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით.


24 დეკემბერს მედიასაშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დეპუტატებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და სანაცვლოდ, ორი ახალი ორგანოს – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნას ითვალისწინებს.

ქართული ოცნების დეპუტატებმა 27 დეკემბერს ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყეს, რასაც ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას და სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ინიციატივას წინ უძღვოდა ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანისას შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე გამოძიების დაწყება. ამასთან, სამსახურმა აგრეთვე დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოებისა და ფოტოების გამოქვეყნებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი დაარღვიეს.

ამჟამად, სახელმწიფო ინსპექტორი კვლავ იძიებს სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაჰუმანურ მოპყრობას, ნოემბერში რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის დროს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)